ინფორმაციის ბიუროკრატიული თავისუფლება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ინფორმაციის ბიუროკრატიული თავისუფლება

14 აპრილი, 2011

საქართველოს შესანიშნავი კანონმდებლობა აქვს ინფორმაციის თავისუფლების მხრივ, მაგრამ, როგორც ჩანს, საჯარო მოხელეები კარგად არ არიან მასში გათვითცნობიერებული ან დიდად არ უნდათ, საზოგადოებამ ეს უფლება გამოიყენოს. კანონის მოთხოვნით საჯარო ინფორმაცია მოთხოვნისთანავე უნდა გაიცეს და არა უგვიანეს 10 დღისა. ეს იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ გასაცემი ინფორმაცია დასამუშავებელია და ამის შესახებ ინფორმაციის მომთხოვნი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაფრთხილებული. საკმაოდ ინფორმირებულმა მოქალაქეებმაც კი არ იციან კანონმდებლობის ყველა ასპექტი. შესაბამისად, როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვენ, მოქალაქეები სახელმწიფო ორგანიზაციებს ენდობიან იმის გასაგებად, რა ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, როგორ და როდის. არასამთავრობო სექტორი თავის საქმიანობაში ინფორმაციის თავისუფლების კანონს კარგად იცნობს და აქტიურად იყენებს. შესაბამისად, აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების გამოყენების წარმატებებსა და წარუმატებლობებსაც და საჯაროდ ასახელებს კანონის დამრღვევ საჯარო დაწესებულებებს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს საამისოდ გაცილებით უფრო ნაკლები რესურსი აქვთ. ჩვენ დავინტერესდით, საჯარო ორგანიზაციები რა ინფორმაციას მიაწვდიდნენ მოქალაქეებს და ექსპერიმენტიც ჩავატარეთ. დავურეკეთ ყველა სამინისტროს და თბილისის მერიას და დავუსვით თითო მარტივი კითხვა მათი საქმიანობის სფეროდან როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სახელის ხსენების გარეშე. დასარეკად გამოვიყენეთ სამინისტროების ოფიციალურ ვებ გვერდებზე მითითებული საკონტაქტო ნომრები და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ნომრები. ექსპერიმენტის შედეგებისაინტერესო გამოდგა:

  • ფინანსთა სამინისტრომ ყველაზე მოკლე პერიოდი მიგვითითა და გვითხრა, რომ პასუხს კითხვის მიღებიდან ერთი დღის ვადაში მივიღებდით;
  • 18 უწყებიდან 8 გვიპასუხა, რომ პასუხს 10 სამუშაო დღის ვადაში მივიღებდით - რაც კანონით დაშვებული მაქსიმალური ვადაა.
  • ერთმა უწყებამ - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ჯერ იკითხა მოქალაქე ინტერესდებოდა ინფორმაციით, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. როცა დავარწმუნეთ, რომ მოქალაქე, გვიპასუხეს, რომ პასუხს შვიდი სამუშაო დღის ვადაში მივიღებდით;
  • ზოგიერთმა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადებს გადააჭარბა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ თავს ორი კვირა მისცა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი - 15 დღე, რომ მარტივ კითხვას გასცეს ოფიციალური პასუხი;
  • განათლებისა და მეცნიერების, და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლება გვითხრეს, რომ მათგან პასუხს 1 თვე უნდა ველოდოთ. თავდაცვის სამინისტრომაც იგივე ვადა დაგვისახელა, თუ კითხვა გადაუდებელ საკითხს არ შეეხებოდა, თუმცა გადაუდებლობის კრიტერიუმები არ განუმარტავს.
  • ყველაზე უცნაური პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაგვცა. გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის ვადები დადგენილი არ არის და პასუხსაც მაშინ მივიღებთ, როცა ჩვენს წერილს განიხილავენ.

საჯარო ინფორმაცია ყველაზე მარტივი და ძლიერი იარაღია მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ამ საკითხის ცოდნა გავზარდოთ საზოგადოებაშიც და საჯარო მოხელეებს შორისაც. ასევე, მოვუწოდებთ სამინისტროებს და სხვა საჯარო დაწესებულებებს, მოამზადონ თავიანთი თანამშრომლები საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობაში და დისციპლინური პასუხისმგებლობა დაუწესონ მათ, ვინც კანონს არღვევს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება .

Author: მარიამ გაბედავა