თბილისის მერიის რეკლამა: „გიგიმ ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს“

Print this pagePrint this pageSend
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

 

ეს სიტყვები მერიის ვაუჩერის რეკლამიდანაა, რომელიც თბილისელებისთვის კომუნალური მომსახურებისთვის გადაცემულ ვაუჩერს და მისი გამოყენების წესს ეხება. რეკლამა რუსთავი 2-სა და ტელეიმედზე გადის. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი შეიძლება აღქმულ იქნას ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებად.

ვიდეორგოლი ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, სადაც მთავარი მოქმედი პირი ქალაქის მერია. მართალია, რეკლამაში მოცემულია ინფორმაცია ვაუჩერის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა აქცენტი არაა მხოლოდ ვაუჩერზე, მოქმედი გმირები ხაზგასმით გამოხატავენ მადლიერებას, რომელიც მერიის და კონკრეტულად გიგი უგულავას მიმართ აქვთ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მოქმედი პირი პირდაპირ აცხადებს: „გიგიმ ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს“. ეს კი კონკრეტული ადამიანის რეკლამირებაა და არა – ფაქტის, ადმინისტრაციული ორგანოს ან მისი პროექტის, რაც სწორედ პოლიტიკური რეკლამის დამახასიათებელი ნიშანია. გარდა ამისა, გიგი უგულავა არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც თავისთავად აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები.

აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებს გაწეული საქმიანობის შესახებ ვიდეო თუ სხვა ტიპის რგოლების დამზადება და მათი მედიასაშუალებებში განთავსება არ ეკრძალებათ. თუმცა, მიუღებელია, ასეთი ვიდეორგოლი თავისი არსით პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს და ამ გზით საჯარო ფინანსური რესურსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ხდებოდეს. ასეთი ქმედება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად (მათ შორის, პოლიტიკური/საარჩევნო მიზნებით) გამოყენების მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, კანონის შესაბამისად, დაწყებული არ არის, როგორც ჩანს, პოლიტიკური სუბიექტები უკვე ემზადებიან მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ცხადია, კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერები ამომრჩევლებისათვის ასოცირდებიან თავად პოლიტიკურ ძალასთან და, სწორედ ამიტომ ნებისმიერი ვიდეორგოლი, რომელშიც ფარული პოლიტიკური რეკლამაა ჩადებული, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებად და უკანონო რეკლამად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც პოლიტიკური რეკლამის განთავსების რეგულირება ვრცელდება წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდეც.

ამასთანავე, საჯარო ფინანსების პარტიული მიზნით გამოყენება, ადმინისტრაციული რესურსების რეგულაციის გარდა, პარტიების დაფინანსების რეგულაციაშიც ხვდება, რომლის თანახმადაც, უფასოდ მომსახურების გაწევა (ამ შემთხვევაში, რეკლამის დამზადება, განთავსება) შემოწირულებად შეიძლება ჩაითვალოს. სახელმწიფო დაწესებულებებს კი ასეთი შემოწირულების განხორციელების უფლება არ აქვთ.

ცნობისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გასულ წელსაც ამახვილებდა ყურადღებას საჯარო დაწესებულების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო შინაარსის მქონე რეკლამების განთავსების საგანგაშო ტენდენციაზე.

მივმართავთ:

  • საჯარო დაწესებულებებს, არ დაარღვიონ კანონი და არ გამოიყენონ საჯარო ფინანსური რესურსები არამიზნობრივად;
  • მედიასაშუალებებს, მეტი ყურადღება მიაქციონ რეკლამის სახით გასულ ვიდეო და სხვა ტიპის პროდუქციას და მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ყურადღება მიაქციოს პოლიტიკური რეკლამის საკითხს და მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არ გამოიყენონ საჯარო რესურსები პარტიული მიზნებისთვის;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ეს შემთხვევა და მოახდინოს სათანადო რეაგირება.