ვინ განკარგავს სამომავლოდ საქართველოს სიხშირეებს? შ.პ.ს. „ალფა-კომის“ პრივატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ განკარგავს სამომავლოდ საქართველოს სიხშირეებს? შ.პ.ს. „ალფა-კომის“ პრივატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები

29 ივლისი, 2011

აღნიშნული ბლოგის განახლება მოხდა 2011 წლის პირველ აგვისტოს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შ.პ.ს. „ალფა-კომის“ მართვის უფლება გამოიტანა. შ.პ.ს. „ალფა-კომი“ წარმოადგენს სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას, რომელშიც დასაქმებულია 330 თანამშრომელი და ეს კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 გადამცემ ანძას ოპერირებს. მათ შორისაა თბილისის მთაწმინდის ანძაც. მიმდინარე წლის 18 ივლისს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაიწყო ონლაინ აუქციონი, რომელიც 1 აგვისტოს 17:00 საათზე დასრულდება. მოცემული პერიოდი არასაკმარისი დროა აუქციონის პირობების დასაკმაყოფილებლად, რის შედეგადაც აუქციონში გამარჯვებულმა მართვის უფლებით უნდა ჩაიბაროს ისეთი საკვანძო ობიექტი, რომლიც მონოპილიურად ფლობს რადიო, სატელევიზიო და ტელეკომუნიკაციების მიწოდების სიგნალებს. აუქციონის ასეთი სწრაფი ტემპებით ჩატარება გამორიცხავს მასში იმ უცხოელი თუ ადგილობრივი მყიდველის მონაწილეობას, ვინც არ ფლობს ე.წ.”შიდა ინფორმაციას.” აუქციონის პირობების მიხედვით აუქციონში გამარჯვებულმა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოახდინოს 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება შ.პ.ს. „აფლა-კომში“. თუმცა პირობებში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა სახის ინვესტიციის განხორციელება არის საჭირო; აუქციონის ვებ გვერდი არ შეიცავს მონაცემებს შ.პ.ს. „ალფა-კომის“ საკუთრებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და მისი მდგომარეობის შესახებ. ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელიც კი, აუქციონის ჩატარებისათვის განკუთვნილი 11 დღის განმავლობაში რომელიმე სერიოზული მყიდველის მიერ მომზადდეს ისეთი ოთხწლიანი ბიზნეს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს შ.პ.ს. „ალფა-კომის“ სტაბილურ ფუნქციონირებასა და ინვესტიციისათვის საჭირო მილიონობით დოლარის უსაფრთხოდ დაბანდებას. მიუხედავად იმისა, რომ თავად აუქციონი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება და პროცესი გამჭვირვალეა, აუქციონის პირობები შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობისა და მყიდველის მიერ ბიზნეს წინადადების წარდგენისათვის განკუთვნილი მცირე დროის გამო ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი და კონკურენტული გარემოს მოთხოვნებს. პრივატიზაციის პირობების მიხედვით, მართვის უფლების მოსაპოვებელ ერთადერთ მოთხოვნას მყიდველის მიერ „საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება“ წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული ბუნდოვანი მოთხოვნა სავარაუდოდ თავს შეაკავებინებს პოტენციურ მყიდველებს მონაწილეობა მიიღონ აუქციონში; რთულია ასევე რამდენიმე დღეში “ალფა–კომის” შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება,როდესაც აგვისტოში თბილისის მოსახლეობის უმეტესობა შვებულებაშია გასული. შ.პ.ს. „ალფა-კომის“ მართვის უფლების შეძენისათვის სამინისტრომ საწყის ფასად 100 000 ლარი დააწესა. ონლაინ აუქციონის დაწყების შემდეგ მხოლოდ ერთმა დაინტერესებულმა პირმა გამოხატა შეძენის სურვილი (აუქციონის დაწყებიდან მეოთხე დღეს) და მიმდინარე ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა. გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის შედეგების მიხედვით განსაზღვრული საბოლოო ფასი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოთხ ნაწილად გაწერილი საფასურის გრაფიკის შესაბამისად სახელმწიფოს გადაუხადოს. პირველი წლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს 2012 წლის პირველი აგვისტოსათვის, ბოლო წლის საფასურისა კი - 2015 წლის 1 აგვისტოსათვის. შესაბამისად, გამარჯვებულ მყიდველს შესაძლებლობა ექნება თითქმის ერთი წლის განმავლობაში განახორციელოს შ.პ.ს „ალფა-კომის“ მართვა, ვიდრე პირველი წლის საფასურის გადახდას განახორცელებს. შ.პ.ს. „ალფა-კომი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 სატელევიზიო კომპანიას და მთელ რიგ სატელეკომუნიკაციო საკაბელო ოპერატორებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე კერძო მაუწყებლების არა დისკრიმინაციული და თანაბარი დაშვება შ.პ.ს „ალფა-კომის“ ხელთ არსებული ტექნიკურ საშუალებებსა და სერვისზე. შ.პ.ს. „ალფა-კომის“ მართვის უფლების პრივატიზაციის სწრაფმა და მოულოდნელმა პროცესმა მედია კომპანიებისათვის „გაურკვეველი გარემო“ შექმნა; დამოუკიდებელი მაუწყებლები შეშფოთებულნი არიან პირობებისა და ტარიფების გამო, რომელთაც შ.პ.ს. „ალფა-კომის“ ახალი ოპერატორი მაუწყებელთა სიგნალის გადაცემისათვის დააწესებს. აუქციონის ჩატარებისათვის განკუთვნილი დროის მნიშვნელოვანი გაზრდა და დამატებითი დეტალური ინფორმაცია შ.პ.ს. „ალფა-კომის“ აქტივებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ, კომპანიის მესამე მხარესთან არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების ჩათვლით, მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, რათა დაინტერესებული მხარეთათვის თანაბარი, მიუკერძოებელი და კონკურენტული გარემო შეიქმნას. შ.პ.ს. „ალფა-კომის“ მართვის უფლების პრივატიზაცია დროულია საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდისათვის. 2015 წლისათვის, ერთის მხრივ, დასრულდება შ.პ.ს. „ალფა-კომის“ მართვის უფლების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება და, მეორეს მხრივ, საქართველო ვალდებული იქნება ლიცენზიის მმართველობის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტოს ანალოგიური სიგნალით სატელევიზიო მაუწყებლობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხისმგებელია აღნიშნული პროცესის მართვაზე და ვალდებულია შეიმუშავოს შესაბამისი გადართვის სტრატეგია. ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, თუ როგორ ან ვის მიერ უნდა მოხდეს ახალი ციფრული მაუწყებლობის გადამცემი სადგურების ე.წ. „მულტიპლეკსების“ მართვა. აღნიშნული საქმიანობისთვის საუკეთესო კანდიდატი, სავარაუდოდ, აუქციონის გამარჯვებული იქნება. განახლება: 2011 წლის პირველი აგვისტო: შ.პ.ს. „ალფა-კომის“ მართვის უფლება აუქციონში ერთადერთ მონაწილეზე 110 000 ლარად გაიყიდა, რომელმაც აუქციონის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს მართვის უფლების შეძენის სურვილი გამოხატა. მყიდველის ვინაობა ჯერ არ არის გაცხადებული, როგორც კი მის ვინაობას შევიტყობთ, შევეცდებით აღნიშნული პირისა თუ საწარმოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიოთ.

Author: მათიას ჰუტერი, მამუკა ანდღულაძე
Media