ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო „რეკეტი“

Print this pagePrint this pageSend
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილმა ინფორმაციამ საინტერესო მონაცემები გამოაშკარავა. როგორც აღმოჩნდა, 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ − ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ, ასევე − უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.

ინფორმაციის დამუშავების პროცესში რამდენიმე საეჭვო შემთხვევაც გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირადღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად მიყიდვის „სურვილი“ სახელმწიფო კომპანიებისა და მუნიციპალიტეტებს თვითმმართველ ქალაქების გარდა, მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც უჩნდებოდა.

2004-2005 წლები

ამ პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. სხვა ფიზიკურმა პირმა კი გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, უსასყიდლოდ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა. შპს კორპორაცია „ივერია პლიუსმა“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8 496 კვ.მ. 2 000 000 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს „სნაიპერმა“ 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო“ აჩუქა სახელმწიფოს. შპს „ოლიმპმა“ სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული შენობა-ნაგებობების მისამართად დოკუმენტებში მითითებულია აღმაშენებლის გამზირი, #73 (ვარდების ბაღის ტერიტორია).

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა, როდესაც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგალითად, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMW მარკის ავტომობილი აჩუქა).

2006 წელი

კომპანია „მათე მოტორსმა“ 66 497 ლარის ღირებულების „ტოიტა პრადო“ გადასცა სახელმწიფოს. საქველმოქმედო ფონდმა „ცისკარი“ 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო შპს „Melvale Corporatin“-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს. საქართველოს სპორტულმა საზოგადოება „მართვემ“ კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული, თბილისში, ცოტნე დადიანის #134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში, შპს „გოგირდის აბანომ“ 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ-ერთი ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება - 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში დადიანის ქუჩა #28-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 412 კვ.მ. და მისი მიწის ნაკვეთი ფართით 566 კვ.მ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

2006 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ ქონებაში ფიგურირებს რიყის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ჩუქების ფაქტებიც. ამ ტერიტორიაზე უძრავ ქონებას სახელმწიფოს როგორც ფიზიკური, ასევე − იურიდიული პირებიც ჩუქნიდნენ.

შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე, 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს „ნატვრის ხემ“ კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა სახელმწიფოს.

2007 წელი

2007 წელს რამდენიმე თვალსჩინო ჩუქება განხორციელდა. შპს „ჯორჯიან ეარვეისმა“ 3 182 924 ლარის ღირებულების TOYOTA PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს კავშირმა „თანადგომა XXI საუკუნემ“ 18 351 165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

2007 წელს გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ფიზიკური პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავ ქონებას. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს (იხ. ცხრილები).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ აგრძელებს სახელმწიფოსთვის კერძო პირების მიერ ნაჩუქარი ქონების შესწავლას. აქვე ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებისთვის.

გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასიური გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაზარალებულ პირს მიმართოს ჩვენს სამართლებრივი დახმარების ცენტრს და გაიაროს შესაბამისი კონსულტაციები.   

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველომ“ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს პერიოდს 2004-2013 წლის მარტამდე. ამ დროისთვის ორგანიზაციის თანამშრომლები ამუშავებენ მიღებული ინფორმაციის მეორე ნაწილს და უახლოეს მომავალში გამოქვეყნებენ შესაბამის შედეგებს.  

 

სახელმწიფოსათვის ჩუქების ფორმით გადაცემული ქონება (2004-2005)

სახელმწიფოსათვის ჩუქების ფორმით გადაცემული ქონება (2006)

სახელმწიფოსათვის ჩუქების ფორმით გადაცემული ქონება (2007)