გორის ტელევიზია მარეგულირებელ კომისიას ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშუალებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გორის ტელევიზია მარეგულირებელ კომისიას ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშუალებს

28 აპრილი, 2012

გორის ადგილობრივი ტელევიზია „თრიალეთი-TV” საქართველოს სიხშირეების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადგილობრივი კონკურენტი ტელევიზიისადმი განსაკუთრებულ მობყრობაში ადანაშაულებს.

უკანასკნელი თვების მანძილზე შიდა ქართლის მეორე ადგილობრივი ტელევიზიის – „დია“, ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა. 2011 წლის ნოემბერში  „დია“ შეიძინა გურამ გოგოლაძემ, რომელიც ადგილობრივების განცხადებით, შიდა ქართლის ყოფილი გამგებლისა და ამჟამინდელი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინიტრის ლადო ვარძელაშვილის მეგობარია. თავდაპირველად მაუწყებლობა მხოლოდ ხაშურზე ვრცელდებოდა, მაგრამ  ამჟამად „დიას“ სიგნალი გორშიც ვრცელდება. ბოლო პერიოდში „დიამ“ კონტროლი დაამყარა ადგილობრივ საკაბელო მაუწყებელ „კოსმოსზე“, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის  მონაცემებთ 460 ოჯახზე აქვს წვდომა.

ტელეკომპანია „თრიალეთმა“ „დია“ დაადანაშაულა, რომ იგი არალეგალურად იყენებს სიხშირეს გორში საკუთარი სიგნალის საკაბელო მაუწყებელისათვის მისაწოდებლად.  მას შემდეგ რაც „თრიალეთმა“ მარეგულირებელ კომისიას მიმართა მოთხოვნით გაერკვია, თუ რა სიხშირით მაუწყებლობსგორში „დია“, მარეგულირებელმა „თრიალეთი“ 5,000 ლარით დააჯარიმა სიხშირით უკანონოდ სარგებლობისათვის.  (შედარებისათვის, 2011-ში მარეგულირებელმა კომისიამ ეროვნული არხები „რუსთავი 2 “ და „იმედი“ სარეკლამო მაუწყებლობის წესების სისტემატური დარღვევისათვის თითოეული 2,500 ლარით დააჯარიმა).

თრიალეთის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სარჩელი პროცედურული ხარვეზის გამო წარმოებაში არ მიიღო. ტელევიზია აცხადებს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ მარეგულირებლის მიერ წლების წინ გადაცემული სიხშირით სარგებლობს.

სხვა ადგილობრივი ტელევიზიებისაგან განსხვავებით, „თრიალეთი“ მრავალფეროვან პროგრამებს გადასცემს. მათ შორისაა ახალი ამბების გამოშვება დღეში ხუთჯერ, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილი ყოველდღიური ინტერაქტიული თოქ შოუ  „თქვენი აზრით“ და ყოველკვირეული პროგრამა „სექტორი“, რომელსაც საგამოძიებო ჟუნალისტიკაში მომუშავე სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე უძღვება. (ტელეკომპანია „თრიალეთმა“ გრანტის სახით დახმარება მიიღო აშშ-ს განვითარების სააგენტოს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსაგან, REX/USAID,  რომელიც ასევე უჭერს მხარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობას მედია სექტორში).

 „თრიალეთი TV“-ს დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი აღნიშნავს, რომ „დია“ სამთავრობო მხარდაჭერით სარგებლობს და რომ იგი „თრიალეთის“ გასანადგურებლად შეიქმნა. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით მარეგულირებელი კომისიის მხრიდან არასამართლიან და დისკრიმინაციულ მოყრობას ჩვენს მიმართ. ისინი განვითარების შესაძლებლობას უქმნიან ერთ კომპანიას, მეორეს კი სრულ იგნორირებას უწევენ“, განაცხადა ნანეტაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა  გაერკვია „დიას“ დირექტორის აზრი ამ ბრალდებებზე, მაგრამ მან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჩვენი მხრიდან დაკავშირების მცდელობები უპასუხოდ დატოვა.

„თრიალეთის“ ხელმძღვანელობის თქმით, ტელეკომპანია, რომელიც ზოჯერ წინააღმდეგობრივ, მაგრამ დამოუკიდებელ ხმას წარმოადგენს, მარეგულირებელი კომისიისაგან 2009 წლიდან  ითხოვს ადგილობრივ სიხშირეს, რათა ინტერვიუებისა და შოუების თბილისში  ჩაწერისა და გორის ოფისში გადაცემის საშუალება მიეცეს. კომპანია ასევე ითხოვს არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებას მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. „თრიალეთის“ ხელმძღვანელობის განხცადებით,  პასუხი მარეგულირებელი კომისიისაგან მათ ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ამასობაში მარეგულირებელმა კომისიამ გამოაცხადა აუქციონი გორში ქვე სიხშირის გაცემაზე. აღნიშნული სიხშირე საშუალებას მისცემს „დიას“ საკუთარი  სიგნალი გორის სატელევიზიო ანძიდან მიაწოდოს ადგილობრივ საკაბელო ქსელს, რომელიც აუცქიონის გამოცხადებისათვის არ იყო მის მფლობელობაში. გადაწყვეტილება სიხშირის გადაცემის თაობაზე 1 მაისს 13:00 საათზე იქნება მიღებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  შეეცადა  გაერკვია, რა იურიდიული საფუძველი აქვს „დიას” მიერ გორში მაუწყებლობას ამ ეტაპზე და რა მოტივით ეთქვა უარი „თრიალეთს“ ქვესიხშირის გაცემაზე. მარეგულირებელ კომისიას  კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით  ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.  

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

 

USAIDIREX Georgia

Author: ლიკა შავგულიძე-ბასილაია