2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი
I.მოკლე შეჯამება
- 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 102.8%-ით, გადასახდელების 6 თვის გეგმა კი 95.1%-ით შესრულდა. გადასახდელების შემადგენელი მუხლებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კაპიტალური ხარჯების და საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა შესრულდა;
- ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსავალის მიღებით და ამავე დროს, გეგმაზე ნაკლები ხარჯით, 6 თვის ბიუჯეტის დაგეგმილი დეფიციტი შემცირდა;
- სახელმწიფო ვალი მშპ-ის 44.7%-დან 41.1%-მდე შემცირდა, რაც მშპ-ის ზრდამ და გასული წლის ბოლოსთან შედარებით ლარის კურსის გამყარებამ განაპირობა;
- 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შემდეგი უწყებები გამოირჩევიან: მთავრობის ადმინისტრაცია (70%), იუსტიციის უმაღლეს საბჭო (71%) და დაზვერვის სამსახური (73%). პროგრამებისა და ქვეპროგრამების დონეზე შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებლით საინვესტიციო პროექტები, განსაკუთრებით ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები გამოირჩევა.
II.შესავალი
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხი ბოლო წლებში აქტუალური გახდა. წინა წლების გამოცდილებით, წლის დასაწყისში ბიუჯეტის შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებელია ხოლმე, წლის ბოლო თვეებში კი ბიუჯეტის კანონში შედის ცვლილებები და უკვე შეცვლილი ბიუჯეტი სრულდება, ისიც მე-4 კვარტალში გაცილებით მაღალი ხარჯების გაწევით, ვიდრე წლის წინა კვარტლების საშუალო ხარჯი იყო. ბოლო თვეებში ხარჯების მკვეთრი მატება მაკროეკონომიკურ პრობლემებს იწვევს და ამავე დროს თანხის დაჩქარებულად ხარჯვის მაჩვენებელია. მაგალითად, ავანსად გაიცემა თანხები, ჩქარდება სახელმწიფო შესყიდვები.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულებას სათანადო ყურადღება მიექცეს, რომ წინა წლების არასასურველი პრაქტიკა ისევ არ განმეორდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები შეისწავლა და აღმოჩენილ ნაკლოვანებებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება საბიუჯეტო პოლიტიკას უფრო მდგრადს და ეფექტიანს გახდის.
III.ბიუჯეტის შემოსულობები[1]
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8%-ით უნდა გაიზარდოს. აქედან, 4.5% რეალურ ზრდაზე მოდის, ხოლო 3.5% ფასების დონის ზრდაზე (მშპ-ის დეფლატორზე).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5.7% შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე 1.2% პუნქტით მეტია. პირველ კვარტალში (მეორე კვარტლის მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა) მშპ-ის დეფლატორმა 4.3% შეადგინა, რომელიც ასევე აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებელს.
ნომინალური მშპ-ის მოსალოდნელზე მეტად ზრდამ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის შემოსვლა განაპირობა. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების გეგმა 102.8%-ით შესრულდა, შესაბამისად, ბიუჯეტმა დამატებით 152 მლნ ლარი მიიღო.
ცხრილი 1. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობები | |||
| გეგმა | ფაქტი | შესრულება |
შემოსულობები | 5,495 | 5,647 | 102.8% |
შემოსავლები | 4,771 | 5,020 | 105.2% |
არაფინანსური აქტივების კლება | 28 | 64 | 229.4% |
ფინანსური აქტივების კლება | 33 | 37 | 113% |
ვალდებულებების ზრდა | 664 | 526 | 79% |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების 6 თვის გეგმა 105.2%-ით შესრულდა, ბიუჯეტმა დაგეგმილზე 249 მლნ ლარით მეტი მიიღო. შემოსავლების შემადგენელი ყველა მუხლი გადაჭარბებით შესრულდა.
ცხრილი 2. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლები | |||
| გეგმა | ფაქტი | შესრულება |
შემოსავლები | 4,771 | 5,020 | 105.2% |
გადასახადები | 4,378 | 4,517 | 103.2% |
გრანტები | 195 | 253 | 130.0% |
სხვა შემოსავლები | 199 | 250 | 126.0% |
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
საგადასახადო შემოსავლებში შემავალი 5 გადასახადიდან, აქციზის გარდა, ყველას გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. პროცენტულად ყველაზე მეტად იმპორტის გადასახადიდან მიღებულ შემოსავალშია სიჭარბე - 33%, თუმცა თანხობრივად ყველაზე მეტი დაუგეგმავი შემოსავალი დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ) მივიღეთ - 116 მლნ ლარი. 21 მლნ ლარი დააკლდა აქციზის გადასახადის გეგმას, რაც იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის გადასახადის 32 მლნ ლარით კლებამ გამოიწვია.
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
130%-ით შესრულდა გრანტებიდან დაგეგმილი შემოსავლები, ბიუჯეტში 58 მლნ ლარით მეტი შევიდა. მიღებული გრანტების 70% საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, 18% სხვა სახელმწიფოთა მთავრობებიდან, ხოლო 12% ცენტრალური ხელისუფლების სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მიღებული გრანტებია.
სხვა შემოსავლების 126%-ით შესრულება სახელმწიფო საკუთრებიდან (პროცენტი, დივიდენდი), ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან და ჯარიმებიდან გადაჭარბებით მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა.
არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) 28 მლნ ლარის მიღება იყო დაგეგმილი, რეალურად კი 64 მლნ ლარი შემოვიდა. აქედან 59 მლნ ლარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების გაყიდვიდან მიღებული თანხაა.
ფინანსური აქტივებიდან 37 მლნ ლარი შემოვიდა, რაც გეგმის 113%-ია. აქედან 36 მლნ ლარი ადრე გაცემული სესხების უკან დაბრუნებაა.
შემოსულობების ბოლო მუხლი - ვალდებულებების ზრდა (იგივე ახალი სახელმწიფო ვალის აღება) 79%-ით შესრულდა. მთავრობამ საშინაო წყაროებიდან დაგეგმილზე 12%-ით (9 მლნ ლარით) მეტი, ხოლო საგარეო წყაროებიდან 25% (146 მლნ ლარით) ნაკლები სესხი მიიღო.
დაგეგმილზე ნაკლები საგარეო ვალის აღებას 2 მიზეზი აქვს: 1. ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილზე დაბალი ტემპის გამო საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების 70% (108 მლნ ლარით ნაკლები) ავითვისეთ და 2. რადგან ბიუჯეტმა დაგეგმილზე მეტი თანხა მიიღო შემოსავლებიდან და აქტივების კლებიდან, მთავრობამ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით 225 მლნ ლარის ნაცვლად 187 მლნ ლარი (გეგმის 83%) მიიღო.
IV.ბიუჯეტის გადასახდელები[2]
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტიურმა გადასახდელებმა 5.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95.1%-ია, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაგეგმილზე 282 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.
ცხრილი 3. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გადასახდელები | |||
| გეგმა | ფაქტი | შესრულება |
გადასახდელები | 5,748 | 5,466 | 95.1% |
ხარჯები | 4,572 | 4,403 | 96.3% |
არაფინანსური აქტივების ზრდა | 684 | 586 | 85.7% |
ფინანსური აქტივების ზრდა | 143 | 128 | 89.3% |
ვალდებულებების კლება | 349 | 348 | 99.8% |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ხარჯები 96.3%-ით შესრულდა. ხარჯების კომპონენტებიდან შესრულების ყველაზე დაბალი პროცენტით (90%) საქონლის და მომსახურების მუხლი ხასიათდებოდა. ეს მუხლი საჯარო სექტორის ფუნქციონირებისთვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვას მოიცავს (მაგალითად, საოფისე ტექნიკა, ავეჯი, საწვავი და ა.შ.). ამ მიმართულებით 62 მლნ ლარი დაიზოგა. საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 27 მლნ ლარი დაიზოგა და გეგმა 96.1%-ით შესრულდა. ჯამში, ადმინისტრაციულ ხარჯების გეგმიდან 89 მლნ ლარი დაიზოგა. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (98.8%) ტრადიციულად სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებში დაფიქსირდა. ამას განაპირობებს ის, რომ აქ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც ბოლო წლებში დაგეგმილზე მეტი თანხა იხარჯება.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
არაფინანსური აქტივების ზრდის, იგივე კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) ხარჯების გეგმა 85.7%-ით შესრულდა, დაგეგმილზე 98 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.
ფინანსური აქტივების ზრდის (ძირითადად მოიცავს ბიუჯეტიდან გასაცემ სესხებს) გეგმა 89.3%-ით შესრულდა, ანუ 15 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.
გადასახდელების ბოლო მუხლი არის ვალდებულებების კლება, რომელიც წინა წლებში აღებული სახელმწიფო ვალის ძირის დაფარვას გულისხმობს. ვალდებულებების კლების 6 თვის გეგმა 99.8%-ით შესრულდა, 348 მლნ ლარის ვალი (331 მლნ საგარეო ვალი, ხოლო 17 მლნ - საშინაო) დაიფარა.
V.ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტმა[3] 178 მლნ ლარი შეადგინა, როცა დაგეგმილი იყო 315 მლნ ლარი. ეს შემოსულობების 102.8%-ით და გადასახდელების 95.1%-ით შესრულებამ განაპირობა. ბიუჯეტმა დაგეგმილზე მეტი თანხა მიიღო, მაშინ, როცა დაგეგმილზე ნაკლები დაიხარჯა.
2018 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 1,227 მლნ ლარის დონეზეა დაგეგმილი. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში, ბიუჯეტის ხარჯების სრულად ათვისების შემთხვევაში, დეფიციტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, გარკვეულ მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას შეიძლება შეუწყოს ხელი. ამის მაგალითი წინა წლებშიც იყო, როდესაც წლის ბოლო თვეებში ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა მაღალი იყო.
2017 წლის 31 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 44.7% იყო. 2018 წლის 30 ივნისს სახელმწიფო ვალმა 16.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო წლის მშპ-ის 41.1%-ია. ვალის შემცირება ლარის გამყარებამ განაპირობა. 2017 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 5.18 მლრდ დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (2.60) 13.4 მლრდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 5.19 მლრდ დოლარი იყო, მაგრამ ლარში გამოსახული 12.7 მლრდ ლარამდე შემცირდა.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
VI.შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები
მხარჯავი დაწესებულებებიდან 6 თვის გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა - გეგმის 70%, მათ შორის საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა 64%-ით შეასრულა. მაღალბიუჯეტიანი მხარჯავი დაწესებულებებიდან მნიშვნელოვანია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, კულტურის და სპორტის სამინისტროს გამოყოფა, რომლებმაც გეგმის 82% და 85% დახარჯეს.
ცხრილი 4. მხარჯავი დაწესებულებები, სადაც 6 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები ყველაზე დაბალია | |||
სახელმწიფო უწყება | გეგმა | ფაქტი | შესრულება |
მთავრობის ადმინისტრაცია | 11.7 | 8.1 | 70% |
იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 2.0 | 1.4 | 71% |
დაზვერვის სამსახური | 7.5 | 5.5 | 73% |
ცენტრალური საარჩევნო კომისია | 18.8 | 14.7 | 79% |
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური | 38.8 | 31.5 | 81% |
სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 7.5 | 6.1 | 82% |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 117.0 | 95.8 | 82% |
კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 156.6 | 133.8 | 85% |
საერთო სასამართლოები | 33.0 | 28.4 | 86% |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 8.8 | 7.6 | 86% |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ცხრილი 5-ში მოცემულია ის პროგრამები და ქვეპროგრამები, რომელთა 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას აქვს. აღნიშნულ ქვეპროგრამაზე 2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და მხოლოდ 103 ათასი ლარი დაიხარჯა. 10%-ით შესრულდა სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამის 6 თვის გეგმა. 13%-ით შესრულდა ჯანმრთელობას დაცვის კიდევ ერთი ქვეპროგრამა - იმუნიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ ზოგიერთ ქვეპროგრამას შესრულების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს, ამავე დროს, რიგ ქვეპროგრამებში გეგმაზე მეტია დახარჯული, რაც არასათანადოდ დაგეგმვაზე მიანიშნებს. მაგალითად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე 6 თვის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 2%-ით (7.4 მლნ ლარით) მეტი დაიხარჯა. 34%-ით (2.5 მლნ ლარით) მეტი დაიხარჯა ტუბერკულოზის მართვის პროგრამაზე, 115%-ით (4.7 მლნ ლარით) მეტი დაიხარჯა შიდსის მართვის პროგრამაზე.
ცხრილი 5. პროგრამები და ქვეპროგრამები, სადაც 6 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები ყველაზე დაბალია | ||||
პროგრამული კოდი | დასახელება | გეგმა | ფაქტი | შესრულება |
31 09 | დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა | 8.7 | 3.9 | 44% |
24 13 | ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია | 4.1 | 1.7 | 43% |
28 01 04 | დიასპორული პოლიტიკა | 0.8 | 0.2 | 30% |
31 06 | სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები | 1.7 | 0.5 | 29% |
29 10 | საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერება | 14.0 | 3.8 | 27% |
33 07 | კულტურასა და სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა | 15.4 | 2.4 | 16% |
35 03 02 02 | იმუნიზაცია | 19.7 | 2.6 | 13% |
35 04 | სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა | 6.2 | 0.6 | 10% |
35 03 03 11 | ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 2.0 | 0.1 | 5% |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
6 თვის გეგმით საინვესტიციო პროექტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 526 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, ფაქტობრივად კი 105 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, ანუ გეგმა 80%-ით შესრულდა. ცხრილ 6-ში მოცემულია პროექტები, რომელთა 6 თვის გეგმა 75%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა. აღნიშნულ პროექტებზე, ჯამში, გეგმაზე 96 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა. გეგმასთან დიდი ჩამორჩენით ხარჯვა პროექტების დაგეგმილზე გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობაზე მიანიშნებს.
ორი საინვესტიციო პროექტი - აჭარის მყარი ნარჩენების და ბათუმის ავტობუსების პროექტები 10 აგვისტოს მდგომარეობითაც კი 0%-ით არის შესრულებული.
ცხრილი 6. საინვესტიციო პროექტები, სადაც 6 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია | ||||
პროგრამული კოდი | პროექტი | გეგმა | ფაქტი | შესრულება |
56 13 03 | აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი | 0.9 | 0 | 0% |
56 13 04 | ბათუმის ავტობუსების პროექტი | 3.00 | 0 | 0% |
24 12 | საქართველოს ეროვნული ინოვაციების | 5.9 | 0.9 | 15% |
56 13 01 | ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის | 14.2 | 3.4 | 24% |
24 13 01 | ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელ. სადგურების რეაბილიტაციის პროექტი | 4 | 2 | 43% |
25 02 02 | გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვა | 44 | 22 | 50% |
31 07 | სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების | 22 | 16 | 73% |
26 09 | მიწის ბაზრის განვითარება | 1.5 | 1.1 | 73% |
25 02 03 | ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა | 177 | 131 | 74% |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
VII.დასკვნა
ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 2.8%-ით გადაჭარბებით შესრულდა, რაც მოსალოდნელზე მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ, გრანტების გადაჭარბებით მოზიდვამ და პრივატიზაციიდან დაგეგმილზე მეტმა შემოსავალმა განაპირობა.
გადასახდელების 6 თვის გეგმა 95.1%-ით შესრულდა. გადასახდელების შემადგენელი მუხლებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კაპიტალური ხარჯების და საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა შესრულდა, შესაბამისად 85.7 და 90%-ით.
რადგან ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსავალი შევიდა, ხოლო გეგმაზე ნაკლები დაიხარჯა, ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, წლის პირველ ნახევარში დაზოგილი თანხა წლის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით წლის ბოლო თვეებში არ დაიხარჯოს, რომლის მაგალითებიც წინა წლებში გვქონდა. გასულ წლებში, კვარტლების მიხედვით ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა და დეფიციტის არათანაბრად გადანაწილება ინფლაციის დონის მატების და ლარის კურსის მერყეობის მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.
სახელმწიფო ვალი მშპ-ის 44.7%-დან 41.1%-მდე შემცირდა (30 ივნისის მდგომარეობით), რაც მშპ-ის ზრდამ და გასული წლის ბოლოსთან შეადრებით ლარის კურსის გამყარებამ განაპირობა.
მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთავრობის ადმინისტრაციას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დაზვერვის სამსახურს აქვს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები და ქვეპროგრამები გამოირჩევიან როგორც დაბალი შესრულების მაჩვენებლით, ასევე გადაჭარბებით შესრულებით. იგივე პრაქტიკა იყო წინა წლებში. პროგრამების ხარჯების რეალურთან მიახლოებით პროგნოზირება პრობლემად რჩება.
საინვესტიციო პროექტების გეგმების დაბალი მაჩვენებლით შესრულებით გამოირჩევა აჭარაში განსახორციელებელი რამდენიმე პროექტი, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები. თანხობრივად მნიშვნელოვანია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, სადაც დაგეგმილზე 46 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.
VIII.რეკომენდაციები
- ბიუჯეტის შემოსულობების გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლების დახარჯვამ ბიუჯეტში გარკვეული დანაზოგი წარმოშვა, რომელიც არ უნდა დაიხარჯოს წლის დარჩენილ თვეებში. ფასების დონის და ლარის კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, მთავრობამ დაბალდეფიციტური ხარჯვა წლის ბოლომდე შეინარჩუნოს;
- სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირების მიუხედავად, ვალის მაჩვენებელი ჯერ კიდევ აღემატება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში („საქართველო 2020“) მოცემულ ვალის მიზნობრივ მაჩვენებელს - მშპ-ის 40%-ს. მთავრობას უნდა გააჩნდეს მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკური ნება, თუ როგორ უზრუნველყოფს ვალის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას და შენარჩუნებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვალის სიდიდე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლარის გაცვლით კურსზე;
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი პროგრამების და პროექტების შესრულებას, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ზოგ შემთხვევაში გეგმიურზე გაცილებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი.
[1] შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.
[2] გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.
[3] საქართველოს კანონმდებლობით ბიუჯეტის დეფიციტი არის ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო. წარმოდგენილ ანგარიშში, ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება ვალდებულებების ცვლილება, ანუ სულ რამდენი თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით დაფინანსდა.