ENG

გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულეობის 22 ფრაქციიდან 13 ფრაქციას დაარსებიდან არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია

29 მარტი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგის. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა საქმიანობის შესახებ. ანალოგიური შინაარსის კვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა საქმიანობაზე ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა.

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა ფრაქციების რაოდენობის, მათ მიერ ინიციირებული საკითხებისა და ფრაქციების თავმჯდომარეთა მიერ აღებული ხელფასისა და პრემია/დანამატის შესახებ.

როგორც მიღებული საჯარო ინფორმაციით დგინდება 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით გურიის 4 მუნიციპალიტეტის  საკრებულოებში 22 ფრაქცია ფუნქციონირებს. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს ფრაქციის დაარსებიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით.

ქალაქ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხვადასხვა პერიოდში დაიშალა ფრაქციები: “პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები” და “დამოუკიდებელი მაჟორიტარები”,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაიშალა ფრაქცია “ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები”, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” 2015 წელს გარდაიქმნა ფრაქციად “ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის”.

კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს ფრაქციის დაარსებიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით;

გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულეობის 22 ფრაქციიდან 13 ფრაქციას დაარსებიდან არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია.

2014 წლის არჩეული საკრებულოების 22 მოქმედი, ასევე 4 ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარეებზე 2016 წლის თებევრლამდე ხელფასის სახით 583 097.27 ლარი, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით კი 40 400 ლარი გაიცა.

რაც შეეხება, მუნიციპალიტეტებში ფრაქციათა მიერ ინიცირებულ საკითხებს:  

  • არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენიათ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციებს;

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებმა - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, “ქართული ოცნება-მრეწველები”, “ქართული ოცნება-კონსერვატორები” და “მაჟორიტარები” ერთობლივად წარადგინეს “სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის ტურისტული განვითარების გეგმა”;

  • ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქციამ “ლანჩხუთი ევროანტლანტიკური მომავლისათვის” ჯამში ორი საკითხი წარადგინა და მოითხოვა “შეჭირვებული მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების”, ასევე “წარმატებული სტუდენტებისა და შესაბამისი სკოლების წახალისების” პროგრამების დამტკიცება;

  • თემი ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ” სულ 7 საკითხის ინიცირება მოახდინა. ინიციატივები სოციალურ პროგრამებში ცვლილებების განხორციელებას, სკოლებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსებას ითავალისწინებდა;

  • თემი ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი” ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის ბუნებრივი აირის გადასახადის 5-10 ლარით თანადაფინანსების საკითხის ინიცირება მოახდინა. ფრაქციამ “ქართული ოცნება - კონსერვატორების” მიერ ინიციირებული საკითხი კი სოფელ ვაკიჯვრის სკოლის რაგბის პედაგოგთა დაფინანსებას ისახავდა მიზნად;

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხის ინიცირება მხოლოდ ერთმა ფრაქციამ  - “ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” მოახდინა, ფრაქციის მიერ წარდგენილ საკითხთაგან სამი სოციალურ პროგრამებს, ერთი კი “დაბის იერსახის კონცეფციის გეგმას” ეხებოდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს წევრები თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ ახორციელებენ. თანამდებობრივ სარგოს იღებენ: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელფასი გურიის მუნიციპალიტეტში 1500-1700 ლარია.

გურიის მუნიციპალიტეტების 2014 წლის მოწვევის საკრებულოების 22 მოქმედი, ასევე 4 ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარეებზე 2016 წლის თებევრლამდე ხელფასის სახით 583 097.27 ლარი, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით კი 40 400 ლარი გაიცა

როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე. გარდა ხელფასის, პრემიისა და დანამატისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი და ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.

მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის რაიმე ზღვარი არა აქვთ დაწესებული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება კი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადი ხასიათისაა და ფრაქციის თავმჯდომარესა და მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდაზე, რათა ფრაქციის და მისი თავმჯდომარის მიერ გაწული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“