2015 წლის თბილისის ბიუჯეტი: სიახლეები და პრობლემები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2015 წლის თბილისის ბიუჯეტი: სიახლეები და პრობლემები

22 დეკემბერი, 2014

 

19 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით საბოლოო ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა, განსაკუთრებით – ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.

2015 წელს დედაქალაქის შემოსავლები 2014 წელთან შედარებით 47.59 მილიონი ლარით იზრდება (7.2 პროცენტი), ხოლო ხარჯები – 38.15 მილიონი ლარით (5.78 პროცენტი).

1. ძირითადი შეფასებები

  1. 2015 წელს სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 170 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მეტისმეტად დიდი თანხაა, იმისთვის, რომ თბილისში სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯოს მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს თბილისის სოციალური დაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს. ამასთანავე, 2015 წელს იზრდება სხვადასხვა შეღავათით მოსარგებლეთა წრე.

  2. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროგრამული დანართი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს პროგრამული ბიუჯეტი გაცილებით უკეთ შეესაბამება პროგრამული ბიუჯეტის მოთხოვნებს, ვიდრე საქართველოს მთავრობის ან რომელიმე სხვა თვითმმართველობის პროგრამული ბიუჯეტი.

  3. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით (73.44 პროცენტი) იზრდება, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით (4.45 პროცენტი).

  4. 2015 წლის თბილისის დამტკიცებული ბიუჯეტის დეფიციტი  2012 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის დეფიციტთან შედარებით 143.6 პროცენტით იზრდება, ხოლო 2012 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის დეფიციტთან შედარებით  196.6 პროცენტით. 

2. პრიორიტეტები და სიახლეები

უმთავრესი სიახლე 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში მისი პროგრამული დანართია, რითიც თბილისის მთავრობამ საუკეთესო პრაქტიკის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ისევე როგორც აჭარის მთავრობამ თავისი 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტით აჩვენა მისაბაძი მაგალითი. 2015 წლის თბილისის პროგრამული ბიუჯეტი დეტალურ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რის გაკეთებასაც თბილისის მთავრობა 2015 წლის მანძილზე აპირებს, რაც ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

2015 წელს თბილისის მთავრობის სამი გამოკვეთილი პრიორიტეტია:

(1) ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა. 2014 წელთან შედარებით 12.6 მილიონი ლარით იზრდება და ხდება 205 მილიონი ლარი, რაც მთლიანი ხარჯების 29.37 პროცენტია. ჯანმრთელობის დაცვა 10.37 მილიონი ლარით იზრდება (43.1 პროცენტი), სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები კი 2.24 მილიონი ლარით 168.71 მილიონი ლარიდან 170 მილიონ ლარამდე იზრდება (1.33 პროცენტი). 170 მილიონი ლარი მეტისმეტად დიდი თანხაა, იმისთვის, რომ თბილისში სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯოს მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს თბილისის სოციალური დაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს.

სოციალური დაცვის სფეროში იზრდება შეღავათები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. პირველ ვერსიასთან შედარებით, თბილისში მცხოვრები 70,000 სარეიტინგო ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახზე გამოიყოფა დახმარება წელიწადში 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად – 250 ლარისა.

ასევე, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირება. უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ მოქალაქეთა ისეთი ახალი კატეგორიები, როგორიცაა ყოფილი პოლიტპატიმრები (პროგრამულ დანართშია მითითებულია სიტყვა პატიმრები, თუმცა ეს კატეგორია ძირითადად პოლიტპატიმრებს მოიცავს), თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები (დამლაგებელი, მეეზოვე, სპეცმორიგე, ბრიგადის დამგველი, მუშა, დამხმარე მუშა, მძღოლი) უფასო მგზავრობის ხარჯები.

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 100,000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მე-3 ბავშვზე მიიღებენ 800 ლარს, მე-4 ბავშვზე – 1000 ლარს და მე-5 და შემდგომ ბავშვზე – 1500 ლარს.

2015 წელს ამოქმედდება ახალი პროგრამები/ქვეპროგრამები, რომლითაც 100,000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ყოველ ახალშობილზე გამოიყოფა 500 ლარიანი დახმარება. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება გაიზრდება 800,000 ლარის, ხოლო სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება მილიონი ლარით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა 400,0 ათასი ლარით.

(2) განათლება. 2014 წელთან შედარებით იზრდება 13.02 მილიონი ლარით 92.63 მილიონ ლარამდე (16.36 პროცენტი).

საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაფინანსდება 20.32 მილიონი ლარით. დაგეგმილია 8 ახალი ბაღის აშენება, რაც გააჩენს 4,000 აღსაზრდელით მეტის მიღების შესაძლებლობას.

(3) საბინაო-კომუნალური მეურნეობა. 2014 წელთან შედარებით იზრდება 20.89 მილიონი ლარით 164.56 მილიონ ლარამდე (14.55 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით 62.62 მილიონ ლარამდე იზრდება დასვენებისა და კულტურის ხარჯებიც (16.36 პროცენტი).

დიაგრამა 1. სად იზრდება დაფინანსება 2015 წელს 2014 წელთან შედარებით (%)

3. პოზიტიური ცვლილებები

  1. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს მისი პროგრამული დანართი, სადაც მოცემულია გაცილებით მეტი ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების და სხვა ღონისძიებების შესახებ, ვიდრე მანამდე ოდესმე ყოფილა მოცემული. 2015 წლის თბილისის პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ხარჯთაღრიცხვის იმ ელემენტებს, რომელთა ბიუჯეტში მითითებაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გასაზრდელად. ამასთან, თბილისის მთავრობამ საქართველოს მთავრობის პროგრამული ბიუჯეტის სრულიად არადაეკვატურ ფორმატს დაამატა პროგრამული ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება შუალედური და საბოლოო შედეგების ინდიკატორების განსაზღვრა.

  2. 2015 წელს დედაქალაქის საგადასახადო შემოსავლები 2014 წელთან შედარებით 32.3 მილიონი ლარით იზრდება (25.29 პროცენტი).

  3. მაშინ როდესაც ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება სხვა შემოსავლების კლების ტენდენცია, სხვა შემოსავლები თბილისში 2013 წლიდან მოყოლებული იზრდება.

4. პრობლემები

  1. 2015 წლის თბილისის დამტკიცებული ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის დეფიციტთან შედარებით 143.6 პროცენტით იზრდება, ხოლო 2012 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის დეფიციტთან შედარებით  196.6 პროცენტით. ამასთან, 2015 წლის თბილისის დამტკიცებული ბიუჯეტის დეფიციტი 2013 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის დეფიციტთან შედარებით 300 პროცენტით იზრდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ დეფიციტი ძირითადად არაფინანსური აქტივების, ანუ ქონების, შექმნის ხარჯზე იზრდება. მიუხედავად ამისა, დეფიციტის ამგვარი ნახტომისებური ზრდა ფისკალურად არამდგრადი მიდგომაა.

  2. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით (73.44 პროცენტი) იზრდება, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით (4.45 პროცენტი).

  3. ამასთანავე, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 3.03 მილიონი ლარით იზრდება აღმასრულებელი ორგანოების მთლიანი მმართველობითი ხარჯები (5.39 პროცენტი).

  4. ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება და მთლიანი ხარჯების 29.37 პროცენტს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კაპიტალური დანახარჯები, რადგან მთავრობის კაპიტალური დანახარჯების ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა კაპიტალური დანახარჯები შესაძლებელია გაზრდილიყო არა დეფიციტის 200 პროცენტიანი ზრდით, არამედ სოციალური დანახარჯების შემცირებით.

  5. 2013 წლიდან მოყოლებული მცირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენის და განვითარების დაფინანსება, კერძოდ 2015 წელს 2013 წელთან შედარებით 27.28 პროცენტით, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 4.5 პროცენტით.

5. რეკომენდაციები

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თბილისის მთავრობამ:

  1. შეამციროს დედაქალაქის ბიუჯეტის დეფიციტი სოციალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე;

  2. უნდა ახსნას, თუ რატომ იზრდება 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით (73.44 პროცენტი), ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით (4.45 პროცენტი);

  3. განაგრძოს თბილისის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესება და ბიუჯეტის მიღებამდე განსაზღვროს შუალედური და საბოლოო შედეგების ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ რამდენად აღწევს თუ ვერ აღწევს თბილისის მთავრობა ბიუჯეტით განსაზღვრულ მიზნებს;

  4. შეამციროს სოციალური დანახარჯები და გამოთავისუფლებული სახსრები მიმართოს დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რაც გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა შექმნის სამუშაო ადგილებს. 170 მილიონი ლარი მეტისმეტად დიდი თანხაა, იმისთვის, რომ თბილისში სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯოს მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს თბილისის სოციალური დაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს;

  5. უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის და დედაქალაქის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

Author: მიხეილ კუკავა