წიაღისეულის აუქციონმა ვერ შეძლო დიდი ინვესტორების მოზიდვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

წიაღისეულის აუქციონმა ვერ შეძლო დიდი ინვესტორების მოზიდვა

01 მარტი, 2012

შპს „მაინინგ ინვესთმენთს” ის ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 29 თებერვალს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში. აუქციონზე შიდა ქართლის რეგიონში ოქროს, სპილენძისა და სხვა ძვირფასი მინერალების შესწავლა-მოპოვებაზე 27 წლიანი ლიცენზია იყო გამოტანილი. აღნიშნულმა კომპანიამ ლიცენზია 110.5 მილიონ ლარად მოიპოვა (აუქციონის საწყისი ფასი 110 მილიონი ლარი იყო).

შპს „მაინინგ ინვესთმენთსი” თბილისში 2012 წლის 13 თებერვალს, აუქციონის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა. (აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება პირველად 2012 წლის 19 იანვარს გამოქვეყნდა). ლიტვის მოქალაქე ალვიდას ბრუსოკასი არის შპს „მაინინგ ინვესთმენთის” დირექტორი და ერთადერთი მფლობელი. კომპანიის იურიდიული მისამართია გუდიაშვილის მოედანი №4, იურიდიული კომპანია BLC-ის შენობაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბევრი დრო არ ჰქონდა ამ პროცესის მონიტორინგისათვის: აუქციონი დასრულდა ერთ წუთში, მას შემდეგ რაც სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ შპს „მაინინგ ინვესთმენთსმა” მოიპოვა ლიცენზია 110.5 მილიონ ლარად (ეს თანხა ერთი ბიჯით მეტია საწყის თანხაზე).

როგორც ჩვენს წინა ბლოგში ავღნიშნეთ, ბოლნისში არსებული წიაღისეულის საბადო ძალიან ძვირფასი და მიმზიდველი რესურსია და ის ფაქტი, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესი არ იყო მიმართული შესაბამისი გამოცდილების მქონე ბევრი საერთაშორისო ინვესტორის მოსაზიდად.

თავად ბრუსოკასი აღნიშნულ აუქციონს არ ესწრებოდა. დამსწრეთაგან ჩვენ ვიცანით ერთი პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ ბრუსოკასის კომპანიის წარმომადგენელი იყო. წინა აუქციონზე ეს პიროვნება შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს” წარმოადგენდა, რომელმაც ოქროსა და სპილენძის მოპოვების მეორე დიდი ლიცენზია მიიღო 2011 წლის ოქტომბერში და რომლის მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციაც საკმაოდ ბუნდოვანია.

მომდევნო დღეებში ჩვენ მოგაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აუქციონების შესახებ.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო