რატომ არ ვეთანხმებით პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ფინანსურ ამნისტიას
31 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ტიპის ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი ბევრ კითხვას აჩენს და ეწინააღმდეგება სამართლიანობის აღდგენის პრინციპსა და კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობის იდეას.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს:
ა) იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, რომლებმაც 2013 წლის პირველ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები: ფულის გათეთრება (194-ე მუხლი); სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა (1951-ე მუხლი); ფალსიფიკაცია (197-ე მუხლი); ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება (1971-ე მუხლი); ყალბი რეკლამა (201-ე მუხლი); ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით (2051-ე მუხლი); მომხმარებლის მოტყუება (219-ე მუხლი); საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა (214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები) და სხვა სამეწარმეო და ეკონომიკური დანაშაულები. პროექტი ასევე გულისხმობს, რომ შეწყდეს საგამოძიებო ორგანოებში ან სასამრთლოში 2013 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე აღძრული საქმეების წარმოება;
ბ) პირებს შესრულებულად ჩაეთვლებათ 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი ან შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები და არ განხორციელდება მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის წარმოება. ამასთანავე, სახელმწიფო ორგანოებს აეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით რევიზიის განხორციელება აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებით;
გ) კანონის ამოქმედებიდან 3 თვის მანძილზე პირებს უფლება მიეცემათ, ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის გზით მოახდინონ მათი არაკანონიერად მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია და 2013 წლის პირველ იანვრამდე ამგვარ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსრულებელი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ჩაეთვლებათ შესრულებულად. ასევე აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები კონფიდენციალური იქნება.
კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ამნისტიის ინიცირება საქართველოში ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად კეთდება, თუმცა, სადავაო, რამდენად შეესაბამება ეს ინიციატივა ამ მიზანს. ასევე გაუგებარია ბიუჯეტის სასარგებლოდ ფინანსური დანაკლისის რაოდენაობა, რაც განმარტებით ბარათში არ არის მოყვანილი.
ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ბიზნესმენების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას უკავშირდება. კერძოდ, ეს კანონპროექტი პატიოსანი ბიზნესმენების ხარჯზე, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს მათ, ვინც გადასახადებს მალავდა, მომხმარებლებს ატყუებდა, საბაჟო წესებს არღვევდა ან სხვაგარად დაუგროვდა საგადასახადო დავალიანება. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება იმის გათვალისწინებით, რომ, გასულ წლებში, როგორც წესი, ასეთი ტიპის დავალიანებები იმ ბიზნეს კომპანიებს უგროვდებოდათ, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ სახელისუფლებო წრეებთან. ძირითადად, სწორედ ასეთ ბიზნესებს პატიობდნენ სხვადასხვა ტიპის საგადასახადო და ფინანსურ გადაცდომებს. მაგალითისთვის, ასეთი ინიციატივა თავის დროზე ტელევიზიების მიმართებით განხორციელდა და მაშინ ამით ე.წ. პროსახელისუფლებო ტელეარხებმა ისარგებლეს ყველაზე მეტად, რომელთაც დიდი ფინანსური დავალიანება ჰქონდათ დაგროვებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ამნისტიაც სწორედ იგივე მიზნებს ემსახურება.
ასევე გაუგებარია, კანონპროექტის მიხედვით რატომ წყდება ყველანაირი გამოძიება თუ მოკვლევა ან სხვა კანონით გათვალისწინებული წარმოება დანაშაულის ჩამდენთა წინააღმდეგ და სრულად უნარჩუნდებათ დამალული გადასახადები, თუ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
გარდა ამისა, როგორც წესი, ფინანსური ამნისტიის დიდი ხნით ადრე დაანონსება არ ხდება ხოლმე, რათა ასეთმა ცნობამ ბიზნესს გადასახადების დამალვისკენ არ უბიძგოს, იმ იმედით, რომ მომავალში მას ასეთი ქმედებები ეპატიება. სწორედ ასეთ პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე ამ შემთხვევაშიც. აღნიშნული ამნისტიის კანონი 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულებების ან დარღვევების პატიებას გულისხმობს, ამ ინიციატივაზე საუბარი კი უფრო ადრე დაიწყო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ამ სახით მიღება არ უნდა მოხდეს.