ENG

ადგილობრივ თვითმმართველობებში პრემიების გაცემა კვლავ გაუმჭვირვალედ გრძელდება

23 აპრილი, 2013

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილის ახალი ხელმძღვანელობა წინამორბედების მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს და თანამშრომლებზე პრემიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასცემს.

ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველ ერთეულებში პრემიის სახით ჯამში 775 328 ლარი იქნა გაცემული. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, პრემიები მიმდინარე წელს არ გაუცია.

პრემიების გაცემის დროს კვლავ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენციები, კერძოდ:

  • პრემიის გაცემა ხდება კანონის მოთხოვნათა იგნორირებით – სათანადო დასაბუთების გარეშე;

  • გაუგებარია, რა განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის გაიცემა პრემიები საჯარო მოხელეებზე;

  • ასევე, გაუმჭვირვალეა პრემიების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი.

პრემიების კონკრეტული რაოდენობა იხილეთ ქვემოთ ცხრილში:

გამგეობა/მერია

პრემია

საკრებულო

პრემია

ზუგდიდი

214153

ზუგდიდი

84830

აბაშა

160680

აბაშა

45440

სენაკი

91990

სენაკი

24440

მარტვილი

90410

მარტვილი

18660

მესტია

16080

მესტია

10735

ფოთი

0

ფოთი

17910

წალენჯიხა

0

წალენჯიხა

0

ხობი

0

ხობი

0

ჩხოროწყუ

0

ჩხოროწყუ

0

ჯამი

573313

ჯამი

202015

როგორც ცხრილიდან ჩანს, პრემიების გაცემის დამკვიდრებული პრაქტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთის მაგალითზე კვლავაც შენარჩუნებულია.

აღსანიშნავია ასევე, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებზე მორიგი ფულადი დახმარება-პრემიის გაცემის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია საუბრობს საჯარო სამსახურებში პრემიის გაცემის მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც ცალსახად ხელს უწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაუმჭვირვალედ ხარჯვას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად პრემიების გაცემა საჯარო სამსახურში არსებული დაბალი ხელფასითა და კვალიფიციური კადრების მოზიდვით არის განპირობებული, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სამართლის ჩარჩოებში მარტივად არის შესაძლებელი. კერძოდ, აუცილებელია მოხელეთა სახელფასო განაკვეთის იმგვარად შემუშავება, რომელიც მისი გაცემის უფრო მოქნილ და გამჭვირვალე წესს დაამკვიდრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას ყოველთვის დარჩება კითხვები ამ წუნიან პრაქტიკასთან დაკავშირებით.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“