მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატები – არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტის რისკი?
პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი წევრი უნდა აირჩიოს. მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობა ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი მისი წევრების ინტერესთა კონფლიქტის გამო, რასაც წლების განმავლობაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კომისიის წევრობის კანდიდატებზე მცირე მოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა და საჯარო დოკუმენტებიდან მათ საქმიანობაზე ინფორმაცია შეაგროვა.
როგორც ამას მაუწყებლობის შესახებ კანონი მოითხოვს, პრეზიდენტმა პარლამენტს სამი - თეიმურაზ ღოღობერიძის, გიორგი ჭოლაძისა და დავით თუთბერიძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელთაგანაც საკანონმდებლო ორგანომ კომისიის წევრად ერთი უნდა აირჩიოს. თუმცა, აღნიშნული კანდიდატების მხოლოდ სახელებია ცნობილი, მათ საქმიანობაზე კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მარეგულირებელი კომისიის წევრები საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან. 2012 წელს, პრემიების ჩათვლით, თითოეული კომისიონერის ანაზღაურებამ 210,000-295,000 ლარი შეადგინა. ამჟამად, პარლამენტის საგამოძიებო კომისია მარეგულირებლის ახლანდელი თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს იკვლევს. პარლამენტმა, შესაძლოა, კვიტაიშვილის იმპიჩმენტს უყაროს კენჭი.
საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტს განმარტავს: კომისიის წევრი არ უნდა იყოს ამავდროულად პოლიტიკური პარტიის წევრიც და არ უნდა ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს კომპანიებში, რომლებიც რეგულაციას ექვემდებარება.(ასეთი კომპანიებს მაუწყებლები, სატელეფონო, ინტერნეტ და მობილური ოპერატორები, ასევე საკაბელო და სატელიტ ოპერატორები განეკუთვნება). იგი არ შეიძლება იყოს აღნიშნული ტიპის კომპანიების თანამშრომელი (ან ასრულებდეს მათთვის ნებისმიერ ანაზღაურებად საქმიანობას); კომისიის წევრს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომელიც განეკუთვნება რეგულაციის სფეროს.
კომისიი წევრობის კანდიდატები:
თეიმურაზ ღოღობერიძე
თეიმურაზ ღოღობერიძე შპს „ახალი ქსელების” 0.25%-ს ფლობს. „ახალი ქსელები” ფრიდონ ინჯიას, მისი ოჯახის წევრებისა და ბიზნეს პარტნიორების კუთვნილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2012 წლის ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ აღნიშნულია, რომ „ახალი ქსელების” უმსხვილესი აქციონერი ბელიზში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანია Alpha System Transit Corp-ია (46.2%), რომელსაც, თავის მხრივ, პანამური ფიქტიური კომპანია Cascado AG აკონტროლებს.
Cascado AG-ს ბევრი სკანდალი უკავშირდება, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო შესყიდვების და საექსპორტო გარიგებების კორუფცია, იმპორტ-ექსპორტის ინვოისებთან დაკავშირებული თაღლითობა რუსეთში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში.
ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის ანგარიშგების ცენტრის და „Новая Газета”-ს თანახმად, Cascado AG ასევე სავაჭრო გემის MV Faina-ის საქმეში იყო გარეული. 2008 წელს ოდესიდან მომავალი ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი სომალელმა მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელთ. აღნიშნული გემის ბორტზე, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთ სუდანში მიდიოდა, 33 საბჭოთა წარმოების T-72 ტანკი, გრანატები და სხვა იარაღი აღოაჩინეს. იმ დროისთვის ევროკავშირს სამხრეთ სუდანში იარიღის შეტანაზე ემბარგო ჰქონდა დაწესებული.
2007 წელს Alpha System-მა ფრიდონ ინჯიასგან „ახალი ქსელების“ აქციები შეისყიდა. საქართველოს საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ფრიდონ ინჯია იმ დროისთვის Alpha System-ის წარმომადგენელიც იყო, და ამიტომ, შესაძლოა, აქციები თავის თავს მიჰყიდა.
საჯარო დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ თეიმურაზ ღოღობერიძე 2007 წლამდე წილებს „ჯეოსელშიც” ფლობდა. მან კომპანიის 1.3% 2006 წელს შეიძინა, თუმცა, როგორც ჩანს, ღოღობერიძე კომპანიის მმართველობაში უფრო ადრეც იყო ჩართული. 90-იანი წლების საარქივო დოკუმენტებში იგი „ჯეოსელის” დირექტორად და საბჭოს წევრად სახელდება. 2007 წელს კომპანია „გურტელმა” („ტელიასონერას” შვილობილი კომპანია) ღოღობერიძის 1.3% 3 მლნ. აშშ დოლარად შიძინა. ამავე წელს კომპანიებში წილი ფრიდონ ინჯიას შვილმა ილია ინჯიამ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ავთანდილ იაშვილმა გაყიდეს.
ღოღობერიძის მეუღლე ლილი სუხიტაშვილი წილებს რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კომპანიაში ფლობს, რომლებიც ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. ეს ფრიდონ ინჯიასა და მისი გარემოცვის მფლობელობაში მყოფი სატელეკომუნიკაციო კომპანიებია - „სელკომი”(6.5%), „ახალი ქსელები” (4.16%), „სისტემნეტი” (2.091%), „ფოპტნეტი” (3.4%)
თეიმურაზ ღოღობერიძე 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ასლან აბაშიძის „აღორძინების” სიით.
დავით თუთბერიძე
დავით თუთბერიძე ფლობს 5%-ს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელში,” რომელიც კომპანიებს სატელეფონო და საკომუნიკაციო მომსახურებით უზრუნველყოფს. კომპანიამ აგვისტოში გაკოტრების შესახებ საქმის წამოწყებაზე შეიტანა განაცხადი. თუთბერიძე „კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორიცაა.
გიორგი ჭოლაძე
გიორგი ჭოლაძე შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორია. ეს კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრებაა, ეს უკანასკნელი კი რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. რობერტ ბეჟუაშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი, „ნაცონალური მოძრაობის” სიით გასული დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და გელა ბეჟუაშვილის (თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საგარეო ურთიერთობების ყოფილი მინისტრი და სადაზვერვო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი) მამაა.
ბეჟუაშვილების ოჯახი წილებს „რუსთავი 2”-ში „მზესა” და „პირველ სტერეოშიც” ფლობდა (პირდაპირ ან „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” მეშვეობით). დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პირები წილებს „პირველ სტერეოსა” და „მზეზე” ახლაც ფლობენ.
„საქართველოს მედია ჰოლდინგი” ინგლისურ გამოცემა „ბიზნეს ვიქს” ფლობს. ჭოლაძე ასევე „ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანების” დირექტორიც იყო (კომპანიამ 2013 წლის თებერვალში შეწყვიტა არსებობა), რომელსაც ასევე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობდა. ეს კომპანია ჰოლდინგის მედია სექტორში კუთვნილ კომპანიებს მართავდა იმ პერიოდში, როცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მედია ბაზარზე უფრო აქტიურად იყო წარმოდგენილი.
გიორგი ჭოლაძის და მისი ძმა ლევან ჭოლაძე წილებს შპს Air Black Sea-ში ფლობენ. ლევან ჭოლაძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ლევან ჭოლაძე რამდენიმე თანამდებობას ფლობდა: 2005 წელს იგი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და, იმავე წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2007-2008 წლებში ჭოლაძე კონტროლის პალატის (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 2011 წლამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.