იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება: მთავარი საკითხები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება: მთავარი საკითხები

20 იანვარი, 2011

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმდინარე გამოსახლებამ, რომელსაც საპროტესტო აქციები და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ამ საკითხით მანიპულირება მოჰყვა, მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. საზოგადოება დევნილთა გამოსახლებებს აღიქვამს როგორც უკიდურესად უსამართლოს. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ამ საკითხის შესახებ ხელმისაწვდომი და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნიდა იმაზე, თუ რა ხდება რეალურად. არც მთავრობას უცდია ნათელი მოეფინა ამ საკითხისათვის. ამის შედეგად ხდება დევნილთა მოწყვლადი ჯგუფის პრობლემების პოლიტიზირება, განზოგადება და არასწორად ინტერპრეტირება. ამჟამინდელი გამოსახლებები არის ნაწილი 2010 წლის აგვისტოში დაწყებული პროცესისა, როდესაც 33 დროებით თავშესაფარში (და სამ კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა რამოდენიმე ათასი ოჯახი უნდა გამოესახლებინათ. საზოგადოების ფართო გამოხმაურების შემდეგ, პროცესი დროებით შეჩერებულ იქნა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად შეადგინა ის პროცედურები(პროცედურების ანექსები იხილეთ სტატიის ქვემოთ), რომელთაც მომავალი გამოსახლებების სამართლიანობა და საქართველოს კანონთან შესაბამისობა უნდა უზრუნველეყო. პროცედურები ახდენს ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის ერთ დოკუმენტში თავმოყრას, რითიც ხაზს უსვამს პროცესში ჩართული ყველა მხარის მოვალეობასა და უფლებას. პროცედურები არ ახდენს დევნილთათვის დამატებითი უფლებების გარანტირებას და არც ქართული კანონმდებლობა იცავს გამოსახლების მუქარის ქვეშ მყოფთა უფლებებს. პროცედურები არც ისეთ საკითხებს არ ეხება, როგორიცაა გამოსახლების შემდგომ ახალ საცხოვრებელ ადგილზე განათლებისა ან დასაქმების შესაძლებლობები. ამ საკითხებზე ყურადღება გაამახვილა უოლტერ კალინმა, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილთა უფლებების დაცვის საკითხში, მისი პირველი ვიზიტისას თბილისში, 2010 წლის სექტემბერში. თბილისის მასშტაბით, 21 დროებით თავშესაფარში მცხოვრები დაახლოებით 600 დევნილი ოჯახი ახალი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოასახლონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განვასხვავოთ დროებითი თავშესაფარი და კომპაქტურად განსახლების ობიექტი, თუმცა ამას ძირითადად ყურადღებას არავინ აქცევს და ეს ორი ტერმინი არამართებულად გამოიყენება. დროებითი თავშესაფრები აშენდა დევნილთა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გამოექცა აგვისტოს ომს, მაშინ როდესაც, კომპაქტურად განსახლების ობიექტი, ოფიციალურად დაარსდა 1996 წელს და გათვალისწინებული იყო 1990–იანების კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილებისათვის. დღესდღეობით მიმდინარე გამოსახლებები ეხება დროებით თავშესაფრებში არალეგალურად მცხოვრებ დევნილებს, არ უნდა მოხდეს ამ პროცესისა და კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან გამოსახლების პროცესის ერთმანეთში არევა. ოქტომბერში ჩვენ მოვინახულეთ დევნილები, რომლებიც გამოასახლეს მაჩაბლის ქუჩაზე არსებული დროებითი თავშესაფრიდან. ისინი არიან „პირველი ტალღის“ დევნილები, რომლებიც ამ შენობაში გადმოსახლდნენ აგვისტოს ომის შემდგომ. 2008 წლამდე ისინი ცხოვრობდნენ ნაქირავებ სახლებში, ან ნათესავებთან თბილისში და, მათი თქმით, იყვნენ რეგისტრირებულნი ამ საცხოვრებელ ადგილებში. აგვისტოს გამოსახლების შემდგომ, მათ შესთავაზეს გარემონტებული ალტერნატიული ფართი ფოცხო–ეწერში (დასავლეთ საქართველო), თუმცა მათ ამ ფართის მიღებაზე უარი თქვეს და ამჟამად ისინი საკუთარი ხარჯებით ქირაობენ საცხოვრებელ ფართს თბილისში. ოჯახების გარკვეული ნაწილი დათანხმდა ფოცხო–ეწერში გადასახლებას. შენობა, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი იყო ყოფილი თავშესაფარი ენგურის კაშხალსა და ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე მუშებისათვის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროკავშირის დაფინანასებით დახარჯა 5.2 მილიონი ლარის ოდენობის თანხა 2010 წელს, რათა გაერემონტებინა ამ კომპლექსში შემავალი 3 შენობაში არსებული 382 ბინა. ჩვენ არ მოგვინახულებია ეს ადგილი, თუმცა გადმოცემით, იგი არის იზოლირებული, მოშორებული ურბანული ცენტრებისა და სატრანსპორტო მარშრუტებისაგან, სკოლების, მაღაზიების, სასოფლო–სამეურნეო მიწების, ბაზრისა თუ დასაქმების საშუალებებისაგან. ბევრ დევნილს, რომელიც გამოსახლების წინაშე დგას, შესთავაზებენ ზუსტად ასეთი სახის „მიუღებელ“ ალტერნატიულ ფართს. ეს იმიტომ ხდება, რომ „პირველი ტალღის“ დევნილებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან კერძო ბინებში, ეკუთვნით თავშესაფარი „საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტრატეგიის“ გათვალისწინებით, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. ამ გეგმის მიხედვით ბევრი შეძლებს თბილისში საცხოვრებლის მიღებას. ფოცხო–ეწერის შემოთავაზება მათთვისაა, ვინც თავშესაფრის გარეშე დარჩა, ან ვისაც არ ეკუთვნის თავშესაფარი თბილისში, რადგან ისინი დედაქალაქის გარეთ არიან რეგისტრირებულნი. სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საცხოვრებლის მიცემის საკითხში პრიორიტეტს ანიჭებს კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს, რისთვისაც რამოდენიმე პრაგმატული მიზეზი არსებობს: პირველ რიგში, კომპაქტურად განსახლების ობიექტის გარემონტება ბევრად უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე მთელი საქართველოს მასშტაბით კერძო სექტორში მცხოვრები ათი–ათასობით დევნილის ინდივიდუალური საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია ზოგადი წარმოდგენის შექმნა იმის შესახებ დევნილთა რომელ ჯგუფს აქვს უკეთესი ან უარესი საცხოვრებელი პირობები. თუ დანიური ლტოლვილთა საბჭოსა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაკვეთით 2008 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს, საცხოვრებლის მხრივ, უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, ვიდრე მათ, ვინ კერძო სექტორში ცხოვრობს, იმავე ორგანიზაციის მიერ 2010 წელს განხორციელებული კვლევა გვეუბნება, რომ სამეგრელოში კერძო სექტორში მობინადრე დევნილების 25 პროცენტი „ძალზე ცუდ“ პირობებში ცხოვრობს. რადგან დევნილთა რეგისტრაციის მონაცემები მოძველებულია, არაზუსტი და შესაბამისად არასანდოა სამინისტრო არ დაეყრდნო ამ მხოლოდ მონაცემებს პირველი ტალღის დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის დროს, ამის ნაცვლად გადაწყვეტილებები მიღებულ იქნდა „ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის“ პრინციპის მიხედვით. თუმცა, დევნილთა დროებითი თავშესაფრიდან გამოსახლების შემთხვევაში, „ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი“ არ აძლევს დევნილს ამ ადგილზე ცხოვრების უფლებას. როგორც ჩვენ ვიცით, არ არსებობს რაიმე კანონი ან სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა სპეციალურ პროცედურებს ამ პრინციპის გამოყენებისათვის. თუმცა, დევნილები თვლიან რომ ეს უსამართლოა. არ არის გასაკვირი, რომ ისინი ამას აპროტესტებენ და რომ ოპოზიციური პარტიები სარგებლობენ ამ მდგომარეობით რომ წარმოადგინონ დევნილთა ინტერესები. მთავრობის მდგომარეობა ნამდვილად არაა შესაშური. ბევრი დევნილი, რომელთა გამოსახლებაც ახლა მიმდინარეობს თავის დროზე უკანონოდ შესახლდა დროებით თავშესაფრებში, თუმცა ისინი მაინც თვლიან რომ მათ ეკუთვნით ისეთი საცხოვრებელი, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დევნილები აზრით, მათ აქვთ გადაუდებელი საჭიროებები. უკანასნელი ორი წლის განმავლობაში მთავრობამ დევნილთა საკმაოდ დიდი ნაწილი, როგორც ძველი ისე ახალი დევნილები, უზრუნველყო ხანგრძლივვადიანი საცხოვრებლით. ჩვენ ხშირად კრიტიკულად ვაფასებთ ამ პროცესის ზოგიერთ ასპექტს, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული საკითხის მოცულობა და სირთულე. სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს გამოსახლებაზე, ფულად კომპენსაციასა და პრიორიტეტებზე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ცოტას თუ ესმის, რომ ამ პროცესში მთავარ როლს ისეთი პრაგმატული შეხედულებები თამაშობს როგორიცაა, ხარჯები და მოცულობა, თუმცა ასეთი ხარჯ-ეფექტური მიდგომის მთავარი მინუსი ისაა, რომ ყველაზე მოწყვლადი ოჯახები ხშირად ვერ იღებენ სარგებელს. საჭიროა მთავრობის გადაწყვეტილბების უფრო ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაანელებს საზოგადოების უკმაყოფილებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებს დევნილთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მონიტორინგს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიან შესაბამისი მთავრობის წარმომადგენლები და დონორები, რომლებიც ახორციელებენ დევნილთა პოლიტიკის კოორდინაციას. ამ სტატიის მეორე ვერსია გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიბერალის“ დღევანდელ ნომერში დევნილთა გამოსახლებისა და განსახლების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანართები: Annex 1 Shelter Standards.xls Annex 2 Profiling report format-Geo.xls Annex 3 Notification Letter GEO.pdf Annex 4 post-relocation monitoring checklist GEO.xls Annex 5 post vacation report format-GEO new.xlsx

Author: ქეითლინ რაიენი და ლაშა გოგიძე