ENG

1000-ლარიანი ხეები ბარათაშვილზე - თბილისის მერიის ექსკლუზიური ტენდერი

24 აპრილი, 2012

განახლება 10.05.2012: თბილისის მერია აუქმებს კომპანია „გრინსერვისთან” დადებულ ხელშეკრულებებს და საქმეს სამართალდამცავ ორგანოებს უგზავნის დამატებითი შესწავლისთვის.

ალბათ ბევრი თბილისელი შეამჩნევდა, რომ ბოლო დღეებში ბარათაშვილის ქუჩაზე კვიპაროსების დარგვა მიმდინარეობს. ეს ამბავი აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებშიც. მაგალითად, ორგანიზაციის Safe Space ცნობით, ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ კვიპაროსების დარგვის პარალელურად მათ მიერ ადრე დარგული ხეების მოჭრის გამო. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი ხეების დასარგავად 225 000 ლარი გამოყო.

ჩვენი ყურადღება სწორედ აღნიშნულმა თანხამ მიიპყრო და გადავწყვიტეთ, რომ შესაბამის სატენდერო დოკუმენტაციას გავცნობოდით. როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი ბარათაშვილის ქუჩაზე დასარგავი ხე-მცენარეების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიას განზრახული ჰქონდა შეესყიდა 120 ცალი კვიპაროსის ნერგი. ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული იყო კვიპაროსის კონკრეტული სახეობა - Cupressus Pyramidalis (სამი მცენარის თანაშეზრდით მიღებული ნერგი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 225 000 ლარი იყო დასახელებული.

ასეთი მცენარის მიწოდების სურვილი თუ საშუალება საქართველოში ერთადერთ კომპანიას, შპს “გრინსერვისს” აღმოაჩნდა და ტენდერშიც მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა. სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, შპს “გრინსერვისის” მფლობელები ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე არიან. ლაშა ფურცხვანიძე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ხოლო კობა ხარშილაძე - იმავე რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, “გრინსერვისს” 2010 წლიდან დღემდე 17 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის ამ პერიოდში გადახდილი თანხა 4 მილიონ ლარს აღემატება (2010 წლამდე ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში არ მოიპოვება).

“გრინსერვისის” პირველადი შეთავაზება მერიის მიერ გამოცხადებული სავარაუდო ღირებულების იდენტური აღმოჩნდა. რადგანაც “გრინსერვისს” ტენდერში კონკურენტი არ ჰყავდა, ეს თანხა (225 000 ლარი) შემდგომში არ შეცვლილა. თბილისის მერიასა და “გრინსერვისს” შორის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მერიამ კვიპაროსის თითო ნერგში “გრინსერვისს” 990 ლარი გადაუხადა - სულ 118 800 ლარი 120 ნერგის სანაცვლოდ.

გადავწყვიტეთ დაგვედგინა, თუ რა ფასს იხდიდა თბილისის მერია მსგავს საქონელში სხვა შემთხვევებში. შედარებისთვის ავიღეთ მერიის მიერ ამა წლის 30 იანვარს ერთ-ერთ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგების შესყიდვის თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად მერიამ 5000 ცალი სხვადასხვა ჯიშის ნერგი იყიდა (კვიპაროსი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, კედარი, ფიჭვი, იფანი), ხოლო ერთი ნერგის მაქსიმალური ფასი 30 ლარი იყო, ანუ 33-ჯერ ნაკლები, ვიდრე ბარათაშვილის ქუჩის ტენდერის შემთხვევაში. მერიას ბარათაშვილის ქუჩისთვის მსგავსი ღირებულების ხეები რომ შეეძინა, შესყიდვის საერთო თანხა 118 800 ლარის ნაცვლად 3600 ლარი იქნებოდა და ქალაქს 115 200 ლარი დაეზოგებოდა.

შესაძლოა არსებობს გონივრული მიზეზი, რის გამოც თბილისის მერიამ ბარათაშვილის ქუჩაზე ასეთი ძვირადღირებული ხეების დარგვა გადაწყვიტა. ამიტომაც საინტერესო იქნებოდა მერიის განმარტების მოსმენა ამის შესახებ.

Author: “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”