ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ გუბერნატორები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ გუბერნატორები

05 მაისი, 2015

 

თანამდებობის პირთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებზე.

რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიო­ნუ­ლი პოლი­ტი­კის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის რე­ფორ­­მის ცალ­კეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკო­ნო­მი­კური გან­ვი­­თარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული გან­ვი­თა­რების ღონის­ძი­ებებში. აღსანიშნავია, რომ ერთი გუბერნატორის თანამდებობა – გურიის მხარეში — ამ დრომდე ვაკანტურია.

ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ გუბერნატორების შემთხვევაშიც იკვეთება კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან. რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ“ ბანკის, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია. ასევე, საინტერესოა, რომ ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე ან ეს მათი ერთადერთი სამსახური იყო. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას გარკვეული როლი ითამაშა.

გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად, ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ორი გუბერნატორის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას:

  • ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსეს, დამალეს რა საკუთარი და/ან ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს;

  • იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაღვევას.

მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და სამართლებრივი ხვრელის გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც შევიმუშავეთ, რომელსაც, იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.

ქვემოთ, მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეულ გუბერნატორზე:

პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი

 

პაატა ხიზანაშვილი პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. მას ასევე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარეთმცოდნოების ფაკულტეტი და თბილისის პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებში, გუბერნატორის პოზიციაზე დანიშვნამდე კი – „ქართუ“ ბანკში. 2006-2007 წლებში ხიზანიშვილი „ქართუ“ ბანკის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სამსახურის უფროსი იყო, 2007-2014 წლებში კი – საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. 2010 წლიდან დღემდე ხიზანიშვილი არის საქართველოს ფუდოკან-შოტოკან კარატე დოს ფედერაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი.

პაატა ხიზანაშვილის მიერ 2015 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ორ ბინას ქალაქ თბილისში, ასევე მიწის ნაკვეთს სოფელ ლისში. პაატა ხიზანაშვილს დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი მეუღლე სვეტლანა ელბაქიძე არის შპს „კაბრიოს“ (ს/კ 204888719) 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

გივი ჭიჭინაძე, იმერეთის გუბერნატორი

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2015 წლის 23 თებერვალს დაინიშნა, მანამდე კი ის ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. გივი ჭიჭინაძე წლების მანძილზე ანსამბლ „ქართული ხმების“ მომღერალი და სოლისტი იყო.

გივი ჭიჭინაძის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ოთხ ბინას ქალაქ თბილისში, ერთ ბინას ადიგენში, და ერთ სახლს ამბროლაურში. გივი ჭიჭინაძის საკუთრებაშია ასევე Suzuki Grand Vitara-ს მარკის ავტომობილი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე შპს „გროსს ტურ ჯორჯიას“ (ს/კ 400104203) 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. აღსანიშნავია, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. იგი ასევე არის რაგბის კლუბი „ყოჩების“ (ს/კ 202163434) და ააიპ „ქართული ხმების“ (ს/კ - 401988159) გამგეობის წევრი, რაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.

ზურაბ რუსიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი

ზურაბ რუსიშვილმა, რომელიც გუბერნატორის პოზიციას 2012 წლის 13 დეკემბრიდან იკავებს 1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და მართვის ორგანიზაცია საჰაერო ტრანსპორტზე“ სპეციალობით. იგი 1999-2001 წლებში მუშაობდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“, 2002-2004 წლებში იყო „ქართუ“ ბანკის რუსთავის ფილიალი, დირექტორის მოადგილე, 2004-2008 წლებში ამავე ბანკის კლიენტთა მომსახურების ცენტრის უფროსი, 2008-2013 წლებში გორის სერვისცენტრის მენეჯერი, გუბერნატორად დანიშვნამდე კი „ქართუს“ ბანკის ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

ზურაბ რუსიშვილის მიერ 2015 წლის 17 თებერვალს შევსებული დეკლარაციის თანახმად, იგი ფლობს 59.7 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ ბინას ქალაქ თბილისში, ასევე 2003 წელს წარმოებულ BMW X5-ის მარკის ავტომობილს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ რუსიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რაიმე ბიზნესწილი არ არის რეგისტირებული.

ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი

ირაკლი შიოლაშვილი პროფესიით იურისტია, მას დამთავრებლი აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2005-2012 წლებში მუშაობდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების სხვადასხვა სტურტქურულ ერთეულებში, 2013 წლის 13 დეკემბერს გუბერნატორად დანიშვნამდე კი ეკავა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია.

ირაკლი შიოლაშვილის მიერ 2015 წლის 26 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად იგი ფლობს 120 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას ქალაქ თბილიში, ასევე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირებში. მისი მეუღლე თამარ შაფათავა ფლობს 17 კვ.მ. ბინას ქალაქ თბილისში. ირაკლი შიოლაშვილის ასევე საკუთრებაში აქვს 1996 წელს წარმოებული Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილი. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ირაკლი შიოლაშილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რაიმე ბიზნესწილი არ არის რეგისტირებული.

ნუგზარ ყიფიანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნუგზარ ყიფიანმა 1982 წელს დაამთავრა თეატრალული ინსტიტუტი, 1991-1995 წლებში კი სწავლობდა ფსიქოანალიზის შემსწავლელ ცენტრ „მენცარში“. ის არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. 1995-1997 წლებში მუშაობდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“, 1997-2002 წლებში იყო ტელკომპანია „მეცხრე არხის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, 2003-2004 წლებში – ტელეკომპანია „მზის“ პროგრამების მენეჯერი, 2007-2009 წლებში – თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, 2011-2013 წლებში – ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი. გუბერნატორად დანიშვნამდე ყიფიანი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა ტყიბულში.

 

ნუგზარ ყიფიანის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ორ ბინას თბილისში, ასევე მიწის ნაკვეთებს დაბა ურეკსა და თიანეთში. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ნუგზარ ყიფიანისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რაიმე ბიზნესწილი არ არის რეგისტირებული.

ლევან შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენრატორად 2013 წლის დეკმბერში დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იგი პროფესიით იურისტია, ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი 1981 წლიდან 2004 წლამდე უწყვეტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1995-2004 წლებში იყო გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი; გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე კი 2012-2013 წლებში მუშაობდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად.

ლევან შონიას მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ რაიმე სახის ქონებას ან ბიზნესწილებს.

პარმენ მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი

პარმენ მარგველიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. იგი პროფესიით ეკონომისტი და მანქანათმშენებელია. გუბერნატორად დანიშვნამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. 1998-2001 წლებში მუშაობდა კონტროლის პალატაში, 2002-2003 წლებში იყო ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, 2003-2004 წლებში იყო ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინპექციის უფროსი, 2004-2011 წლებში მუშაობდა საგადასახადო ინსპექციის ქუთაისის რეგიონული ცენტრში განყოფილების უფროსის პოზიციაზე (საგადასახადო ინსპექცია). 2011 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებს სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე.

პარმენ მარგველიძის მიერ 2015 წლის 14 თებერვალს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი მამა გიორგი მარგველიძე ფლობს სამ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს ამბროლაურში. მისი მეუღლის ფიქრია წვერავას საკუთრებაშია ქალაქ თბილისში მდებარე 60 კვ.მ. ფართობის ბინა. საჯარო რეესტრის მონაცემებში რაიმე ბიზნესწილი პარმენ მარგველიძისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არ არის რეგისტრირებული.

აკაკი მაჭუტაძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი

აკაკი მაჭუტაძეც გუბერნატორის პოზიციაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მას აქვს საგარეო ეკონომიკურ საქმიანობათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი, 1996-1998 წლებში გაიარა სახელმწიფო უშიშროების აკადემიის სასწავლო კურსი, ასევე კვალიფიკაცია აიმაღლა ეგვიპტეში ხოსნი მუბარაქის სახელობის პოლიციის აკადემიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
აკაკი მაჭუტაძეს 1996-2007 წლებში ეკავა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სხვადასხვა ოპერატიული დანაყოფის უფროსი ოპერატიული თანამშრომელის თანამდებობა. 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ფინანსურ პოლიციაში. 2007-2009 წლებში იყო „სახალხო ბანკის“ უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფის უფროსი. გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე კი ხელმძღვანელობდა შსს-ს სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს.

აკაკი მაჭუტაძის მიერ 2014 წლის 14 აგვისტოს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 75 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ ბინას ქალაქ თბილისში, ასევე 2 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, აკაკი მაჭუტაძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ რაიმე ბიზნესწილებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“