ENG

9 საფრთხე, რასაც ფარული მოსმენების ახალი კანონმდებლობა თქვენი პირადი ცხოვრების უფლებას უქმნის

23 დეკემბერი, 2014

 

2014 წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის სახელით ცნობილი ცვლილებები, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოების აზრით, მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს და ქმნის თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ჩარევის გაუმართლებელ რისკებს. სწორედ ამ მოტივით, საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტმა თავდაპირველად ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა მეორე დღესვე გადალახა.

ქვემოთ გთავაზობთ ახალი რეალობის აღწერილობას და იმ კონკრეტულ საფრთხეებს, რასაც ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ადგენს.

1. შსს-ს რჩება სერვერები, ე.წ. შავი ყუთები, რომელთა მეშვეობითაც მას რეალურ დროში ნებისმიერი სატელეფონო საუბრის შეუზღუდავად მოსმენა და ინტერნეტით გადაცემული კომუნიკაციის წაკითხვა შეუძლია.

2014 წლის 30 მიღებული საკანონმდებლო პაკეტით, ე.წ. შავი ყუთი (მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა), რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას სატელეფონო საუბრებამდე და ინტერნეტით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსამდე, რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს). ამ სისტემის არსებობა უზრუნველყოფს შსს-ს მიერ რეალურ დროში კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის უკონტროლო წაღებას და შენახვას.

ჩვენი კრიტიკა:

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის შეცვლის მიზნითაც სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ დაიწყო. სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკომუნიკაციო მონაცემებზე პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს ქმნის, ვინაიდან ტექნიკურად მათ მიყურადების განხორციელება საჭირო ნებართვების გარეშე შეუძლიათ.

ამგვარად, არ შესრულდა ასევე არც ევროსაბჭოს ექსპერტების დასკვნებში არაერთგზის აღნიშნული რეკომენდაცია, რომელიც მოქალქეთა კომუნიკაციაზე შსს-ს პირდაპირი და მუდმივი წვდომის დაუშვებლობაზე მიუთითებდა.

2. ფარული მოსმენების სისტემას არ ეყოლება გარე მაკონტროლებელი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოსმენების განხორციელების პროცესის მონაწილე ხდება.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სატელეფონო საუბრის ფარული ჩაწერა მიყურადების პროცესი ტექნიკურად ხორციელდება ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის თანახმად საჭირო არის ორი სუბიექტის თანხმობა იმისათვის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულება ტექნიკურად დაიწყოს. აქედან, ერთი სუბიექტი არის შსს, ხოლო მეორე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც სატელეფონო საუბრის ფარული ჩაწერა/მიყურადების პროცესის დასაწყებად ელექტრონულ თანხმობას იძლევა.

ჩვენი კრიტიკა:

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას ყველა სტუქტურაში ახორციელებს მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. შესაბამისად, მას შემდეგ რაც იგი უშუალოდ ჩაერთვება ფარული მოსმენა-მიყურადების ტექნიკურად და სამართლებრივად განხორციელების პროცესში, სისტემა დარჩება გარე კონტროლის მექანიზმის გარეშე.

3. ინტერნეტის სფერო რჩება ე.წ. ორი გასაღების გარეშე.

ე.წ. ორი გასაგები ანუ ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება და ელექტრონული თანხმობა არ ვრცელდება ინტერნეტით გადაცემულ მონაცემთა მოპოვებაზე.

ჩვენი კრიტიკა:

შსს-ს კვლავ რჩება უფლება, შეუზღუდავი რაოდენობის ინფორმაცია მიიღოს ინტერნეტპროვაიდერებისაგან ყოველგვარი გარე კონტროლის გარეშე. ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შემოწმებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით. კონტროლის ამგვარი მექანიზმი ფორმალური ხასიათისაა, ვინაიდან შსს ინტერნეტპროვაიდერებიდან ინფორმაციის მოპოვების პროცესს იწყებს ყოველგვარი გარე კონტროლის გარეშე. ინსპექტორი შემოწმებისას მხოლოდ საართალდამცავი ორგანოს კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული: რამდენად სწორ ინფორმაციას მიაწვდის ეს უკანასკნელი.

ასევე, გაურკვეველია, თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ინსპექტორს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელმა, მაშინ როდესაც არსებული სისტემით კომპანიასთან არ მიდის განჩინება და, შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა სახის და რაოდენობის ინფორმაცია მიაქვს მისი ქსელებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მიგვაჩნია, რომ უნდა ხორციელდებოდეს კონტროლის ერთნაირი სტანდარტი, ვინაიდან ერთი და იმავე სახის, მათ შორის პირადი შინაარსის, ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება ორივე ტექნიკური საშუალებით.

4. კანონი ბუნდოვანება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებთან მიმართებაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს ქმნის.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ნათლად არ არის გაწერილი პროცედურა, რომლის თანახმადაც, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, პირის ფარული მოსმენა მხოლოდ ე.წ. ორი გასაღების ამოქმედების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს.

ჩვენი კრიტიკა:

კანონის ინიცირებული ვერსია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის პროკურორის დადგენილების გადაცემას მხოლოდ მისი გამოტანიდან 24 საათში ითვალისწინებდა. არასამთავრობო ორგანიზაციათა მოთხოვნით, კანონში ჩაიწერა, რომ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს პროკურორის დადგენილება დაუყოვნებლივ გადაეცემა. მიუხედავად ამისა, კანონში არ არის გაწერილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც ფარული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ ინსპექტორის მიერ ელექტრონული თანხმობის გაცემის შემდეგ იწყება. კანონის ამგვარი ფორმულირება კი იძლევა მისი იმგვარად ინტერპრეტირების საშუალებას, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს ქმნის.

5. პერსონალურ მონაცემთა დავის ინსპექტორი შსს-ს მიერ შექმნილი პროგრამის მეშვეობით გააკონტროლებს სამართალდამცავ ორგანოებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი არ მონაწილეობს სპეციალური ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნაში.

ჩვენი კრიტიკა:

პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. შესაბამისად, შსს ქმნის სისტემას, რომლის მიხედვითაც ის უნდა აკონტროლონ. ეს, რასაკვირველია, შეიცავს დიდ რისკს, დაპროგრამება იმგვარად მოხდეს, რაც შესაძლებელს გახდის ინფორმაციის მოპოვებას კონტროლის საშუალებების გვერდის ავლით.

6. შსს შეუზღუდავი მოცულობის და კანონით განუსაზღვრელი შინაარსის მონაცემთა კოპირებას ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე ახორციელებს.

2014 წლის 1 აგვისტოს მიღებული კანონთა პაკეტით გაუქმდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ახორციელებდენენ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირებას. შესაბამისი შინაარსის ნორმა გარდამავალი დებულების სახით გადავიდა „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონში და მისი გაუქმების ვადად 1 ნოემბერი განისაზღვრა (რომელიც, მოგვიანებით, პარლამენტის მიერ 1 დეკემბრით შეიცვალა).

30 ნოემბერს მიღებულმა ცვლილებამ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში, ამ კანონის გაუქმებული მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ანალოგიური შინაარსის ნორმა ჩაწერა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 83 „ბ“ ქვეპუნქტში და შსს-ს მიეცა უფლება, მოსამართლის ბრძანების გარეშე მოახდინოს საინფორმაციო ბანკების კოპირება.

ჩვენი კრიტიკა:

მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეა და ის მხოლოდ მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, თუმცა რა ეტაპზე არის მოსამართლის თანხმობა საჭირო, ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი განმარტავს, რომლის თანახმადაც, „ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს:

„განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის კავშირგაბმულობის არხიდან/კომპიუტერული სისტემიდან მოხსნის და ფიქსაციის შემდგომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს აღნიშნულ კოპირებულ მონაცემთა ბანკებიდან, სასამართლოს განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.“

შესაბამისად, შსს-ს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების და პროკურორის დადგენილების გარეშე მოახდინოს მონაცემთა ბანკების კოპირება. მოსამართლის თანხმობა მხოლოდ კოპირების შემდგომ, ამ მონაცემების გამოყენებისათვისაა საჭირო.

7. კანონით აღარ არის განსაზღვრული, თუ რომელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და შენახვის უფლება აქვს შსს-ს.

2014 წლის 1 აგვისტოს მიღებული კანონით „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ განსაზღვრული იყო, თუ ელექტრონული კომუნიკაციის რომელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვალდებულება ჰქონდა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას. დეტალური ჩამონათვალი ქმნიდა გარანტიას, რომ არ მოხდებოდა დანაშაულის გახსნისათვის უსარგებლო ინფორმაციის მოპოვება და შენახვა. აგრეთვე, აღნიშნული იყო, რომ ამ მონაცემებში არ იგულისხმებოდა კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა წაშლილიყო.

ჩვენი კრიტიკა:

2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით ე.წ. მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვალდებულება გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცნება აღარ შეიცავს დაწვრილებით ჩამონათვალს. განზოგადებული და ბუნდოვანი ცნება ქმნის შსს-ს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და იმ მონაცემთა მოპოვება-შენახვის რისკს, რომელიც არ არის საჭირო სამართალწარმოების მიზნებისათვის.

8. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას აღარ აქვს ვალდებულება, აღრიცხოს ფარული საგმოძიებო მოქმედების შედეგად გადაცემული მონაცემები.

2014 წლის 1 აგვისტოს მიღებული კანონით „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“, ელექტრონული კომუნიკაცის კომპანია ვალდებული იყო აღერიცხა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიეწოდებინა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა არ ხორციელდება ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.

ჩვენი კრიტიკა:

2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან და მან მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემული ინფორმაცია უნდა აღრიცხოს და მიაწოდოს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 112-ე და 136-ე მუხლები კი ეხება მხოლოდ ჩხრეკას, ამოღებას და ინფორმაციის გამოთხოვას კომპიუტერული სისტემიდან. შესაბამისად, აღარ ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გადაცემული ინფორმაციის აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიწოდება.

9. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ყველა ინფორმაცია, მათ შორის შედეგებიც, ხდება სახელმწიფო საიდუმლოება.

2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით, ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდების, შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ, ხდება სახელმწიფო საიდუმლოება.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ 1 აგვისტოს მიღებული ცვლილების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და განადგურდა.

ჩვენი კრიტიკა:

30 ნოემბერს მიღებული კანონით ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება ეჭვქვეშ დგება, ვინაიდან სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას სპეციალური პროცედურა აქვს.

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნისა, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში არ ჩაიწერა, რომ, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო საიდუმლოებად არ იყოს მიჩნეული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტატისტიკური მონაცემები.

აქვე არსებობს ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეც: შესაძლოა პროცესში მონაწილე დაცვის მხარეს არ გააცნონ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემები, ვინაიდან ეს უკანასკნელი მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“