ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ

05 დეკემბერი, 2011

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე საქართველოში ბევრი საუბრობს. არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართელოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” თვლის, რომ სასამართლოს სისუსტე პარლამენტის სისუსტესთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტების უდიდეს საფრთხეს ქმნის. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხშირია საუბარი საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობაზე, რის გამოც ისინი საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ. ქვემოთ მოყვანილია ბათუმში 22 მაისს საპროტესტო აქციებისას დაკავებული 7 მოქალაქის საქმის დეტალები. სასამართლო მოსმენები ამ საქმის გარშემო ჯერ კიდევ გრძელდება და საქართველოს სასამართლოში კომპლექსური პრობლემების არსებობის კარგი მაგალითია. "აღიარების შემთხვევაში ორწლიან სასჯელი და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა შესთავაზა ბათუმში, პროკურორმა პროტესტის 7 მონაწილეს – დავით პარტენაძეს, ვახტანგ სიორიძეს, ანზორ სოლომონიძეს, გოჩა მუხაშავრიას, დიმა ჭეიშვილს, ხვიჩა გამარჯობაძეს და ტარიელ ფუტკარაძე" - გვითხრა ბრალდებულთა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, მზია დიასამიძემ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბრალი ედებათ აჭარის ტელევიზიის შენობის შესასვლელის ბლოკირებაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222–ე მუხლის თანახმად, სასჯელის მისჯის შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებს სულ მცირე ორი წლის ციხეში გატარება მოუწევთ. ამასთანავე, დაკავებულებს სისხლის სამართლის 353–ე მუხლის თანახმად პოლიციისათვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდება წაუყენოს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადიტ ოთხიდან შვიდ წლამდე. ბრალდებულთაგან რამდენიმემ 7 სექტემბერს შემდგარ სასამართლო მოსმენამდე უკვე სცადა პროკურორთან საპროცესო გარიგების დადება. საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკა ფართოდ არის გარცელებული საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში. „ამ შემთხვევაში, შეთანხმება საპროცესო გარიგების თაობაზე ჯერჯერობით ვერ შედგა, რადგან ბრალდების მხარე დაჟინებით ითხოვდა ბრალდებულების ციხეში მოთავსებას სულ მცირე 2–3 წლით“, აცხადებს დიასამიძე. ივლისში, ერთ - ერთმა ბრალდებულმა, ტარიელ ფუტკარაძემ თავი დამნაშავედ სცნო ტელეკომპანიის ბლოკირებაში, ის აგრეთვე დათანხმდა ჩვენება მიეცა დანარჩენი ბრალდებულების წინააღმდეგ და შედეგად, საპროცესო გარიგებით ციხიდან გათავისუფლდა, თუმცა პროცესებს მაინც ესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო გარიგების პრაქტიკა დღემდე ფართოდ გამოიყენება საქართველოს სასამართლო სისტემაში. ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, 2010 წელს, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმეთა 98.3% დასრულდა გამამტყუვნებელი განაჩენით საპროცესო გარიგებების ჩათვლით. პირველი ინსტანციის სასამართლომ 4,089 ადამიანის წინააღმდეგ მოისმინა საქმე; აქედან 0.2% გაამართლა, ხოლო 12% ნაწილობრივ გაამართლა. სასამართლოში არებულ პრობლემებს ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთ–ერთი ბოლო კვლევა საპროცესო შეთანხმების შესახებ. კვლევის შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას აკლია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა. პროტესტის მონაწილეთა დაკავება პროკურატურის მხრიდან გამართლებულია მტკიცებით, რომ ამ ადამიანებმა მოახდინეს აჭარის ტელევიზიის ბლოკირება, მაშასადამე, ხელი შეუშალეს ნებისმიერ ადამიანს შენობის დატოვებასა და მასში შესვლაში. თუმცა, გაზეთი „ბათუმელები“, რომელიც მუდმივად ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმეს, წერს, რომ აჭარის ტელევიზიას სინამდვილეში ორი შესასვლელი აქვს. გაზეთმა აგრეთვე გაავრცელა მცირე ვიდეოჩანაწერი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკანა შესასვლელს. აღნიშნული ეწინააღმდეგება აჭარის ტელევიზიის 5 ჟურნალისტის ვერსიას მომხდარის შესახებ. მათ გამომძიებლებს განუცხადეს, რომ სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, რადგან მომიტინგეებს შენობის წინ პიკეტი ჰქონდათ მოწყობილი. აჭარის ტელევიზიის პროდიუსერი ცირა სურმანიძე აცხადებდა, რომ მან ვერ გაგზავნა ჟურნალისტი რეპორტაჟის მოსამზადებლად, რადგან შენობის გარეთ პროტესტი მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის დირექტორმა სასამართლოს მოახსენა, რომ ტელევიზიის მეორე გასასვლელი ტექნიკური პერსონალის მიერ გამოიყენება და არა ჟურნალისტების მიერ. "საკითხის ირგვლივ დიდი სკანდალია აგორებული და ნებისმიერი განცხადება შეიძლება, სამსახურის დაკარგვის ფასად დამიჯდეს", – უთხრა ტელევიზიის ერთ - ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ და ანონიმურობის დაცვა ითხოვა. სასამართლოს ჯერჯერობით არ მიუღია მხედველობაში გაზეთის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები. პოლიციის სამი თანამშრომელი: ამირან დევაძე, მერაბ აბაშიძე და ვახტანგ არძენაძე პროკურატურამ მოწმეებად დაიბარა. მათ თხოვეს, დაესახელებინათ რომელიმე პოლიციელი, რომელსაც ბრადლებულები თავს დაესხნენ, ვერცერთმა მოწმემ ეს ვერ შეძლო. თუმცა პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ კოლეგებს წიხლებს ურტყამდნენ და ხელს კრავდნენ. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ შეეძლოთ თავიანთი კოლეგების სახეების ამოცნობაც, რომელთაც მათი თქმით, თავს დაესხნენ. სამივე მოწმემ განაცხადა, რომ პოლიციელებს, რომლებიც ბრალდებულთა თავდასხმას ემსხვერპლნენ, სამოქალაქო ტანისამოსი ეცვათ პროტესტის დღეს. ერთ - ერთი მომიტინგის ინტერესების დამცველმა მიიღო იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმხილველი, რომელიც ერთ - ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას, საპროტესტო გამოსვლების დღეს ბათუმში საერთოდ არ იმყოფებოდა. მოსამართლე ვერა დოლიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, მობილური ტელეფონით გაკეთებული ჩანაწერების გამოქვეყნების თაობაზე. აღნიშნული ჩანაწერების მიხედვით შესაძლებელია 21 მაისს მოწმის რეალური ადგილმდებარეობის დადგენა. მოსამართლემ აგრეთვე არ მისცა დამცველ მხარეს აჭარის სახალხო დამცველის ოფისის წამომადგენლის დაკითხვის უფლება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, გოჩა მუხაშავრია ქალაქის მეორე მხარეს დაინახა, მაშინ როდესაც ტელევიზიის წინ პროტესტი მიმდინარეობდა. ვახტანგ სიორიძე ერთ - ერთი ბრალდებულია, რომელმაც ბრალი აღიარა და სთხოვა მოსამართლეს გათავისუფლება. მან მოსამართლეს მოახსენა, რომ მისი ცოლი კიბოს ბოლო სტადიით იტანჯება და მის გარდა ორშვილიან ოჯახს ვერავინ შეინახავს. ვახტანგ სიორიძის ადვოკატმა წარმოადგინა მისი ექიმის წერილი განცხადებით, რომ ბატონ ვახტანგს მენტალური პრობლემები აქვს. დიასამიძის თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის თხოვნა და ის დღემდე დაკავებულია. სასამართლოს დამკვირვებლების განცხადებით, მოსამართლე ვერა დოლიძემ არ დაუშვა ჟურნალისტებს სასამართლო მოსმენის აუდიო ჩაწერა გაეკეთებინათ. საქმე კვლავ განხილვაშია, ხოლო ბრალდებულებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, (საქართველოს სამართლებრივი სისტემა სასჯელის შეკრების წესს ცნობს) თუკი ბრალი დაუმტკიცდათ. გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, (ის აჭარის ტერიტორიაზე სასამართლო პროცესებს აშუქებს), მოსამართლე დოლიძე გამოირჩევა იმით, რომ იშვიათად გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. „უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მახსოვს მხოლოდ ერთი გამამართლებელი განაჩენი, ის დოლიძემ რამოდენიმე კვირის წინ გამოიტანა“– ამბობს თურაძე. საქართველოს სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენის ძალზედ მცირე რაოდენობა, სასჯელის მისჯა და საპროცესო გარიგებები იმდენად ხშირია პრაქტიკაში, რომ მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა სისხლის სამართლის სისტემა ფაქტობრივად „საპროცესო გარიგების სისტემადაა“ გადაქცეული. თუ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს დაესწრებიან, შასაძლოა, მრავალი წლით ციხეში აღმოჩნდენ, – უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ასეთი საშიში, შესაძლოა, გახდეს ბათუმში მიმიდარე სასამართლო პროცესის გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ ის არ წარიმართა სრულიად სამართლიანად და მიუკერძოებლად.

Author: ლიკა ბასილაია–შავგულიძე
Media