ENG

2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა

24 თებერვალი, 2015

 

23 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 12%-ით აპირებს. გთავაზობთ ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების შესახებ.

2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.

2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად.

ტენდერების გზით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების[1]  შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ. ლარი) და 2014 (55.8 მლნ. ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი, 31.7 მლნ. ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რომელთა დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ. ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია.

გამარტივებული შესყიდვების საშუალებით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 29.9 მლნ. ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს ან გადაცვალეს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დანახარჯებმა იკლო და 9.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4.7 მლნ. ლარად 67 ერთეული „ტოიოტა ქემრი” შეიძინა. ეს შესყიდვა 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისში გასამართი შეხვედრის ორგანიზების მიზნით განხორციელდა.

ამასთან, გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მანქანების შესყიდვისა და გამოყენების პრაქტიკა. როგორც ჩვენ ვნახეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ავტომანქანების გამოყენება თანამდებობის პირების მიერ მკაცრად და ზედმიწევნით რეგულირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს კანონები, რომლებიც არეგულირებს ოფიციალურ პირთა ტრანსპორტის გამოყენებას, თუმცა, არ არის ნათელი, თუ რამდენად თანმიმდევრულადაა დაცული ეს კანონები და ახლაც ძალაშია თუ არა ბევრი ასეთი კანონი.

[1] მსუბუქი ავტომანქანები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები 10-ზე მეტი ადამიანის გადასაყვანად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები საქონლის ტრანსპორტირებისათვის, მძიმე სატვირთო მანქანები, სიმულატორები.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“