პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებები და მოვალეობები
საქართველოში ახალი სამთავრობო უწყება ამუშავდა, რომლის მოვალეობაც მოქალაქეთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვაა. თუმცა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალაუფლება შესაძლოა არ იყოს საკმარისი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონულ კომუნიკაციებზე სისტემატური უკანონო თვალთვალის შესაჩერებლად.
მოქალაქეების პირადი მონაცემები საქართველოში, ფაქტობრივად, დაუცველია. კომპანიები მომხმარებლებს დიდი ოდენობით სპამ სარეკლამო SMS-ებს უგზავნიან, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებზე სისტემატურად ახორციელებს თვალთვალს სასამართლოს სათანადო მეთვალყურეობის გარეშე. ახლადშექმნილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწორედ ის ინსტიტუტია, რომელსაც უნდა მიმართოთ, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირადი მონაცემები კანონის დარღვევით არის შეგროვებული, შენახული და გამოყენებული.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩიეს. ქალდანმა, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოში” (ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დონორია) ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამას ხელმძღვანელობდა, „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დაცვა უნდა უზრუნველყოს,
„პერსონალური მონაცემები ინტერნეტის ახალი ნავთობი
და ციფრული სამყაროს ახალი ვალუტაა”
მეგლენა კუნევა, ევროპის მომხმარებელთა დაცვის კომისარი,
მარტი, 2009
ინსპექტორს შეუძლია კომპანიების საქმიანობა გამოიძოს, თუმცა მისი მანდატი არ ვრცელდება მონაცემებზე, რომელთა დამუშავებაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ან თავდაცვის (მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების) ინტერესებს ემსახურება. ინსპექტორის მანდატს გარეთ რჩება ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დანაშაულის გამოვლინების, გამოძიებისა თუ აღკვეთის მიზნით მონაცემთა დამუშავება. შესაბამისად ინსპექტორისთვის რთული იქნება მეთალყურეობა გაუწიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, კერძოდ კი, სამინისტროს მიერ ელექტრონული კომუნიკაციების თვალთვალს.
რა არის ინსპექტორის როლი?
კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში 2012 წლის მაისში შევიდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლება-მოვალეობებსაც განმარტავს.
ინსპექტორის სამუშაოს აღწერა მოიცავს:
- საჯარო და კერძო სექტორის ინსტრუქტირებას პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ;
- პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვას;
- საჯარო და კერძო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობა;
- მოსახლეობის ინფორმირებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.
ინსპექტორს აქვს უფლებამოსილება მოითხოვოს:
- გამოსწორდეს მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და შენახვისას აღმოჩენილი დარღვევები;
- დაცული იქნას კანონის დარღვევით შეგროვებული მონაცემები და უზრუნველყოფილ იქნას მათი ანონიმურობა, წაშლა ან განადგურება;
- დროებით ან სრულებით შეწყდეს მონაცემთა დამუშავება, თუ მონაცემთა დამმუშავებელი არ/ვერ ასრულებს კანონით დაწესებულ ნორმებს.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტორი (2016 წლიდან) უფლებამოსილია სანქციები დააწესოს. ინსპექტორის გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა და იგი შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.
ყოველწლიურად ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს დარღვევები და მოცემული უნდა იყოს შესაბამისი რეკომენდაციები. ინსპექტორი ასევე უფლებამოსილია საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პარლამენტსა და მთავრობას ინიციატივით მიმართოს.
ინსპექტორი სამი წლით პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილმა კომისიამ აირჩია, რომელშიც მთავრობის, პარლამენტის, სასამრთლო ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ჩათლით) წარმომადგენლები შედიოდნენ.
ინსპექტორს არ აქვს უფლება იყოს სხვა სამთავრობო უწყების თანამშრომელი ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის გარდა. იგი ასევე არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
როგორ დავუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს?
პერსონალურ დაცვის ინსპექტორს რამდენიმე პირმა (მათ შორისაა მოქალაქე და ორგანიზაცია) უკვე მიმართა საჩივრით. კერძო და საჯარო პირები აქტიურად მიმართავენ ინსპექტორის ოფისს კონსულტაციების მიღების მიზნით. მოქალაქეებს ინსპექტორთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტით office@pdp.ge ან ტელეფონით 2 14 68 31 შეუძლიათ. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ ინსპექტორის ოფიციალურ Facebook გვერდს. ინსპექტორის ოფისი სამთავრობო კანცელარიის შენობაშია განთავსებული.
თამარ ქალდანს, რომელიც საქმიანობას ივლისში შეუდგა, ექვსი თანამშრომელი ჰყას.
პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის დაცვა საქართველოში
მოსახლეობა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სათანადოდ არ არის ინფორმირებული. ბევრმა არ იცის, რომ ინტერნეტში ყოფნისას, იმეილის და SMS-ის გაგზავნისას, Facebook-ზე და Tweeter-ზე აქტიურობისას თუ სუპერმარკეტში ჩიპიანი ბარათით რაიმეს შეძენისას, ისინი ტოვებენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ: ვინ არიან, სად არიან, რას ყიდულობენ და სად აპირებენ წასვლას. ამ მონაცემების საშუალებით, რომლებსაც ახლა „ახალ ნავთობსა” და „ციფრული სამყაროს ახალ ვალუტას” ეძახიან, მთავრობები და კომპანიები - პირები, ვისაც მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ - მოქალაქეთა ქმედებების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. მათ ადამიანების ქმედებების ანალიზი და წინასწარმეტყველებაც კი შეუძლიათ. ციფრულ სამყაროში მონაცემთა ასეთი ხელმისაწვდომობა ერთის მხრივ ბევრ შესაძლებლობას ქმნის, მეორეს მხრივ კი მონაცემთა არასათანადო მიზნებით გამოყენების რისკს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმოაჩინა, რომ მის საკუთარ ტელეფონსაც უკანონოდ უსმენდნენ, სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე დღემდე რჩება სამინისტროს ინფრასტრუქტურა, ე.წ. „შავი ყუთები.”
ვიმედოვნებთ, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სანდო ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, რომელიც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს ჩამაყალიბებას, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი პატივს სცემს მოქალაქეების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას, არამედ ასევე გაზრდის მოქალაქეთა ცოდნას საკუთარი უფლებების შესახებ.
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.