2013 წლის პირველ თვეებში ტელევიზიების შემოსავლებმა იკლო
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში მყოფი „მეცხრე არხი” პირველი სექტემბრიდან იხურება, თუ მას უახლოეს დღეებში მყიდველი არ გამოუჩნდა. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის არხის გაყიდვას ბოლო ათი თვის მანძილზე ცდილობდა, თუმცა, არხის თანამშრომლების თქმით, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ ორშაბათს შეიტყვეს, რომ ახალი სამსახურის ძიებას უნდა შეუდგნენ.
თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ასეთი მოკლე ვადა საკმარისი იყოს შესაფერისი ინვესტორის მოსაძიებლად. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც “მეცხრე არხმა” არსებობის მანძილზე ვერ შეძლო მნიშვნელოვანი სარეკლამო შემოსავლების მოზიდვა და უმეტესად მფლობელის (არადეკლარირებული) შემოწირულობებით გაჰქონდა თავი. შედარებისთვის, 2013 წლის იანვარი-მაისის პერიოდში “მეცხრე არხმა” მხოლოდ 379,333 ლარის შემოსავლები მიიღო (აქედან 312,827 ლარი სარეკლამო შემოსავალია), მაშინ როცა „მაესტრომ“ ამავე პერიოდში 1.3 მილიონი ლარის შემოსავლების (მთლიანად რეკლამიდან) მოზიდვა შეძლო. წლის დასაწყისში დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირებული სარეკლამო ბაზარი დამატებითი გამოწვევა იქნება “მეცხრე არხის” ფინანსურად მდგრად ბიზნესად გარდაქმნის პროცესში.
რა მოცულობის შემოსავლების დეკლარირება მოახდინეს სხვა ტელევიზიებმა?
2013 წლის თებარვალი-მაისის პერიოდში კერძო ტელევიზიებმა 21,751,009 ლარის ოდენობის შემოსავლის დეკლარირება მოახდინეს, რაც წინა წლის იმავე თვეების შემოსავლებს, დაახლოებით, 4.3 მილიონი ლარით ჩამოუვარდება. აღნიშნული თანხების 93% ტელეკომპანიებმა სარეკლამო შემოსავლებიდან მიიღეს. ასე გამოიყურება საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიისგან მიღებული მონაცემები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოითხოვა. შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ყოველთვიურად მარეგულირებელ კომისიაში შემოსავლების დეკლარირება ევალებათ.
როგორც აქამდეც აღვნიშნავდით, არსებობს ეჭვი, რომ ტელევიზიები, განსაკუთრებით კი „მეცხრე არხი“, რომელსაც პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფლობს, მარეგულირებელ კომისიაში არასრულ მონაცემებს წარადგენენ. კერძოდ, ისინი თავიანთ დეკლარაციებში არ აღრიცხავენ მფლობელების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს. ზოგიერთი ტელევიზია უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის მარეგულირებელს და შემოსავლებს რამდენიმე კატეგორიაში ანაწილებს (რეკლამა, სპონსორობა, გადაცემის განთავსება და საეთერო დროის გაყიდვა და ა.შ.) სხვა ტელევიზიები კი მხოლოდ მთლიან შემოსავალს წარადგენენ ან შემოსავლები ერთი კატეგორიიდან მეორეში გადააქვთ.
„რუსთავი 2” ყველაზე მაღალშემოსავლიან ტელევიზიად რჩება. 2013 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ტელეკომპანიამ 12.3 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავლის დეკლარირება მოახდინა, რომლის უდიდესი ნაწილიც სარეკლამო შემოსავლებს წარმოადგენს (9.6 მილიონი ლარი რეკლამიდან, 2.45 მილიონი ლარი სპონსორობიდან, 107,964 ლარი გადაცემის განთავსებიდან და საეთერო დროის გაყიდვიდან). ეს 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ან ზრდაზე მიუთითებს.
„იმედის” შემოსავლებმა ამავე პერიოდში 6,153,138 ლარი შეადგინა, (4.8 მილიონი ლარი რეკლამიდან და 1.3 მილიონი ლარი სპონსორობიდან.). 2012 წლის იანვარი-მაისის პერიოდთან შედარებით ეს 29%-იანი კლებაა.
ტელეარხების დეკლარირებული შემოსავალი (ლარებში)
არხი |
იანვარი-მაისი 2013 |
იანვარი-მაისი 2012 |
ცვლილება |
Rustavi2/ რუსთავი 2 |
12,262,925 |
9,304,421 |
+31% |
Imedi TV/ იმედი TV |
6,153,138 |
8,646,710 |
-29% |
Maestro/ მაესტრო |
1,345,954 |
414,050 |
+225% |
Tabula/ტაბულა |
1,103,562 |
- |
- |
TV9/ მე-9 არხი |
379,333 |
- |
- |
Channel 25/ 25-ე არხი |
271,105 |
248,664 |
+9% |
Kavkasia/ კავკასია |
256,111 |
431,052 |
-41% |
Trialeti/ თრიალეთი |
80,064 |
103,064 |
-22% |
TV 3 (RealTV/ რეალ TV) |
14,353 |
167,881 |
-91% |
„მაესტროს,” „კავკასიისა” და „მეცხრე არხის” შემოსავლები ბევრად ჩამორჩება ორი უმსხვილესი ტელევიზიის შემოსავლებს. „რუსთავი 2” და „იმედი” საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს, 2012 წელს კი ამ ორმა არხმა სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 63% მიიზიდა.
2013 წლის იანვრიდან მაისამდე „მაესტრომ” 1.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნული თანხა მთლიანად სარეკლამო შემოსავლებიდან იქნა მიღებული და ის სამჯერ მეტია 2012 წლის იმავე პერიოდის შემოსავლებზე. „მაესტროს” ახლა ორი არხი აქვს: ერთზე გასართობი და პოლიტიკური გადაცემები გადის, მეორე კი („მაესტრო 24”) საინფორმაციო ტელეარხია.
რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, „თრიალეთმა,” რომელიც გორში მაუწყებლობს და რომლის ერთ-ერთი მფლობელიც „მეცხრე არხია,” 80,064 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ბათუმის „25-ე არხმა” კი - 271,105 ლარი. (აქედან 185,000 ლარი სარეკლამო შემოსავლებია.)
„ტაბულამ” საცდელი მაუწყებლობა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო და თებერვლიდან მოყოლებული 1,104,562 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. აქედან, 924,932 ლარი მაისის შემოსავალია და, მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით, ის საეთერო დროის გაყიდვიდან და გადაცემის განთავსებიდანაა მიღებული.
შემოსავლების კლება სავარაუდოდ მთავრობის ცვლილებით გამოწვეული პოლიტიკური გაურკვევლობის შედეგია, რამაც კერძო სექტორის სარეკლამო დანახარჯების კლება და, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია. ამასთან, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ სარეკლამო კამპანია 2013 წელს დაგვიანებით დაიწყო, რაც ზოგიერთ ტელევიზიასა და სარეკლამო სააგენტოში მფლობელებისა და ხელმძღვანელობის ცვლილებებს უკავშირდებოდა.
გრაფიკები
https://docs.google.com/spreadsheet/pub?key=0AlZzGSs7RxkpdGNrQWpiXzlnVU5BaGRzUFg0NE5SUXc&output=html
მონაცემთა სრული ბაზა იხილეთ აქ
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიში: „საქართველოს სარეკლამო ბაზარი - ახლა უკვე კონკურენციის პირობებში?”
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.