საგადასახადო ორგანოებს პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებაზე შეუზღუდავი უფლებები ენიჭებათ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საგადასახადო ორგანოებს პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებაზე შეუზღუდავი უფლებები ენიჭებათ

18 სექტემბერი, 2014

1 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებიდან მოქალაქეების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების წესს არეგულირებს. კერძოდ, ცვლილებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში”,„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და საქართველოს კანონში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“. მთავრობის ინიციატივაში წარმოდგენილია რამდენიმე დებულება, რომელიც, ჩვენი აზრით, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპული კონვენციით და ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის ფუნდამენტურ უფლებას. კანონპროექტი წინააღმდეგობში მოდის, ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით აღიარებულ შეჯიბრებითობის პრინციპთან. გვსურს შემოგთავაზოთ „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექში ცვლილებების შესახებ” კანონის პროექტის მოკლე ანალიზი და ჩვენი რეკომენდაციები.

კანოპროექტის მიზანი

კანონპროექტთა განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების წესს. სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, საკანონმდებლო პაკეტის თანხმად, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსში. კერძოდ, კოდექსს ემატება VII (11) და VII (12) თავები, რომლებიც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

რა შემთხვევაში მიიღებს საგამოძიებო ორგანო პირის საბანკო ინფორმაციას

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მსგავსი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ პროკურატურაში გადასახადის გადამხდელზე საქმის აღძვრის და სასამართლო ნებართვის მოპოვების შემდეგ შეუძლია. ცვლილებების მიხედვით კი, საგადასახადო ორგანოს უფლება ენიჭება, საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკიდან გამოითხოვოს პირის კონფიდენციალური ინფორმაცია.

შემოთავაზებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო საიდუმლოების მიღების ორი მექანიზმია შემოთავაზებული:

  1. ერთ შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი ინფორმირებულია სასამართლო პროცესის შესახებ და ჩართულია სასამართლო პროცესში,

  2. ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლო პროცესი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ანგარიშის მფლობელის ინფორმირების და სასამართლო პროცესში მისი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. პირს არც სასამართლო პროცესის შემდეგ ეცნობება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და არ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ მიაჩნია, რომ კანონპროექტი მთელ რიგ პრობლემატურ დებულებებს შეიცავს:

  • საგამოძიებო ორგანოს მერ პირის საბანკო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია ისე, რომ პირს ამ ფაქტის გასაჩივრების უფლება არ ეძლევა. კანონპროექტის 21 (50) მუხლის თანახმად, საერთაშორისო ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულების მიზნებისთვის, თუკი რომელიმე ქვეყნის კომპეტენტური ორგანო მოითხოვს საქართველოს რომელიმე საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშის მფლობელის შესახებ ინფორმაციას, სასამართლო საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილება დგება სამ ეგზემპლარად: ერთი ეგზავნება საგადასახადო ორგანოს, ერთი საბანკო დაწესებულებას ან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ერთი რჩება სასამართლოში. შესაბამისად, პირისათვის უცნობი რჩება, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმე მის კონფიდენციალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პირს არ აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება. გასაჩივრების უფლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს აქვს. ამით კი უგულებელყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით აღიარებული დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს პირის უფლებას, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, იდავოს სასამართლოს მინიმუმ ორ ინსტანციაში. ეს ყოველივე ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ძირითად პრინციპს „შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ“ (მე-4 მუხლი); კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

  • საფრთხის ქვეშ დგება პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცულობა. საბანკო საიდუმლოება მკაცრად დაცული პირადი საიდუმლოების კატეგორიაში გადის. იგი ევროკონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან პირადი ცხოვრების კერძო სფერო მოიცავს პირის შემოსავლებისა და ქონების საკითხებს. მართალია პირადი ცხოვრება არ არის აბსოლუტური უფლება, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფრთხილად უნდა დადგინდეს უფლების შეზღუდვის პროპორციულობა, რამდენად აუცილებელია უფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში და რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნების შესაბამისად. თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს უფლების შეზღუდვის პროპორციულობა, რის საშუალება მას არ ექნება რადგან საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული შუამდგომლობაში მიუთითოს თუ რა მიზნით და რა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ჭირდება ეს ინფორმაცია.

  • საგადასახადო ორგანოს ეძლევა შეუზღუდავი დისკრეცია პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში. როგორც აღვნიშნეთ, საგადასახადო ორგანო, კანონპროექტის თანახმად, არ არის ვალდებული მიუთითოს, თუ რისთვის ესაჭიროება მოთხოვნილი ინფორმაცია. შედეგად მათ სასამართლოს თანხმობა შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი დასაბუთების გარეშე.

  • ჩნდება საბანკო საიდუმლოებაზე უვადო კონტროლის საფრთხე. არც საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობაში და არც მოსამართლის ბრძანებაში არ აღინიშნება, თუ რა ვადით მოქმედებს სასამართლოს ბრძანება ანუ რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია მიიღოს საგადასახადო ორგანომ კონკრეტული პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ კანონპროექტის ინიციატორს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტში ასახოს შემდეგი მნიშვნელოვანი პრინციპები:

  • საგადასახო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვაში უნდა მონაწილეობდეს პირი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. პირს უნდა ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება;

  • საგადასახადო ორგანომ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ წარდგენილ შუამდგომლობაში უნდა აღნიშნოს, თუ რა მიზნებით და კონკრეტულად რომელი საფრთხის/სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად ესაჭიროება მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა სასამართლომ დაადგინოს უფლების შეზღუდვის აუცილებლობა და პროპორციულობა. მოსამართლის ბრძანებაც უნდა იყოს დასაბუთებული და აღინიშნოს უფლების შეზღუდვის კონკრეტული საფუძველი.

  • საგადასახადო ორგანომ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია ბანკს, მიიღოს კონკრეტული პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული უვადო კონტროლის საფრთხე.

კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და ზემოთ მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინებით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კანონოპროექტის ამ სახით მიღება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევას გამოიწვევს, არამედ დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგს  საბანკო სისტემას. საბანკო საიდუმლოებასა და პირის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე სახელმწიფოს უვადო კონტროლის დაწესება ასევე ხელს შეუშლის მსხვილი ინვესტიციების შემოსვლას.

კანონპროექტის მიზანია დაბეგვრისა და ადმინისტრირების პროცედურების დახვეწა, აღნიშნული სფეროს ეფექტური და მოქნილი მექანიზმის შემუშავება. დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების დარღვევის გარეშე.

Author: ლიკა საჯაია