ENG

გურიის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

18 ნოემბერი, 2015

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გურიის მხარის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ააიპ) დასაქებულთა რაოდენობა 984 საშტატო ერთეულით გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 370 ათასი ლარით, წლიურად კი - საშუალოდ 4.5 მილიონი ლარით გაზარდა.

ანალოგიური კვლევა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობისა და სახელფასო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.

კანონმდებლობის თანახმად, „მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვს დააფუძნოს ა(ა)იპი”1, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი/მერი. ა(ა)იპ-ს სტრუქტურის და საშტატო განრიგის დამტკიცება, თანამშრომელთა ხელშეკრულებით დანიშვნა და განთავისუფლება, ასევე ხელფასის ოდენობის განსაზღვა მუნიციპალიტეტის გამგებელისა და ა(ა)იპ-ს ხელმძღანელის კომპეტენციას წარმოადგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გურიის მუნიციპალიტეტებიდან ა(ა)იპ-ებში 2014 წლის მაისის და 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობისა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ:

  • 2014 წლის ივლისის მდგომარეობით, გურიის მუნიციპალიტეტებში სულ 33 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი მათი რაოდენობა 47-ს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონის მასშტაბით 1 970 საშტატო ერთეულიდან 2 954 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე ყოველთვიურად გასაცემი ხელფასის საშუალო რაოდენობა კი 569 070.5 ლარიდან 947 517.5 ლარამდე გაიზარდა.

  • თუკი არჩევნებამდე ოზურგეთის ლიკვიდირებულ მუნიციპალიტეტში მხოლოდ 8 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, არჩევნების შემდგომ თემი ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ ჯამში 25 ა(ა)იპი დაფუძნდა. გაუგებარია, თუ რამ განაპირობა დამატებით 17 იურიდიული პირის დაფუძნების აუცილებლობა

  • ასევე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერ დაფუძნებულ 16 იურიდიულ პირს შორის, ხუთი იურიდიული პირი სპორტის სხვადასხვა სახეობებში მუშაობს (სპორტის განვითარების ცენტრი, სასპორტო სკოლა, ჩოგბრუთის სკოლა, რაგბის განვითარების კავშირი, საფეხბურთო სკოლა - “მერცხალი”) ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, აღნიშნული ა(ა)იპ-ების ერთი იურიდიული პირის ქვეშ გაერთიანება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს და ფინანსურს რესურსებს დაზოგავს.

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით, 13 ა(ა)იპი ფუნქცინირებდა, თუმცა 2015 წლის თებერვალში კულტურის სფეროში მომუშავე ყველა ა(ა)იპ ერთი ახალი იურიდიული პირში - ”კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში” შევიდა, შედეგად იურიდიულ პირთა რაოდენობა 10 ერთეულამდე იქნა შემცირებული.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრონ, თუ რა სახის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის. მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ორიენტირებულნი ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა პირველადი საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული  პროექტების განხორციელებაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად  ერთპიროვნულად იღებს, რაც ერთი მხრივ  არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. მეორე მხრივ,  ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა შერჩევის სისტემის დახვეწის მიზნით აუცილებელია:

  • შემუშავებულ იქნეს ზეპირი ან/და წერილობითი გამოცდების სტანდარტები და პრინციპები, რათა შემოწმდეს შესარჩევი პირის კვალიფიკაცია სპეციალიზაციისა და ა(ა)იპი-ს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით.

  • უნდა ჩამოყალიდბეს ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა შერჩევის ნათელი და გაზომვადი კრიტერიუმები, რათა მოხდეს მიკერძოების რისკების მაქსიმალური შემცირება.

შენიშვნა: წინამდებარე კვლევაში ოზურგეთის შემთხვევაში, 2014 წლის მონაცემებში ნაგულისხმევია ოზურგეთის ამ დროისთვის ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტი, 2015 წლის მონაცემებში კი ახლად შექმნილი თემი ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.

_______________________________________________

1„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი მე-20, პუნქტი 1

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“