პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა: ფაქტების შემოწმება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ „Financial Times”–მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა. ჩვენ შევამოწმეთ „Financial Times“–ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და ვერ მოვძებნეთ პრეზიდენტის განცხადების დამადასტურტებელი სტატია. პრეზიდენტი სავარაუდოდ გულისხმობდა „Financial Times“-ში დაბეჭდილ რეკლამას, რომლის საფასურიც საქართველოს მთავრობამ გადაიხადა და რაც მიზნად უცხოური ინვესტიიების მოზიდვას ისახავდა. 2011 წლის 28 იანვარს „Financial Times“–მა თავისი გამოცემის მე–7 გვერდი მთლიანად დაუთმო ზემოხსენებულ რეკლამას. "საქართველო - მსოფლიო ნომერი 1 კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით"–აცხადებს რეკლამა. რეკლამის ფასი,„Financial Times“–ის ფასების პრეისკურანტის თანახმად, სავარაუდოდ 99,600 ფუნტი სტერლინგია, რაც მიახლოებით 282,000 ლარია. რეკლამა გამოვიდა „Financial Times“–ის ევროპულ და ბრიტანულ გამოცემებში. გაზეთის გლობალურ გამოცემაში რეკლამის განთავსება მის ფასს 135,500 ფუნტ სტერლინგამდე გაზრდიდა(387,000 ლარი). იგივე რეკლამა დაიბეჭდა „Wall street journal”–ის მე–7 გვერდზე 28 იანვარს, სადაც ფასების პრეისკურანტის მიხედვით რეკლამის მთელს გვერდზე განთავსება 345,662 ამერიკული დოლარი (614,000 ლარი) ჯდება და ასევე “Economist”-ში (90,900 ფუნტი სტერლინგი/260,000 ლარი). რეკლამის ტექსტი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის „გლობალური ბარომეტრის“ შედეგებიდან გამომდინარე შეიქმნა. საქართველოს მთავრობა რეკლამის ტექსტის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინასწარ შეუთანხმდა.