ხელისუფლება არ რეაგირებს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში შესატანი ინფორმაციის დაფარვაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხელისუფლება არ რეაგირებს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში შესატანი ინფორმაციის დაფარვაზე

10 თებერვალი, 2014

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ“ იანვრის ბოლოს გაქმოაქვეყნა სტატია, რომელშიც ყურდაღება გავამახვილეთ შემთხვევებზე, როდესაც პარლამენტის წევრებს ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ ჰქონდათ წილის ფლობა სხვადასხვა კერძო კომპანიაში (მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირის არსებობა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით დასტურდებოდა). ბლოგში საუბარია პარლამენტის რვა წევრზე, რომლებმაც ქონებრივ დეკლარაციაში მათ მიერ კომპანიების ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეიტანეს. ეს ქმედება, თუ ის განზრახ ხორციელდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სამართალდარღვევაა, რომელიც ისჯება „ჯარიმით ან საზოგადოებრივი შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“ მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას რეაგირება არ მოყოლია.

მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება მედიაშიც. მაგალითად, 16 თებერვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გასულ სიუჟეტში საუბარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ქონებრივ დეკლარაციაში გამოტოვებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარეს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე კომპანია „ანჯ-მეტალის“ თანამფლობელია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს. მაგალითად, 2013 წლის აგვისტოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა „ანჯ-მეტალს“ 2 161 000 ლარის თანხაზე გაუფორმა ხელშეკრულება. კომპანიამ 2011-2013 წლებში ჯამში 9 ტენდერი მოიგო საერთო ღირებულებით 3 155 878 ლარი.

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევები სიახლე არ არის. 2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში ჩვენ ასევე განვიხილეთ შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირები არ ამჟღავნებდნენ მათ კავშირს კერძო კომპანიებთან ან თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად აგრძელებდნენ საქმიანობას კერძო სექტორში, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ასეთი შემთხვევები იყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითთმართველობაში და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში.

სამწუხაროდ, აღნიშნული შემთხვევები მორიგი დასტურია იმისა, რომ როგორც ძველი, ისე ახალი მთავრობის მიერ ხდება კანონის მოთხოვნათა სრული იგნორირება, რის შედეგადაც საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა პრაქტიკაში მეტწილად ეფექტიანად არ ხორციელდება. 2011 წელს გამოქვეყნებული ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების თანახმად, საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის არსებული დიდი განსხვავებები იყო, რაც დღემდე არ შეცვლილა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ქვეყანში კანონის ნორმების პრაქტიკაში განხორციელების სათანადო მექანიზმების არარსებობაა.

რა უნდა გაკეთდეს

  • თითოეული ანტიკორუფციული ნორმის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა

როგორც ცნობილია ანტიკორუფციული ნორმები სხვადასხვა კანონსა თუ კანონქვემდებარე აქტშია მოცემული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.“ კანონი ზღუდავს თანამდებობის პირთა მონაწილეობას ბიზნესში და ავალდებულებს მათ, რომ საჯაროდ გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი ქონებისა და კომერციული ინტერესების შესახებ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის გზით. კანონის ნორმათა დარღვევისთვის გათვალისწინებულია გარკვეული სანქციები.

კორუფციის გარკვეული სახეობების გამოვლენაზე პასუხისმგებელ უწყებებად კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოებია განსაზღვრული თუმცა კანონი არ ადგენს, თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა მიერ ზოგიერთი ანტიკორუფციული ნორმის დაცვის მონიტორინგზე და (დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში) სათანდო რეაგირებაზე. მაგალითად დღეისათვის საჯარო სამსახურის ბიურო აგროვებს ქონებრივ დეკლარაციებს და შეუძლია იმ თანამდებობის პირთა დაჯარიმება, რომლებიც დეკლარაციებს დროულად არ წარადგენენ. თუმცა, ბიუროს უფლებამოსილებები ამით ამოიწურება. კანონი არ ავალდებულებს ბიუროს, რომ შეამოწმოს ქონებრივ დეკლარაციებში მოყვანილი მონაცემების სიზუსტე და არც სხვა ტიპის სამართალდაღვევებზე რეაგირების მექანიზმებს აწესებს. შედეგად, როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, არაერთი თანამდებობის პირი დაუსჯელად ახერხებს კანონის მოთხოვნების იგნორირებას.

  • საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილებების გაზრდა

საჯარო სამსახურის ბიურო დღეისათვის ამ სფეროში მოქმედი ერთ-ერთი ძირითადი უწყებაა. ამდენად, ზემოხსენებული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოება იქნებოდა, როგორც მონიტორინგის, ისე სანქციების გატარების კუთხით. თუმცა, ამ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ბიუროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლეირება დამატებითი დაფინანსებისა და თანამშრომელთა რიცხვის ზრდის გზით.

  • სახელმწიფო მოხელეთა ტრეინინგი/ცოდნის ამაღლება

მნიშვნელოვანია ჩატარდეს სახელმწიფო მოხელეთა ცოდნის გაუმჯობესება ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან და ამ მხრივ მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით. მაგალითად დეკლარაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების პროცესში დავადგინეთ, რომ ზოგიერთმა პარლამენტის წევრმა დეკლარაციაში ზუსტი მონაცემების შეტანა უყურადღებობის ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო.

  • დასჯის პრეცენდენტების შექმნა

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს რეაგირება შემთხვევებზე, როდესაც მოხელეები მალავენ ინფორმაციას, რომლის ქონებივ დეკლარაციებში შეტანა კანონით ევალებათ. დამრღვევების მიმართ სანქციების გატარება მომავალში მსგავსი ქმედებების პრევენციას შეუწყობს ხელს.

  • დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება

კიდევ ერთი შესაძლო გამოსავალია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც (სხვა ფუნქციებთან ერთად) ანტიკორუფციული კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგსაც შეითავსებდა. ამჟამად არსებული მექანიზმი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სახით, მოკლებულია ამ ფუნქციებს და რეფორმირებას საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაჭრან ეს პრობლემა და შექმნან ქვეყნის ანტიკორუფციული ნორმების პრაქტიკაში შესრულების მექანიზმები.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“