,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტში არსებითი ცვლილებები შევიდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტში არსებითი ცვლილებები შევიდა

17 აპრილი, 2012

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 10 აპრილს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. ამ კანონპროექტის შესახებ შენიშვნები და წინადადებები ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  ადრე გამოაქვეყნა. ამჟამად ყურადღებას გავამახვილებთ იმ არსებით ცვილებებზე, რომლებიც კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ შევიდა:

  • 25–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების ახალი რედაქციის თანახმად, სააგენტომ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა უნდა დაასრულოს და გადაწყვეტილება მიიღოს არა უგვიანეს 6 თვისა, ხოლო საქმის სირთულის გათვალისწინებით ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 15 თვემდე. შესაბამისი პუნქტების თავდაპირველი რედაქცია ადგენდა საქმის მოკვლევის 3-თვიან ვადას, მისი 6 თვემდე გაგრძელების შესაძლებლობით. ვფიქრობთ, სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის და ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშნელოვანია დროული გადაწყვეტილების მიღება.

  • მეორე მოსმენით მიღებისას კანონპროექტის პირველი მუხლის მე–5 პუნქტით „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით უპირატესობა ენიჭებოდა სხვა კანონს, თუ ეს უკანასკნელი სპეციფიკურ ურთიერთობებს განსხვავებულად არეგულირებდა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადრე გამოქვეყნებულ შენიშვნებში ხაზგასმით მიუთითებდა, რომ საჭირო იყო საკანონმდებლო აქტების ურთიერთდამოკიდებულების უფრო მკაფიო და ზუსტი განსაზღვრა, რათა თავად ამ კანონის არსებით აღსრულებას არ შექმნოდა საფრთხე. მესამე მოსმენისთვის კანონპროექტიდან ეს ნორმა ამოღებულ იქნა, რაც თავისთავად მისასალმებელია.  ამავდროულად, კანონში ჩაიწერა ნორმა, რომლის თანახმად ფასწარმოქმნა არ არის კანონის რეგულირების სფერო, რაც იმას ნიშნავს რომ სააგენტოში შესაბამისი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ფასების ხელოვნური მომატების/შემცირების ტენდენციის მოკვლევის დროს არსებითად შეიზღუდება უწყების უფლებამოსილება, რადგანაც მას საშუალება არ ექნება ანალიზი გაუკეთოს დომინანტი ფირმის მიერ დაწესებული ფასის კომპონენტებს.

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაწილეობით შემუშავდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სააგენტოს ხელი მიუწვდება შემოსავლების სამსახურში კომპანიების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. ეს კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში, ხოლო სააგენტოს აღნიშნული უფლება  ასახულია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტის მე–18 მუხლის მე–3 პუნქტში, რაც ცალსახად პოზიტიური ფაქტია.

  • კანონპროექტის 22–ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სააგენტოში საჩივრის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ პირს და არა მხოლოდ მას, ვისაც უშუალოდ მიადგა ზიანი, როგორც ეს მუხლის ძველ რედაქციაში იყო.

  • კანონპროექტის მიხედვით მკაფიოდ არ ჩანს, რომ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ექნება თუ არა უფლება გამოსცეს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტი (ბრძანება) კონკურენციის ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ მას ეს უფლება არ ექნება, საგრძნობლად შესუსტდება სააგენტოს დამოუკიდებლობა.

აღნიშნული ცვლილებები კანონპროექტში აისახა მესამე მოსმენის წინ, თუმცა, მათი განხილვა არ მომხდარა მეორე და მესამე მოსმენით, არც პლენარული და არც საკომიტეტო სხდომის დროს, რასაც აგრეთვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენისთვის დარიგებულ კანონპროექტს არ ერთვოდა  გათვალისწინებული შენიშვნების ნუსხა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კანონპროექტში აღნიშნული ცვლილებების შეტანა და მისი მიღება განხორციელდა  პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით.

 

Author: ნათია კუტივაძე