ENG

2011 - 2016 წლებში კახეთში სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული ქონება

02 აგვისტო, 2016

 

2016 წლის 20 ივნისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველი თემი თელავის საკრებულომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნა თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში სკვერის გადაცემაზე. აღნიშნული ტერიტორია ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის წერილის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა.

საკრებულოს განმარტებით, ქონების მოთხოვნის შესახებ საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ წერილში, არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა მიზნებისთვის ითხოვდა რელიგიური ორგანიზაცია ქონებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ  პარკი მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას წარმოადგენს და განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მუნიციპალიტეტს არ აქვს გასხვისების უფლება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე თელავის საკრებულომ ქონების მართვის სააგენტოს თხოვნა საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დაინტერესდა, თუ რამდენად მიზნობრივად და დასაბუთებულად ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. კვლევამ მოიცვა კახეთის რეგიონი - გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ივნისის ჩათვლით, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული უძრავი ქონების შესახებ.

მოწოდებული ინფორმაციიდან ვარკვევთ, რომ ქონება გადაცემული აქვთ მხოლოდ 2 რელიგიურ ორგანიზაციას: საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. აქედან მუსლიმთა სამმართველოს ქონება გადაცემული აქვს 49 წლიანი იჯარით, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას ქონება გადაეცა საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

2011 წლიდან დღემდე კახეთის 9 მუნიციპალიტეტში სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ გადაცემული აქვს 11 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 185 784კვ.მ. და მასზე არსებული შენობა ნაგებობები საერთო ფართობით 3 406.58კვ.მ.

გადაცემული მიწის ნაკვეთების გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია:

 

                                                                                                                                                   საქართველოს საპატრიარქო

მუნიციპალიტეტი

ობიექტების რაოდენობა

დედოფლისწყარო

1

გურჯაანი

3

ყვარელი

1

სიღნაღი

1

ახმეტა

3

საგარეჯო

1

ლაგოდეხი

1


2014 წლის 31 დეკემბერს, სრულიად საქართველოს შეიხის განცხადების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 49 წლით სარგებლობის ვადით გადასცა 21 რელიგიური დანიშნულების ობიექტი (მეჩეთი) საერთო ფართობით 25426კვ.მ.

ობიექტების გადანაწილება რეგიონში ასეთია:

                                                                                                                                          საქართველოს მუსლიმთა კავშირი

მუნიციპალიტეტი

ობიექტების რაოდენობა

ლაგოდეხი

4

საგარეჯო

8

საგარეჯო

7

თელავი

1

ყვარელი

1


მიღებული წერილებიდან ჩანს, რომ საქართველოს მუსლიმთა კავშირი შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთების გადაცემას მხოლოდ რელიგიური დანიშნულებისთვის ითხოვს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კახეთში გადაცემული მიწის ნაკვეთებიდან კი მხოლოდ გურჯაანში, ლაგოდეხსა და ახმეტაში აშენდა/განახლდა რელიგიური დანიშნულების ობიექტები. დანარჩენ შემთხვევებში კი ქონება რელიგიურ ორგანიზაციას სამეწარმეო, სამეურნეო ან/და საცხოვრებელი დანიშნულებით გადაეცა, კერძოდ რელიგიური დანიშნულებისთვის გადაეცათ შემდეგი ობიექტები:

  • ლაგოდეხში, სოფელ ჩადუგიანში ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით საპატრიარქომ 2015 წლის 27 მარტს მოითხოვა 3423კვ.მ. მიწის გადაცემა. განცხადება წერილის გაგზავნიდან 1 კვირაში 2015 წლის 3 მარტს დაკმაყოფილდა;
  • ასევე გურჯაანში, სააგენტომ 2015 წლის 25 მაისს, საპატრიარქოს 2015 წლის 22 აპრილის მიმართვის საფუძველზე, თამარ მეფის ქ.N9-ში მდებარე 1156 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს ეკლესიის აშენების მიზნით გადასცა.

  • ეპისკოპოს იაკობის 2014 წლის 9 ივლისის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში არსებული ძველი დაზიანებული ეკლესია და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა უკვე ალავერდის ეპარქიის მფლობელობაშია. ეპისკოპოსის თქმით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სავარაუდოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ზონას, სადაც ისტორიული შენობების ნაშთებია განთავსებული (საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წერილს არ ერთვის ექსპერტის დასკვნა). აღნიშნულ  გარემოებათა საფუძველზე, საპატრიარქომ მოითხოვა 2 მიწის ნაკვეთის (საერთო ფართობით 103072კვ.მ.) საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული მიმართვა იმავე წლის 7 აგვისტოს დაკმაყოფილდა.

სამეწარმეო და სხვა დანიშნულებისთვის გადაეცათ სხვა ობიექტები:

  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მარნის გაფართოების მიზნით, საპატრიარქოს მიერ 2014 წლის 14 მაისს მოთხოვნილი იქნა 2574კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 190კვ.მ. განაშენიანების ფართი (ყოფილი მეურნეობის საწყობები). ორგანიზაციის მოთხოვნა 23 ივლისს დაკმაყოფილდა.

  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მამათა მონასტრის წერილის თანახმად, მონასტერი აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და გაფართოებისთვის ესაჭიროება 20 325კვ.მ. ფართობი. 2014 წლის 17 ნოემბრის განცხადება იმავე წლის 19 დეკემბერს დაკმაყოფილდა;

  • 2015 წლის 21 ივლისს, საპატრიარქომ ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართა, ეპარქიის რეზიდენციის მოსაწყობად გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა N10-ში მდებარე 3 220კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 460კვ.მ. შენობა-ნაგებობის გადაცემის მოთხოვნით. განცხადება 2015 წლის 25 აგვისტოს დაკმაყოფილდა.

შემთხვევები, როცა ქონების გადაცემის მოთხოვნა დაუსაბუთებელია:

  • სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთვის 2012 წლის 23 აპრილს გაგზავნილ წერილში საქართველოს საპატრიარქო არ მიუთითებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში მოთხოვნილი 8311კვ.მ. მიწის და მასზე არსებული შენობა ნაგებობებს მოთხოვნის საფუძველს. ამის მიუხედავად, ორგანიზაციის მოთხოვნა იმავე დღეს დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ობიექტი განლაგებულია გრემის ეკლესიის და ისტორიული სავაჭრო ქალაქის ტერიტორიაზე და წარმოადგენს რეგონისთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს. ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, 2011 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა: აღდგა გრემის ისტორიული აბანოები, რესტავრაცია ჩაუტარდა ქულბაქებს, ძველ ეკლესიას, აღდგენილია და პირვანდელი სახე დაუბრუნდა გრემის ისტორიულ სავაჭრო უბანს. აშენდა კაფე-ბარი და სასტუმრო კომპლექსი, მოგვიანებით განახლებული ინფრასტრუქტურა და მთელი ტერიტორია, როგორც ზევით აღვნიშნეთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

  • მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან 2014 წლის 12 მარტს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 12 ობიექტის (მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები) საპატრიარქოსთვის გადაცემა. მიუხედავად მიმართვის დაუსაბუთებლობისა, რელიგიური ორგანიზაციის მოთხოვნა 3 კვირაში (4 აპრილს)  დაკმაყოფილდა.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“