ENG

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხელმძღვანელის გარეშე

11 მაისი, 2016

 

2016 წლის 25 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავა. მას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში ედება. ამ ეტაპისათვის ირაკლი გეგეშიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, აღნიშნული გარემოება კი მისთვის გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტის საფუძველია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, გამგებლის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში, გამგებლის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე ასრულებს, თუმცა საინტერესოა ის გარემოება, რომ ირაკლი გეგეშიძემ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი ერთადერთი მოადგილე, გელა მშვილდაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუდასტურეს როგორც გელა მშვილდაძემ, ასევე გამგეობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შედეგად ამ ეტაპისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტს არც გამგებელი ჰყავს და არც ის თანამდებობის პირი, რომელსაც შესაძლოა, გამგებლის უფლებამოსილებების შესრულება დაეკისროს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი გამგებლის უფლებამოსილებას მხოლოდ გამგებლის/მერის პირველ მოადგილეს აკისრებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს სხვა რაიმე გზას ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი შტოს - გამგებლის/მერის მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შეჩერებისას, აუცილებელია მისი ფუნქცია შეასრულოს კანონით განსაზღვრულმა პირმა - პირველმა მოადგილემ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობის პარალიზება შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს, როდესაც სწორედ გამგებელი/მერი, გამგებლის/მერის მოვალეობის შემსრულებელი არის:

  • მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი;

  • გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას;

  • შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს;

  • უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გამგებლის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო ინფორმაციასაც კი ვერ გასცემს დოკუმენტის ხელმომწერი პირის არარსებობის გამო. თუ გავითვალისწინებთ ზაფხულის პერიოდსაც, როდესაც როგორც წესი, სოფლის მხარდაჭერის თუ მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ბევრი ტენდერი უნდა გამოცხადდეს ან უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, აუცილებლად მიგვაჩნია, ცვლილებების დროულად მიღება-განხორციელება.

გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი სამართლებრივი ხარვეზის რეგულირების წესებს, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რათა თავიდან იქნას აცილებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი შტოს საქმიანობის შეფერხება.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“