2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

19 ოქტომბერი, 2023

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს ამ პროექტთან დაკავშირებით. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.

ძირითადი მიგნებები

  • ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით, ხოლო 2024 წელს 5.2%-ით გაიზრდება. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 6.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. მომავალ წელს 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე;
  • 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 1.7 მლრდ ლარით გაიზრდება და 23.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 1.6 მლრდ ლარით დაგეგმილი ზრდა განაპირობებს;
  • 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 44 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ჯამში, 2024 წელს მისაღები 261 მლნ ლარის გრანტიდან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 146 მლნ ლარი მოდის, ხოლო 115 მლნ ლარი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მოგებიდან მისაღები თანხაა;
  • 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 24.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 1.8 მლრდ ლარით მეტია;
  • ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 627 მლნ ლარით იზრდება და 7.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 262 მლნ ლარით იზრდება და 2.3 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება 1.4 მლრდ ლარი ხდება;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარ მიაღწევს. ზრდას ძირითადად ხელფასების მატება იწვევს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3,850 ადამიანი იქნება დასაქმებული;
  • საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს;
  • 2024 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 50 ლარით მოიმატებს და 415 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 446 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
  • ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.7%) იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია (არ სცდება მშპ-ის 3%-ს), ის მაინც მაღალ ნიშნულზეა;
  • 2024 წელს მთავრობა 3.5 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2024 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 38.2% იქნება.
  • 2024 წელს მთავრობის ვალის ძირის და პროცენტის დაფარვის ხარჯი 3 მლრდ ლარამდეა, რაც მაგალითად, სასკოლო განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას 2.4-ჯერ, ხოლო თავდაცვის ხარჯებს 2-ჯერ აღემატება;
  • ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.

რეკომენდაციები

  • მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა ის მაინც მაღალია და ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, იგი ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება, მთავარობის ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს. გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე ომებიც, რაც ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებას ართულებს;
  • შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების 2014-2021 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან ყოველწლიურად დამატებით 400 მლნ ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება;
  • ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების სწორად დასახვას და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას უნდა მიექცეს. დღემდე პროგრამული ბიუჯეტის პრინციპები ფორმალობად რჩება და რეალურად ის მხოლოდ ბიუჯეტის ტექნიკურ ნაწილში არის ასახული;
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.

 

  1. მაკროეკონომიკური გარემო

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2023 წლისთვის ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 6.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. 

2024 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 5.2%-ით ზრდას პროგნოზირებს. 5.2%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად ნაკლებია 2021-2023 წლებში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის და საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის გამო გაურკვევლობის დონე მაღალია, შესაძლოა, 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა რთულად მისაღწევი გახდეს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პესიმისტურ სცენარში მთავრობა 2024 წელს ეკონომიკის 2.4%-ით ზრდას პროგნოზირებს. მომავალ წელს წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი 3%-ია.

2.  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები[1]

2024 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 23.9 მლრდ ლარი იქნება, რაც 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.7 მლრდ ლარით (7.7%-ით) მეტია. 

შემოსულობების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საგადასახადო შემოსავლების ზრდას შეაქვს, რომელიც 2024 წელს 1.6 მლრდ ლარით გაიზრდება და 18.3 მლრდ ლარი გახდება. მათ შორის, 683 მლნ ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადით მისაღები თანხა. 584 მლნ ლარით - დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ), ხოლო 145 მლნ ლარით - აქციზის გადასახადით მისაღები თანხა. 2024 წელს ბიუჯეტში 1.7 მლრდ ლარით მეტი საგადასახადო შემოსავლის დაგეგმვა ეკონომიკური ზრდით და ინფლაციით არის განპირობებული.

19 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების მოცულობა და იგი 261 მლნ ლარს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სხვა სახელმწიფოთა მთავრობებისგან მისაღები გრანტები 33 მლნ ლარით მცირდება, ხოლო ცენტრალური მთავრობის სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მისაღები გრანტები 15 მლნ ლარით იზრდება.[2] ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მიმდინარე გრანტებშია. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 44 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ჯამში, 2024 წელს მისაღები 261 მლნ ლარის გრანტიდან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 146 მლნ ლარი მოდის, ხოლო სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მისაღებ გრანტებზე - 115 მლნ ლარი.

2024 წელს პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი. 2023 წლის პრივატიზაციის გეგმაც 200 მლნ ლარია, საიდანაც იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში უკვე 72 მლნ ლარი შევიდა.

ფინანსური აქტივების კლებიდან, რაც ადრე გაცემული სესხების დაბრუნებას და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებას გულისხმობს, 2024 წელს ბიუჯეტში 580 მლნ ლარი შევა, რაც 2023 წლის გეგმურ მაჩვენებელზე 11 მლნ ლარით ნაკლებია.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

3. ბიუჯეტის გადასახდელები[3]

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 24.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.8 მლრდ ლარით (7.7%-ით) მეტია.

ყველაზე მეტად - 678 მლნ ლარით სოციალური ხარჯები იზრდება და ჯამში 7.4 მლრდ ლარს შეადგენს. მათ შორის, 3.9 მლრდ ლარი პენსიაზე დაიხარჯება. 2024 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 50 ლარით იზრდება და 415 ლარი ხდება. სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 124 მლნ ლარით იზრდება. მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების დახმარება 50 ლარით იზრდება, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა დახმარება 20 ლარით. ასევე, ხარჯებს ზრდის 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარება, რომელიც 2023 წელს ივლისიდან გაიცემა, ხოლო 2024 წელს სრული წელი დაფინანსდება.

644 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფო ვალის მომსახურებაში გადასახდელი თანხა. ჯამში, ვალის მომსახურებაზე 3 მლრდ ლარამდე დაიხარჯება, რაც ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მაგალითად, ვალის მომსახურება სასკოლო განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას 2.4-ჯერ აღემატება, ხოლო თავდაცვის ხარჯებზე თითქმის 2-ჯერ მეტია.

ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებას და საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, 367 მლნ ლარით იზრდება. შრომის ანაზღაურებაზე 2.5 მლრდ ლარი (ზრდა 282 მლნ) დაიხარჯება, ხოლო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე 2.2 მლრდ ლარი (ზრდა 85 მლნ). საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 10%-ით იზრდება და თვეში მინიმუმ 1,330 ლარი იქნება.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 303-ით იზრდება, რაც ასევე განაპირობებს შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხის მატებას. ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - 130-ით. 86 ადამიანი იქნება დასაქმებული 2023 წელს შექმნილ ახალ სსიპ-ში „ანტიკორუფციული ბიუროში“. 49-ით იზრდება სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში“ დასაქმებულთა რაოდენობა, 28-ით ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა.

სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 5.6 მლრდ ლარი კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი, რაც 2023 წლის მაჩვენებლის ტოლია.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

4. უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 627 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 7.7 მლრდ ლარს აღწევს. კერძოდ, პენსიის ხარჯი 446 მლნ ლარით იზრდება და 3.9 მლრდ ლარს მიაღწევს. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 124 მლნ ლარით იზრდება. საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა 50 მლნ ლარით იზრდება და 1,030 მლნ-ს აღწევს. 14 მლნ ლარით იზრდება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა დაფინანსება და ჯამში 44 მლნ ლარი დაიხარჯება. „კორონავირუსით“ გამოწვეული დაავადების მართვაზე თანხა აღარ გამოიყოფა. ამ მიმართულებით 2023 წელს 40 მლნ ლარია გამოყოფილი.

262 მლნ ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2.3 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად საჯარო სკოლებზე მოდის. მასწავლებლებს ხელფასი გაეზრდებათ, თუმცა ჯერ დაკონკრეტებული არ არის რა სქემით. სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება 36 მლნ ლარით იზრდება. 78 მლნ ლარია გამოყოფილი სკოლების ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაზე.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება და 1.4 მლრდ ლარი იქნება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით მატება და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე დამატებით გამოყოფილი 46 მლნ ლარი იწვევს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 65 მლნ ლარით იზრდება და 646 მლნ ლარს აღწევს. ზრდას ძირითადად ორი პროგრამის დაფინანსება განაპირობებს: რეგიონული ელექტროგადაცემის პროგრამის დაფინანსების 44 მლნ ლარით ზრდა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 37 მლნ ლარით ზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 64 მლნ ლარით იზრდება და 1.2 მლრდ ლარი იქნება. ზრდას პოლიციელების ხელფასის 20%-ით მატება და დამატებითი კადრების აყვანა განაპირობებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს აღწევს. ზრდას სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების 20%-ით მატება განაპირობებს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3,850 ადამიანი იქნება დასაქმებული.

2024 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების გამო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი 69 მლნ ლარით იზრდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 9 მლნ ლარით იზრდება და 110 მლნ ლარს გაუტოლდება. მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვით მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მშპ-ის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს.

ცხრილი 1. უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

გასული წლების მსგავსად, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონში ინტეგრირებაა, რაც გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.

საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების ნაწილი არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და შესაბამისად, არ შეესაბამება პროგრამული ბიუჯეტირების არსს და მიზანს. ეს პრობლემა წლებია არის ბიუჯეტში და არაფერი იცვლება. მაგალითად, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოძველებული მიდგომებით მოქმედებს და სკოლების გამართული დაფინანსება აქვს მიზნად დასახული. განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც სასკოლო განათლების ყველაზე დიდი გამოწვევაა, გასული წლების მსგავსად, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანიც კი არ არის. 2024 წელს სასკოლო განათლების პროგრამის დაფინანსების 129 მლნ ლარით ზრდის მიუხედავად, მთავრობა განათლების ხარისხის ამაღლების არანაირ ვალდებულებას არ იღებს.

5. ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი

2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი იქნება, როცა 2023 წელს იგი 2.4 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი. 2024 წლისთვის მშპ-ის მიმართ დეფიციტი 2.7% იქნება. 2023 წლის ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი 3.1%-ია.

2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებსაც მოიცავს, 2.2 მლრდ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია, ანუ არ აღემატება მშპ-ის 3%-ს, მაინც მაღალ ნიშნულზეა და მთავრობამ ის მეტად უნდა შეამციროს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ამასთან, ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მთავრობა ნაკლებ ახალ ვალს აიღებს, რაც ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს.

2024 წელს საქართველოს მთავრობა 3.5 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.4 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება. ახალი 3.5 მლრდ ლარის ვალიდან 1.5 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 2 მლრდ - საგარეო ვალზე. 2 მლრდ-ის ახალი საგარეო ვალიდან 1.5 მლრდ ლარი გრძელვადიანი შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტებია. 

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

*2023 და 2024 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები

2024 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი 32.6 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 38.2%-ია. 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 29.5 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის დაახლოებით 38.5%-ია. ცნობისათვის, 2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-ს მიმართ 39.8% იყო. მიმდინარე წელს მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის კლება იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა ნომინალური მშპ-ს 10%-მდე ზრდამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. ვინაიდან მთავრობის ვალის 73% უცხოურ ვალუტაშია, ლარის კურსის გამყარება ლარში გამოხატულ ვალს ამცირებს.

 

 

 


[1] შემოსულობები მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.

[2] ცენტრალური მთავრობის სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მოგება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების სახით ირიცხება.

[3] გადასახდელები მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად სოციალურს, განათლების და ა.შ.