ENG

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აჭარის მუნიციპალურ ა(ა)იპებში განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვა

03 თებერვალი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს კვლევას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ. ორგანიზაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტების მსგავს იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ კვლევები უკვე გამოაქვეყნა. ამჯერად მიმოვიხილავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ა(ა)იპებში არსებულ მდგომარეობას.

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოგიდგენთ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებს (კვლევა ეხება 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდე პერიოდს):

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 4007-დან 4415 საშტატო ერთეულამდე (408 საშტატო ერთეულით) გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 198 817 ლარით გაზარდა, რაც წლიურად დამატებით საშუალოდ 2,4 მილიონ ლარს შეადგენს*.  

  • რამდენიმე შემთხვევაში, ა(ა)იპებში განხორციელებული რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რასაც თან ახლდა თანამშრომელთა გათავისუფლება. თუმცა, რეორგანიზაციით გათვალისწინებული შტატების შემცირების ნაცვლად, საბოლოოდ გაიზარდა საშტატო ერთეულების რაოდენობა და შეიქმნა ახალი სტრუქტურებლი ერთეულები.

  • მას შემდეგ, რაც მერებს/გამგებლებს უფლებამოსილება მიენიჭათ ერთპიროვნულად დაენიშნათ ან გაეთავისუფლებინათ ა(ა)იპების დირექტორები, სხვადასხვა დროს დანიშნული დირექტორების მასობრივი გათავისუფლება  ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მოხდა, რამაც რიგ შემთხვევაში საკადრო ცვლილებების პოლიტიკური მოტივაციის ეჭვის საფუძველი გააჩინა; თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საერთო ჯამში 15 მუნიციპალური ა(ა)იპის დირექტორი გათავისუფლდა;

  • ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპებ-ში საშტატო ერთეულის მნიშვნელოვანი ზრდა (122 საშტატო ერთეული) ა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში’’ განხორციელდა;

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვის განმავლობაში გასაცემი ხელფასის ოდენობა შემცირდა მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში;

  • 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით, თვითმმართველ ქალაქ ბათუმში ა(ა)იპ-ების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა მოხდა უკვე არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში საშტატო ერთეულის ზრდა, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია სახელფასო საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებულმა 14 ა(ა)იპ-მა გარკვეული ცვლილებები განიცადა: 2014 წლის 26 ივნისს ა(ა)იპ ‘’ქალაქ ბათუმის მუნიციპალურ სასადილოს’’ სახელი შეეცვალა და ,,ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოდ’’ გადაკეთდა; ,,ბათუმის ისტორიული განვითარების ფონდს’’ ახალი სახელწოდება ,,ბათუმის განვითარების ფონდი’’ დაერქვა. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 13 თებერვლის განკარგულების საფუძველზე, განხორციელდა ა(ა)იპ ,,ბათუმის სცენის’’ და ა(ა)იპ ,,ქალაქ ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის’’ რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე ახალი ა(ა)იპ ,,ბათუმის კულტურის ცენტრის’’ შეიქმნა.

  • 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპებ-ის რაოდენობა გაიზარდა ერთით. 2014 წლის 15 ივნისის შემდგომ შეიქმნა ა(ა)იპი ‘’ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი ,,ქობულეთი’’. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რაოდენობა 39-ი ლარით, ხოლო ხელფასებზე გასაწევი ყოველთვიური საბიუჯეტო ხარჯები - 9910 ლარით გაიზარდა.

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ის რაოდენობა არ გაზრდილა, ასევე ექვსი საშტატო ერთეულით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა.

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ის რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა უკვე არსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირში “ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში” დასაქმებულთა რაოდენობა 60 საშტატო ერთეულით გაიზარდა.

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტიში ა(ა)იპებ-ის რაოდენობა გაიზარდა ერთით. 2014 წლის 15 ივნისის შემდეგ ა(ა)იპი ,,შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი’’ დაარსდა, სადაც ოთხი პირი დასაქმდა.

  • ხულოს მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც ა(ა)იპებ-ის რაოდენობა გაიზარდა ორი ერთეულით. არჩევნების შემდგომ ა(ა)იპი ,,ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი’’, ა(ა)იპ ,,ხულოს საფეხბურთო კლუბი ხიხანი’’დაარსდა, შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 77 საშტატო ერთეულით, რამაც ხელფასზე გასაწევი შესაბამისი საბიუჯეტო ხარჯი თვიურად 23 320 ლარით გაზარდა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპებ-ის რაოდენობა 46-იდან 50-მდე გაიზარდა.
 

dfsdf.jpg

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 408 საშტატო ერთეულით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა (218 საშტატო ერთეულით) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოხდა. ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ ხელვაჩაურში შემცირდა.  

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში შემავალ ა(ა)იპებ-ში შემცირდა მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხოლო ყოველთვიურად სახელფასო ფონდი 198,817 ლარით გაიზარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ში საშტატო ერთეული შემცირდა მხოლოდ ,,ბათუმის განვითარების ფონდში’’ ერთი საშტატო ერთეულით, ხოლო შტატების ყველაზე დიდი ზრდა 122 საშტატო ერთეულით ა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში’’ მოხდა, მთლიანობაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ში საშტატო ერთეული 218-ით ერთეულით გაიზარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ში სახელფასო ფონდზე გასაწევი ყოველთვიური საბიუჯეტო ხარჯი 134 910 ლარით გაიზარდა. სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ა(ა)იპ ‘’ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში’’ 55 220 ლარით, ასევე ა(ა)იპი ,,ბათუმის კულტურის ცენტრში’’, სადაც ყოველთვიური სახელფასო ფონდი 36 930 ლარით გაიზარდა.

დირექტორების გათავისუფლება ა(ა)იპებ-ში

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,) განხორციელებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის მერს (გამგებელს) მიენიჭა უფლებამოსილება საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამასთან, გარდა მოცემული უფლებამოსილებისა გამგებელი/მერი წარმოადგენს დამფუძნებელს/წევრს ა(ა)იპ - ებისათვის და ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას შესაბამისი იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნასა და განთავისუფლებაზე.

ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - საკრებულოების მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება მოჰყვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს #131 განკარგულებით, ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში და დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილება გადაეცა მერს.

ზემოაღნიშნულ ცვლილებებს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ა(ა)იპებ-ში დირექტორთა გათავისუფლება მოჰყვა. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 15 ივნისიდან დღემდე:

  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ოთხი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი გათავისუფლებულდა, ხოლო ერთი პირი გათავისუფლდა დირექტორის მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან;

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში გათავისუფლდნენ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრისა’’ და ,,ქობულეთის გამწვანების’’ დირექტორები;

  • 2014 წლის 17 სექტემბრისა და 2015 წლის 15 ივნისის ბრძანებებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპებ-ში განხორციელდა დირექტორთა მასობრივი გათავისუფლება. კერძოდ, ა(ა)იპების ,,სახელოვნებო სკოლის’’, ,,კულტურის ცენტრისა’’ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ და ,,ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის’’ დირექტორები გაათავისუფლეს;

  • ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ა(ა)იპებ-ის დირექტორთაგან გათავისუფლება არჩევნების შემდეგ შეეხო მხოლოდ ,,ქედის კულტურის ცენტრის’’ დირექტორს.

  • შუახევის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ში დირექტორთა თანამდებობიდან გათავისუფლებას საკმაოდ მასშტაბური სახე ჰქონდა. შუახევის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არჩევნებამდე შედიოდა ექვსი ა(ა)იპი და შესაბამისად ექვსი დირექტორი, ხოლო არჩევნების შემდგომ ეს რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ბრძანებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პერიოდში, კერძოდ 2014 წლის ოქტომბერში, თანამდებობიდან გათავისუფლდა არჩევნებამდე არსებული ექვსივე ა(ა)იპ-ის დირექტორი.

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში დირექტორთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ არის მითითებული.

ა(ა)იპებ-ში ჩატარებული რეორგანიზაციები, რომელთა შედეგად თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდა

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების შტატით გათვალისწინებული მოსამსახურეების  თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ბათუმის ა(ა)იპებ-ში მოხდა საშტატო ერთეულების როგორც შემცირება, ასევე ზრდა.

ამასთან, არსებული საშტატო ერთეულების გაუქმებისას იმავე ფუნქციის ახალი საშტატო ერთეულები იქმნებოდა. მაგალითად, ა(ა)იპი ,,ბათუმის კორპუსში’’ დასაქმებული პირების გათავისუფლება ორგანიზაციულ ცვლილებებსა და შტატების შემცირებაზე მითითებით მოხდა. რეორგანიზაციამდე არსებობდა 37 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად კი 62 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. ა(ა)იპი ,,ბათუმის კორპუსში’’ მიმდინარე პროცესებთან და პირების შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკაშირებით „საერთაშრისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისმა ქალაქის მერს წერილობითაც მიმართა.

ა(ა)იპი ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში’’, შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლდა დირექტორის მოადგილე მაშინ, როცა ა(ა)იპ-ში შტატის შემცირებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, შტატები 71 საშტატო ერთეულიდან 78-მდე გაიზარდა.   

დასკვნა

აჭარის ავტონომური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებ-ში არჩევნების შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესი ფორმალური ხასიათის იყო და მიზნად არ ისახავდა შტატების რეალურ შემცირებას. ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა შტატის შემცირებას, არამედ გაზრდას, ახალი შტატის შემოღებას იმავე ფუნქცია-მოვალეობებით, რაც გათავისუფლებულ პირებს ეკავათ.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რამდენიმე ა(ა)იპ-ში ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი სხვადასხვა მიზეზით კონკრეტული პირების გათავისუფლება და არა სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იყო.

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრონ, თუ რა სახის და ტიპის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის. ასევე მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა პირველადი საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად შესაძლებლობად რჩება. თუმცა, არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მუნიციპალური სერვისის მიწოდების ხარისხი ამ პერიოდში არ გაუმჯობესებულა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და ასევე, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

---------------------

* კვლევის მომზადების პროცესში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის #66 განკარგულებით ქალაქ ბათუმის მერს მიეცა თანხმობა ა(ა)იპი ,,ბათუმის განვითარების ფონდის’’ ლიკვიდაციაზე, ხოლო 2015 წლის 27 ნოემბრის #67 განკარგულებით ა(ა)იპი ,,ბათუმის ტურისტული განვითარების მართვის სააგენტოს’’ დაფუძნებაზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 ნოემბრის განკარგულებით კი ა(ა)იპი ,,ქობულეთის სანდასუფთავება’’ შეიქმნა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“