
უდავოა, რომ საქართველოში სკოლების დეცენტრალიზაცია ისე წარმატებით არ განხორციელდა, როგორც იგეგმებოდა. როდესაც 2005 წელს სამეურვეო საბჭოები ჩამოყალიბდა, გაჩნდა იმედი, რომ ეს ახალი, საზოგადოების წინაშე გაზრდილი ანგარიშვალდებულებისა და სკოლის ცხოვრებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული ეპოქის დაწყებას მოასწავებდა. ამის ნაცვლად ბევრ სკოლაში საბჭოების ჩამოყალიბების შედეგად შექმნილი ახალი შესაძლებლობები მასწავლებლებმა და მშობლებმა ვერ გამოიყენეს. მთავრობა ამას, ერთი მხრივ, პედაგოგ-მასწავლებელთა თანამედროვე იდეების ადაპტირების უნარის ნაკლებობას და, მეორე მხრივ, მშობელთა სასკოლო პროცესებში ჩართულობის კულტურის არარსებობას აბრალებს.