საქართველოს შეუძლია საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს შეუძლია საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესოს

20 ოქტომბერი, 2011

“დემოკრატიის და სამართლის ცენტრისა” და რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის “დაუსვი შენს მთავრობას 6 კითხვა” მიხედვით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით საქართველო მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მაღალი რეიტინგისა, მთავრობამ საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს. რადგან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მკვლევარებმა მონაწილეობა მიიღეს ანგარიშზე მუშაობის პროცესში, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ანგარიშში შესულ რიგ საკითხებზე და შევასწოროთ ის უზუსტობები, რაც ქართულმა მედიამ ამ ანგარიშის შესახებ გუშინდელ სიუჟეტებში გაუშვა.


ერთ-ერთ უზუსტობად შეიძლება ჩაითვალოს ტელეკომპანია ‘’იმედზე’’ გასული ინფორმაცია, რომ ზემოთაღნშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მოწინავე ქვეყანად დასახელდა. მოცემულ ანგარიშში არ მომხდარა ქვეყნების რანგირება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.


ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციას 6-დან 4 შემთხვევაში სრულად გასცემენ, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში პასუხი არასრულია. კითხვები სამ თემატურ კატეგორიად დაიყო: დედის და ბავშვის ჯამრთელობა, გარემოსდაცვა და საერთაშორისო დახმარება. ანგარიშმა აჩვენა, რომ საშუალოდ პასუხის გასაცემად უწყებებს 11 კალენდარული დღე დასჭირდათ, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულ ექვსივე შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა დაიცვეს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი წესები.


რეიტინგში საქართველოს მეორე ადგილი უფრო იმაზე მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე იმაზე, რომ საქართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემა უნაკლოდ ხდება და ამ მხრივ ქვეყანაში გამოსასწორებელი არაფერია.


კვლევის “დაუსვი შენს მთავრობას 6 კითხვა” შედეგებზე გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ კითხვების საკმაოდ მცირე რაოდენობა გაიგზავნა. კვლევა “დაუსვი შენს მთავრობას 6 კითხვა” 2009 წელს განხორციელდა, თუმცა ანგარიში 2011 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. რიგი შედარებით ახალი კვლევები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ საქართველოში სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.


პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საჯარო ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის მიერ 2011 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევა. ორგანიზაციამ 539 კითხვა გაუგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს. საჯარო ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა გაგზავნილი წერილების მხოლოდ 52%-ზე მიიღო პასუხი, წერილების 48% უპასუხოდ დარჩა. გაგზავნილი წერილების მხოლოდ 33%-ს გაეცა სრული პასუხი.


ჩვენ თავადაც ჩავატარეთ ინფორმაციის გამოთხოვის კვლევა 2010 წელს, როგორც ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზის ნაწილი, რომლის შედეგებიც 78.8% შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა (პასუხები იურიდიულად გამართული იყო). ეს უკანასკნელი აღემატება საჯარო ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის მიერ მიღებულ შედეგებს, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაში არადამაკმაყოფილებელი პასუხების რიცხვი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში.


ჩვენმა ორგანიზაციამ ასევე ცალკე კვლევა ჩაატარა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ იმის დასადგენად, თუ რამდენად დამაკმაყოფილებლად პასუხობენ დასმულ შეკითხვებს სახელმწიფო უწყებებში. ჩვენმა თანამშრომლებმა, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, დარეკეს სხვადასხვა სამინისტროებსა და თბილისის მერიაში, სადაც უსვამდნენ საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებულ კითხვებს. ხშირ შემთხვევაში გაცემული პასუხები არასწორი იყო, რაც მიუთითებს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების გადამზადების საჭიროებაზე.


ზემოთაღნიშნული სამი კვლევის განსხვავებული შედეგები ცხადყოფს, რომ ინფორმაციის გაცემის მხრივ საქართველოში არაერთგვაროვანი ვითარებაა.


ჩვენ ამჟამად სარჩელი გვაქვს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო. მსგავს შემთხვევას 2010 წელს ჰქონდა ადგილი, სადაც იმავე საფუძვლით ვუჩივლეთ თბილისის მერიას. მიუხედავად დავის ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტისა, პასუხი მერიისგან დღემდე არ მიგვიღია.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო