რა იგულისხმება პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა იგულისხმება პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენაში

08 თებერვალი, 2012

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით (N4, 2012 წლის 18 იანვარი), დამტკიცდა კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის ახალი წესი. ამ წესის თანახმად, კომერციულ ბანკებს დაეკისრათ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, აღნიშნავს შემდეგს:

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილი გახდა არაერთი შემთხვევა (კორუფციული სქემა), როდესაც  კორუმპირებული მაღალი თანამდებობის პირები ისაკუთრებენ სახელმწიფო აქტივებს, იღებენ ქრთამს და თავიანთი მოპარული აქტივების „გასათეთრებლად“ იყენებენ ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო სისტემებს, კერძოდ, კომერციულ ბანკებს.

ფართომასშტაბიანი კორუფცია და „გათეთრებული“ ფულის საერთაშორისო ნაკადები იწვევს საფინანსო სისტემების დესტაბილიზაციას, არყევს საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობას, აზიანებს შესაბამისი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ღონისძებების ეფექტიანობაზე. ამ და სხვა უარყოფითი შედეგების პრევენციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო სპეციალური ზომები. კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) 52–ე მუხლი, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე–6 რეკომენდაცია, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის 2005/60/EC დირექტივა (მუხლი 3(8) და მუხლი 13) და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგულაცია. ,,სათანადო საბანო პროცედურები კლიენტებისთვის” (41–ე პარაგრაფი) ეხება პოლიტიკურად აქტიურ პირებს (PEP – “Politically Exposed Persons”) და პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებულ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც დანერგილი უნდა იყოს საფინანსო ინსტიტუტებში მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზემოაღნიშნული (N4) ბრძანების მე–7 მუხლის რეგლამენტაცია, რომელიც შეეხება ბანკის ვალდებულებებს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან მიმართებით, ფაქტობრივად არის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე–6 რეკომენდაციით გათვალისწინებული დებულებების იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში. კერძოდ, ამ ბრძანების აღნიშნული მუხლის თანახმად, ისევე როგორც   FATF–ის შესაბამისი რეკომენდაციის მიხედვით, თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ბანკმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ამ პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ამ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბანკი ვალდებულია, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ამის შესახებ, გაატაროს მონიტორინგის შესაბამისი ღონისძიებები.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულია ტერმინი „პოლიტიკურად აქტიური პირი“ –  უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და რომელიც ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.

ამავე ბრძანებაში მოცემულია პოლიტიკურად აქტიური  პირების ჩამონათვალი (ესენია: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი).

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – FATF–ის რეკომენდაცია შეეხება მხოლოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს და არა „სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოღვაწეს“. მეტიც, ეს რეკომენდაცია „საშუალო და დაბალი თანამდებობის პირთა“ კატეგორიას განიხილავს, როგორც გამონაკლისს. საქართველოს ახალი კანონმდებლობა კი “პოლიტიკურ მოღვაწე” პირებსაც ამ რეგულაციების ქვეშ ახვედრებს, რის გამოც შეიძლება ითქვას რომ იგი უფრო მკაცრია ვიდრე ეს რეკომენდირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრძანების ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე“ და დაზუსტდეს ტერმინი „პოლიტიკურად აქტიური პირი“.

Author: ნათია კუტივაძე