"ფულის გათეთრება" ქართულად - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"ფულის გათეთრება" ქართულად

28 ოქტომბერი, 2011

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 18 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს ბანკ "ქართუს" თანამშრომლები, რომელთაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული (არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ერთი მილიონი ევრო და ორი მილიონი ამერიკული დოლარი). სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე–3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება). საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტერმინი "ფულის გათეთრება" გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, თავის მხრივ, ნიშნავს უკანონო საქმიანობიდან (როგორებიცაა: იარაღით უკანონო ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კორუფცია, კომპიუტერული მაქინაციები და სხვა) მიღებული ფულისათვის ან სხვა ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემას, აგრეთვე უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის, ანდა ქონებრივი უფლების დამალვას. უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაცია, ანუ კანონიერ ფინანსურ და ქონებრივ სივრცეში გადატანა, უმნიშვნელოვანესია კრიმინალური წრეებისათვის, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას. როგორც "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი იყო ბანკ "ქართუდან" ანაბრების გატანის მაჩვენებელი და საბანკო ანგარიშების სხვა ბანკებში გადატანის მოთხოვნა. მისი განმარტებით, ბანკმა "საქართველოს ბანკიდან" ნაღდი ფულის რესურსების შევსება ("ფულის გამაგრება") გადაწყვიტა კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის შეფერხების თავიდან ასაცილებლად. მისივე განცხადებით, ბანკის ხელმძღვანელობამ ნაღდი ფულის რესურესების შევსება "საქართველოს ბანკის" დახმარებით იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას იმ დროისთვის ნაღდი ფულის რესურსი ჰქონდა. ეს ოპერაცია კი შემდეგნაირად განხორციელდა: "კომერც ბანკსა" (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და "დოიჩე ბანკში" (ამერიკის შეერთებული შტატები) არსებული "ქართუს" ანგარიშებიდან იმ ანგარიშზე, რომელიც ბანკს გახსნილი აქვს "საქართველოს ბანკში", გადმოირიცხა შესაბამისად ერთი მილიონი ევრო და ორი მილიონი დოლარი. ბატონი ჯავახიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ბანკ "ქართუს" უცხოურ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე ჰქონდა ფული. სავარაუდოდ, ამ ანგარიშებზე ფულის განთავსებისას თანხების წარმომავლობა პირველ რიგში ფინანსურ ოპერაციაში მონაწილე უცხოურ ბანკებს (ანუ "დოიჩე ბანკსა" და "კომერც ბანკს") უნდა შეემოწმებინათ, რადგან ქვეყნები, რომელთა ბანკებიდანაც გადმორიცხვა მოხდა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის – ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) – წევრები არიან და საბანკო სისტემაში დანერგილი აქვთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონტროლის სპეციალური მექანიზმები. გარდა ამის, ეს ბანკები არ მიეკუთვნებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონის ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს. საქართველოს კანონმდებლობა, თავის მხრივ, განსაზღვრავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოებს. მონიტორინგის განმახორციელებელმა ორგანომ (მოცემულ შემთხვევაში "საქართველოს ბანკი") განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საეჭვო ზონაში მოქმედი საბანკო ანგარიშიდან თანხის გადმორიცხვას ან საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებულ გარიგებას და ფულის წარმოშობის კანონიერებაში ეჭვის შეტანისას ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა აცნობოს. შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდისას (რომ ოპერაცია საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით) ფინანსური მონიტორინგის სამსახური სათანადო მასალებს აწვდის საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. ამ დროისათვის ცნობილი არ არის, რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები და რა გახდა აღნიშნული საბანკო ოპერაციის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ("ფულის გათეთრებასთან") დაკავშირების საფუძველი. მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს – თუ შესაბამისი ბანკებიდან ბანკ "ქართუს" ანგარიშზე თანხების გადმორიცხვას მიეცემა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ("ფულის გათეთრების") კვალიფიკაცია, მაშინ აღნიშნული უცხოური ბანკები ასევე ხდებიან ამ პროცესის (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – დანაშაულის) თანამონაწილეები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აღნიშნული მოვლენების შეფასებისას იმედოვნებს, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები უახლოეს მომავალში წარმოადგენენ დეტალურ ინფორმაციასა და მეტ მტკიცებულებებს საზოგადოებისათვის საინტერესო ამ საქმესთან დაკავშირებით.

Author: ნათია კუტივაძე