ENG

სახელფასო დანამატების არათანაბარი განაწილება აჭარის მთავრობაში

19 მარტი, 2015

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2015 წლის 21 იანვარს მიიღო განკარგულება, რომელიც მთავრობის თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის სახელფასო დანამატების ოდენობას განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირებს შრომის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის გაუორმაგდათ, ხოლო უფრო დაბალი რანგის საჯარო მოსამსახურეები დანამატის სახით ხელფასის ოდენობის ნახევარსაც კი ვერ მიიღებენ.

კერძოდ, განკარგულების თანახმად:

  1. მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები, მათი მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, მინისტრის თანაშემწეები და მრჩევლები 2015 წლის იანვრიდან, ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის 75%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ;

  2. დეპარტამენტის, ადმინისტრაციის და გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარი ბუღალტერი - თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 60 %-იან სახელფასო დანამატს;

  3. დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსები - სარგოს ოდენობის 50%-იან სახელფასო დანამატს;

  4. მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, დამხმარე (ტექნიკური) მოსამსახურეები კი სარგოს 40%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ;

აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს, 2015 წლის 28 იანვარს, დანამატების გაცემის წესის პრესკონფერენციაზე წარდგენისას, არ განუმარტავს, თუ რითი ასაბუთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დანამატების ოდენობების ისეთ განაწილებას, რომელმაც უწყებებში დასაქმებული სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

მინისტრმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მათი მოადგილეები და უფლებამოსილებით დანიშნული პირები პრემიებს აღარ აიღებენ და მათი ზეგანაკვეთური მუშაობა მხოლოდ დანამატებით ანაზღაურდება. მისივე თქმით, პრემიებს აიღებენ მხოლოდ დეპარტამენტების, განყოფილების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

მიუხედავად ამ განცხადებისა, მოქმედი კანონმდებლობა და აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ზემოხსენებული დადგენილება მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, მის მოადგილეებს, უფლებამისილებით დანიშნულ პირებს, სახელფასო დანამატთან ერთად, პრემიის აღებას არ უკრძალავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარის მთავრობის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურდა, რომ 2015 წლის იანვარ-თებერვალში მთავრობის წევრებს პრემია მართლაც არ აუღიათ, თუმცა 2014 წლის დეკემბერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებმა, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და მთავრობის აპარატის უფროსმა პრემია ორჯერ, 24 და 29 დეკემბერს აიღეს.

ამავე წერილში მთავრობის აპარატის უფროსი განმარტავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 21 იანვრის #9 განკარგულება სახელფასო დანამატის ყოველთვიურ გაცემას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება თანამდებობის პირებზე არ ვრცელდება, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 37–ე მუხლის მე–2 პუნქტი განმარტავს დანამატის გაცემის წესს, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოებრის დადგენილებაში სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმ ვადით, რა პერიოდითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.

შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის ყოველთვიურად გაცემა არღვევს ანამატების გაცემის პრინციპს, რადგან იგი შეიძძლება გამოყენებული იქნას, როგორც დროებითი და არა, როგორც ყოველთვიური ღონისძიება.

რაც შეეხება პრემიების გაცემის წესს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1აგვისტოს #27 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებზეც შეიძლება გაიცეს პრემია (დოკუმენტში ასეთ პირებად მოიაზრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, სამინისტროებში, მთავრობისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებში დასაქმებული პირები). ასევე დადგინდა პრემიის ოდენობა და გაცემის სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ და ასევე სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, წელიწადში სამჯერ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს, თუმცა დადგენილება ასევე საჯარო მოხელეებზე პრემიის მეტი სიხშირით და ოდენობით გაცემის შესაძლებლობასაც უშვებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება სახელფასო დანამატების ზღვრული მოცულობების განსაზღვრის შესახებ, ემსახურება კონკრეტული ჯგუფისთვის, კერძოდ კი თანამდებობის პირთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდას. დოკუმენტში ნაკლებად არის გათვალისწინებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეების ინტერესი, რამაც შესაძლოა, საჯარო სამსახურში უთანასწორობის პრინციპი დაამკვიდროს. ამასთან, ზემოხსენებული განკარგულება არ შეესაბამება სახელფასო დანამატის კანონმდებლობით განსაზღვრულ პრინციპს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“