ENG

დადასტურდა, რომ შსს-ს წარმომადგენელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელია

27 იანვარი, 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ მარეგულირებელ კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი წარმომადგენელი იმყოფება, რომელსაც მეტსახელად “გენერალს” ეძახიან და რომელიც კომისიის თანამშრომლებსა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციას აგროვებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის (მუხლი 6) უხეში დარღვევა. კანონი კრძალავს მარეგულირებლის საქმიანობაში ნებისმიერ ჩარევას.

მარეგულირებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, კახი ბექაურისთვის, რომელიც პარლამენტმა კომისიის წევრად გასულ კვირას აირჩია) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა უნდა იყოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ზაზა მაზმიშვილი, რომელიც კომისიის ვებგვერდზე უწყების თანამშრომლების სიაშია მოხსენიებული, 1963 წლის 30 ივნისს დაიბადა. ეს ადასტურებს, რომ მაზმიშვილი იგივე პიროვნებაა, რომელმაც გასულ წელს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მაზმიშვილი შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამართველოს უფროსია და რომ ის 1963 წლის 30 ივნისს არის დაბადებული. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარსულში არ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოთხოვნა მოეწოდებინათ მაზმიშვილის CV, იმ არგუმენტით, რომ ის არ წარმოადგენს თანამდებობის პირს და, რომ მან პირადად უარი განაცხადა აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის დროზე, უარყო ის ფაქტი, რომ მათი წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბრალდებებს “არასერიოზული” უწოდა. ეს კი იმის ფონზე მოხდა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ე.წ. „ოდეერების” პრაქტიკის არსებობა და მას პრობლემური უწოდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ასევე მოიპოვა 2002 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ვინმე ზაზა მაზმიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების” (ОДР - офицер действующего резерва), სახელმწიფო ინსტიტუტებში ყოლის პრაქტიკა წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დროინდელ გადმონაშთს, რომელსაც იყენებდა როგორც შევარდნაძის, ასევე ვარდების რევოლუციისა და 2012 წლის ოქტომბრის შემდგომი ახალი მთავრობა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების უახლესი ვერსიის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) ერთ-ერთი ძირითა­დი ამოცანა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანო­ებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, და ასევე მათ მიერ მო­წო­დებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავებაა. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს უპატივცემულობას ისეთი დამოუკიდებელი უწყებების მიმართ, როგორიც მარეგულირებელი ორგანოებია.    

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოითხოვოს სამინისტროს წარმომადგენლები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და პატივი სცეს ისეთი ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, როგორიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, რომელთა ხელშეუხებლობაც კანონითაა დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ნება და ბოლო მოუღოს საბჭოთა დროინდელ „ოდეერების” პრაქტიკას. დაუშვებელია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მუდმივად გამოყენებულ იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევის საბაბად. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გარეშე ხდებოდეს.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: დიანა ჩაჩუა და ანა დაბრუნდაშვილი
Media