ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი მარეგულირებელ ორგანოში
6 ნოემბერს „მაესტროს“ ეთერით გავიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანისა და „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის საუბრის ფარული ჩანაწერი, რამაც კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.
ჩანაწერი აპრილის თვეში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაღალი თანამდებობის პირმა, გიორგი რატიშვილმა განახორციელა, რომელმაც მარეგულირებელი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ჩანაწერიდან როგორც ჩანს, ჩიქოვანი ამბობს, რომ მას უკვე აღარ შეუძლია დააფაროს ხელი იმ სატელევიზიო არხების ტრანსლაციას, რომლებზეც ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერს სალიცენზიო შეთანხმება არ მოუტანია.
„მიუხედავად გაფრთხილებისა თქვენ მაინც არ შეისმინეთ ჩემი. გაქვთ სერიოზული პრობლემა“, ჩიქოვანი, როგორც ჩანს, ასე ეუბნება „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელს. „ვერაინაირად ვერ გიშველით, შანსი არ არის (...) 10 თვე, 11 თვე ხელს გაფარებდით ... რამე ოფშორი არ გაქვთ [კომპანიები]?... გითხარით, რომ მაგთი ამას თავს არ გაანებებს ... სილქნეტი გავაჩერეთ თხოვნით“. მაგთის ვერ გავაჩერებ, შანსი არაა.“
ჩანაწერში ჩიქოვანი აცხადებს, რომ კონკურენტებისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინი“ არხების ტრანსლირებას ახდენდა იმ ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე, რომლებითაც მას ამის უფლება მიენიჭებოდა. კომისია ვეღარ დაგეხმარებათ ამბობს ჩიქოვანი და ამატებს, რომ შეიძლებოდა, „კავკასუს ონლაინსა“ და ტელეარხებს შორის ხელშეკრულებები ძველი თარიღებით დაერეგისტრირებინა. ამ ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის გაცემას იგი დააყოვნებდა, მაგრამ კანონით დადგენილ ვადებს არ დაარღვევდა.
მედია.გე-სთან 7 ნოემბრის ინტერვიუში ჩიქოვანი ადასტურებს, რომ ჩანაწერში ხმა მისია, მაგრამ ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია და ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის, როცა საიდუმლო ჩანაწერი სავარაუდოდ განხორციელდა, ქვეყნის უმსხვილეს კერძო ტელეარხ „რუსთავი 2-ს“ ხელმძღვანელობდა გიორგი გეგეშიძე (იგი ასევე აქციების 10%-ის მფლობელია), რომელთან ერთადაც ირაკლი ჩიქოვანი რამდენიმე ბიზნესს ფლობს (იხ. ქვემოთ). „რუსთავი 2-ის“ აქციების დანარჩენ 90%-ს ფლობდა ლევან ყარამანიშვილი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ ასევე წარმოადგენს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ „ბუნდოვან“ კომპანიას, „ნელგადო ლიმიტედს“. ეს კომპანია (საერთაშორისო ონლაინ ქსელების და ვირჯინიის კუნძულების საშუალებით) „კავკასუს ონლაინის“ აქციების 50%-ს ფლობს. თვითონ ჩიქოვანი „რუსთავი 2-ის“ ყოფილი აქციონერი და დირექტორია.
„კავკასუს ონლაინის“ მიერ შესაძლო საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევა ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია წესებს გარკვეულწილად შერჩევითად აღასრულებდა. გაზაფხულზე „გლობალ ტივის“ , (საკაბელო/სატელიტური პროვაიდერი, რომლის თანამფლობელია პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმა. ბიძინა ივანიშვილი იმ დროს ოპოზიციის ლიდერი იყო.) წარმომადგენელმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განუცხადა, რომ კომისია საავტორო უფლებების საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდა და რომ მან „გლობალ ტივის“ მოსთხოვა, წარმოედგინა ხელშეკრულებები ყველა იმ არხზე, რომელსაც იგი კლიენტებს აჩვენებდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა სპორტულ პროგრამებს, რომლებიც რუსული არხებით გადაიცემა. ასეთია ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩები, რომელთაც საქართველოში ტრანსლირების ლიცენზიაც „რუსთავი 2-ს“ აქვს. როცა „გლობალ ტივიმ“ ვერ წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააფრთხილა ოპერატორი.
აპრილის თვეში „მაგთისატი“ მარეგულირებელმა შეცდომაში შემყვანი რეკლამისთვის 90 000 ლარით დააჯარიმა. რეკლამის საშუალებით გავრცელებული განცხადება, რომ გარკვეული სპორტული ღონისძიებები „მხოლოდ მაგთისატის მაყურებლებისთვის“ იყო ხელმისაწვდომი მაშინ, როცა ამ პროგრამების ნახვა ფასიანი საკაბელო ტელევიზიის - GMG-ის აბონენტებსაც შეეძლოთ. სექტემბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით მაგთის ჯარიმა გაუქმებული იქნა, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა განუცხადეს. 2011 წელს „რუსთავი 2“ და „იმედი“ მხოლოდ 2 500 ლარით დაჯარიმდნენ იმისათვის, რომ ეს არხები ეთერში იმაზე მეტ რეკლამას უშვებდნენ, ვიდრე კანონით ამის უფლება ჰქონდათ.
რამდენიმე კვირის წინ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აჩვენა ძალისხმევა, საქმიანობა ღიად და გამჭვირვალედ წარემართა. ამ ძალისხმევის ნაწილი იყო ის კონსულტაციები, რომლებიც მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან გამართა. ოქტომბერში „კავკასუს ონლაინი“ კონკურენტი საკაბელო პროვაიდერის, „სუპერ ტივის“ მოთხოვნით, 30 000 ლარით დაჯარიმდა უცხოური გასართობი ტელეარხების მათთან ნებართვის გარეშე ტრანსლირებისათვის.
კანონში მაუწყებლობის შესახებ ინტერესთა კონფლიქტის განსაზღვრება რამდენადმე ვიწროა, ამიტომ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ იგი გადაიხედოს. ამჟამად მოქმედი კანონით, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იგი კომისიაში მუშაობის პერიოდში ასრულებს ასევე ანაზღაურებად სამუშაოს, ფლობს აქციებს, წარმოადგენს, კონსულტაციას უწევს ან აქვს სხვა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი პირისადმი, რომელიც ექვემდებარება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირებას. ეს წესი მაინც არ აგვარებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ პრობლემას, ანუ როცა პირები ხან იმ კომპანიაში მუშაობენ, რომელიც მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობას ექვემდებარება და ხან სექტორის მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი პოზიცია უკავიათ, როგორც ეს ჩიქოვანის შემთხვევაში მოხდა.
ინტერესთა კონფლიქტის წესები სათანადოდ უნდა აღსრულდეს, რათა აღარ გაჩნდეს კითხვები მარეგულირებლის გადაწყვეტილებების ნეიტრალიტეტსა და სამართლიანობაზე. ჩვენი აზრით, ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებები, რათა დადგინდეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორ ქმედებას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ასევე უნდა დადგინდეს, ერთი და იგივე წესებითა და სტანდარტებით მოქმედებს თუ არა ყველა საკაბელო ოპერატორი, რათა სამართლიანი და კონკურენტული გარემო არსებობდეს.
ირაკლი ჩიქოვანის ბიზნესი
ირაკლი ჩიქოვანის კერძო სექტორში საქმიანობა აღწერილია ჩვენს მიერ 2011 წელს მომზადებულ დოკუმენტში საქართველოს სარეკლამო სექტორი.
ჩიქოვანს, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს მოხელე პირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. 2011 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა ანაზღაურების სახით 216, 970 ლარი მიიღო. ამავე დროს იგი რამდენიმე ბიზნესის თანამფლობელია:
მაგი სტილი: ჩიქოვანი ამ სამშენებლო ფირმის აქციების 33%-ს ფლობს. ეს კომპანია სხვა ფირმებთან ერთად ჩართული იყო ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის მშენებლობაში. სხვა აქციონერები არიან: გიორგი კურცხალია (34%) და გიორგი გეგეშიძე (33%), ქვეყნის უმსხვილესი კერძო ტელეარხის, „რუსთავი 2“-ის დირექტორი და თანამფლობელი. დეკლარაციაში ჩიქოვანმა აჩვენა, რომ მისი შემოსავალი კომპანიაში წილობრივი მონაწილეობიდან 2011 წლისათვის შეადგენდა 124,281 ლარს.
მენო ინტერნეშენალი: ამ სამშენებლო კომპანიაში ჩიქოვანი აქციების 33%-ს ფლობს. გიორგი გეგეშიძე ფლობს 33%-ს, გიორგი კურცხალია კი - 34%. გურია ნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მენო ინტერნეშენალი ახალი პარლამენტის შენობის პროექტში მაგი სტილის ქვეკონტრაქტორი იყო. 2011 წელი მენო ინტერნეშენალისთვის კარგი პერიოდი აღმოჩნდა. მან ჩიქოვანის დეკლარირებულ შემოსავალს 917,623 ლარი შემატა.
მაგი სტილი მედია: ამ კომპანიაში, რომელიც ეწევა სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის სატელევიზიო რეკლამების განთავსებას, ჩიქოვანი აქციების 40.28%-ს ფლობს (35% პირდაპირ, 5,28% მაგი სტილის მეშვეობით). კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოვალეობაა, ზედამხედველობა გაუწიოს მაუწყებლების მიერ რეკლამის წესების დაცვას. კომპანიის კიდევ ერთი მსხვილი აქციონერია გიორგი გეგეშიძე (49% პლუს 5.28% მაგი სტილის მეშვეობით). 2011 წელს დეკლარაციაში ამ კომპანიიდან შემოსავლის სახით ჩიქოვანმა აჩვენა 372,017 ლარი.
ბედეგი: ჩიქოვანი ამ სამშენებლო კომპანიის მცირე აქციონერია, ფლობს აქციების 10%-ს. კომპანიის აქციონერები არიან ჩიქოვანის ბიზნესპარტნიორები: გიორგი კურცხალია (30%) და გიორგი გეგეშიძე (7%). 2011 წელს ჩიქოვანს ამ კომპანიიდან შემოასვალი დეკლარაციაში არ უჩვენებია.
--
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.