გამგებლის პარტიული დავალებები თანამშრომლებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გამგებლის პარტიული დავალებები თანამშრომლებს

28 მაისი, 2012

ამ წლის 24 მაისს ტელეკომპანია მე–9 არხზე გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს (ფარული აუდიო ჩანაწერის სრული ვერსია იხილეთ აქ).

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ვაშაყმაძე მიმართავს თანამშრომლებს: „მიდიხართ თქვენთვის ყველაზე სანდო ადამიანთან, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან, ყველაზე სანდო მეგობართან, ნათესავთან, ნათლულთან, რა ვიცი. ვინც გინდათ, არაა აუცილებელი, დავუშვათ 20 და 50 კაცი, მაქსიმუმ 10 კაცის ჩაწერა, მინიმუმ, რამდენიც შეგიძლიათ.“ ვაშაყმაძე ასევე აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ შეხვედრა არის ძალიან  კონფიდენციალური და მისი ოფიციალური მიზანი არის ვითომ „დისკუსია, თუნდაც ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით“.

ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის (1990) შესაბამისად, პარტია არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფოსთან და ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკურ პარტიის მკაფიო გამიჯვნა.

მიგვაჩნია, რომ ამ ქმედებით შესაძლოა ასევე დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.“ შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამრღვევ პირზე უნდა გატარდეს ამავე კანონის 79–ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

ოზურგეთის გამგებლის ქმედებაში, შესაძლებელია იყოს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიცკერძოდ,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახამად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის მიერ საკუთარი საჯარო უფლებამოსილების გამორჩენისათვის (თავისთვის ან სხვისთვის) გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელითავის დაქვემდებარებულ პირებს სთხოვს პარტიისათვის ხმების მოპოვებას, რასაც ახორციელებს გამგებლის უფლებამოსილების ფარგლებში, დაქვემდებარებულ პირთა ნების საწინააღმდეგოდ და საჯარო სამსახურის შესახებკანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბებით.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნი კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს თანამდებობის პირის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას. სამწუხაროდ ეს ნორმა, როგორც საარჩევნო კოდექსის სხვა მსგავსი ნორმები, ეხება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის დღიდან განვითარებულ მოვლენებს, თუმცა, რადგანაც პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად უკვე დაწყებული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია, მსგავსი მაგალითები ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებად უნდა ჩაითვალოს. ასეთი ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს არსებობას.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ

  • საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, რათა შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება;
  • პროკურატურას დაიწყოს გამოძიება, რამეთუ შეიძლება იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
  • ხელისუფლებას არ დაუშვას მსგავსი შემთხვევების განმეორება მომავალში და მიიღოს ზომები, რათა არ მოხდეს საარჩევნო კოდექსის გვერდის ავლის გზით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს თანასწორი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, რათა არ დაირღვეს პოლიტიკური პატიების, მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები.

Author: ანდრია ნადირაძე
elections