აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები საინვესტიციო ვალდებულებებს უმეტესად ვერ ასრულებენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები საინვესტიციო ვალდებულებებს უმეტესად ვერ ასრულებენ

19 მარტი, 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს კვლევას აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონებით დაინტერესდა. 2017 წელს ორგანიზაციამ ავტონომიური მთავრობის მიერ 1 ლარად გასხვისებული ქონების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის შესწავლა განსაკუთრებით საყურადღებოა კორუფციის რისკების და პროცესის გამჭვირვალობის შესაფასებლად.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები და სტატისტიკა:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირი მიყიდვით ქონების გასხვისებისას უპირატესობას ანიჭებს კონკურენტული შერჩევის გარეშე პირდაპირი მიყიდვის ფორმას, რაც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებათა გაუმჭვირვალობასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, კანონით მინიჭებული უფლებით, მთავრობის თავმჯდომარე ასეთ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას მაკონტროლებელ ორგანოს - აჭარის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ გასხვისების აქტის ხელმოწერის შემდეგ აწვდის, რაც ცხადია, ასუსტებს უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელ ფუნქციას.

  • ის, რომ ქონების გასხვისება არ ხდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, აჩენს კორუფციასთან დაკავშირებით რისკებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც გადაცემული ობიექტები ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და მათზე საბაზრო მოთხოვნა დიდია (როგორც წესი, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ქალაქ ბათუმში სწორედ ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს);

  • 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობით 8 ობიექტი გასხვისდა. დაგეგმილი საპრივატიზებო საფასურის ჯამური ოდენობა 16 232 360 ლარია, ხოლო განსახორციელებლი ინვესტიციის მოცულობა 2024 წლის ჩათვლით 342 350 000 დოლარის ექვივალენტი  ლარში. აღსანიშნავია, რომ ორივე მიმართულებით რეალობა გეგმას ჩამორჩება - კომპანიებს სრულად არც საპრივატიზებო საფასური აქვთ გადახდილი და არც პროექტების განხორციელება დასრულებულა დათქმულ დროს. მიუხედავად ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებს სანქციებს არ უწესებს.

  • საკვლევ პერიოდში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისებულია 62 444 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 8 737.23 კვ/მ შენობა- ნაგებობა.

  • 8 იურიდიული პირიდან, რომელსაც ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა, 4 რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით, ერთ შემთხვევაში კი რამდენიმე დღით ადრე (”ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი”, “რეკან გრუპ ჯორჯია”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ”ელიტ სქიი რესორტი”).

  • უმრავლეს შემთხვევაში კომპანიებმა დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყვეს. აჭარის ა/რ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ოფიციალური დასაბუთება, რომლის გამოც კომპანიებს ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ;

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საანგარიშო პერიოდში აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების ყველა ხელშეკრულება და მათში შეტანილი ცვლილებები შეისწავლა: 8 ხელშეკრულებიდან მხოლოდ ერთში (“ორბი ჯგუფთან” დადებული ხელშეკრულება)  არ განხორციელებულა ცვლილებები.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონების პირდაპირი წესით მყიდველი 8 კომპანიიდან 4-თან დაკავშირებულ პირებს (“კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი”, “ელიტ სქიი რეზორთი”, ”ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი”) პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული. ჩამოთვლილთაგან ბოლო კომპანიის წარმომადგენელმა სხვადასხვა დროს თანხა გადაურიცხა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ გაერთიანებას - “საქართველო არ იყიდება” და შემდგომში “ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. ჩამოთვილი კომპანიებიდან ყველა დიდი თანხა (240 000 ლარი) მოქმედ პარტიას “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” გადაურიცხა.

გასხვისების საკანონმდებლო საფუძველი

აჭარის ქონების განკარგვას ძირითადად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონი არეგულირებს.

აღნიშნული კანონის თანახმად, ქონების გადაცემის და გასხვისების ფორმებია:

ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი;

ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა;

გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;

დ) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

კანონის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას, ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება ენიჭება იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე დადგენილ პირობებს.

ამავე კანონის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, აქვს ქონების განკარგვის უფლებამოსილება (პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით), რაზეც აჭარის უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ინფორმაცია.


კომპანია, რომელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შესულა

მყიდველი: შპს “ორბი ჯგუფი ბათუმი”  (ს/კ 445468798).

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 5/01/2017 წელი;

რეგისტრაციის თარიღი - 18/08/2015;

საპრივატიზებო საფასური - 7 167 142 ლარი;

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა - 200 000 000 ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 60 თვე;  

ხელშეკრულების საგანი: კომპანიამ  ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის მიმდებარედ 4306.37 კვ/მ შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 15 227 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა (ს/კ 05.24.05.144);

მყიდველის ვალდებულებები - გადაიხადოს საპრივატიზებო საფასურის ნაწილი (2 312 364 ლარი)  ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი თანხა (4 584 778 ლარი) - აჭარის ა/რ ბიუჯეტში. შპს ”ორბი ჯგუფი ბათუმი” ვალდებულებია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (რეკრიაციული ზონა, ბავშვთა გასართობი ცენტრი, სპორტული მოედნები, საცურაო აუზი, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, პარკინგი) მშენებლობის დასრულება. ვალდებულებებში ასევე შედის ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდის პროექტირება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში 10 მეტრი სიგანის საავტომობილო გზის მშენებლობა  და ცალკე საკადასტრო ერთეულად მისი დარეგისტრირება. ამჟამად მშენებლობის პროცესი დაწყებულია - აქტიურად მიმდინარეობს შენობის პირველი ნაწილის მშენებლობა.

„ორბი ჯგუფი ბათუმის” 100%-იანი წილის მფლობელი ზვიად ზოიძეა.

წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას იმ მყიდველებზე, რომელთაც ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ

1. მყიდველი - შპს ”ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი” (შემდეგში “ალიანს ფრივილიჯი”) - (ს/კ 412718466).

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 19/09/2016 წელი;

კომპანიის რეგისტრაციის ვადა - 08/06/2016 წელი;

საპრივატიზებო საფასური - 978 901 აშშ დოლარი;

განსახორციელებელი ინვესტიცია - 50 000 000 ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 60 თვე;

ხელშეკრულების საგანი - ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო “მესხეთის” მიმდებარედ არსებულ 3 263 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება (ს/კ 05.23.02.001). ნასყიდობის ფასმა  978 901 აშშ დოლარი შეადგინა.

მყიდველის ვალდებულება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უნდა დაასრულოს და პროექტში 50 000 000 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ცვლილებები: კომპანიას მშენებლობის ნებართვის მიღების ვადა გადაეწია 2018 წლის 1 ივნისამდე (ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის ნებართვა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიეღო). აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა გელა ცინცაძემ ჩვენს წარმომადგენელთან განმარტა, რომ კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად პროექტი ბათუმის მერიაში შეიტანა, მაგრამ მერიამ პროექტის შეცვლა მოითხოვა, რაც მშენებლობის გადავადების მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას ამ დრომდე არ აქვს, ამჟამად სამშენებლო პროცესი, სავარაუდოდ, კანონდარღვევით მიმდინარეობს.

ცვლილებები კომპანიის მესაკუთრეებში: ხელშეკრულების გაფორმების დროს კომპანიის 100%-იანი წილი აკაკი სონგულიას ეკუთვნოდა. ბოლო ცვლილებით, რომელიც 2018 წლის 26 იანვარს განხორციელდა, კომპანიის პარტნიორები გახდნენ: აკაკი სონგულია 13%-ით, თემურ ბიწაძე 51%-ით, ბესიკ ჟღენტი 18%-ით და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ავთანდილ გორგილაძე 18%-ით.

კომპანიის მეწილემ და ამჟამინდელ დირექტორმა აკაკი სონგულიამ 2012 წელს 25 000 ლარი “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ გაერთიანებას “საქართველო არ იყიდება” გადაურიცხა, 2014 წელს კი 20 000 ლარი - “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”.

2. მყიდველი: “რეკან გრუპ ჯორჯია” (ს/კ 443860485) - კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 3 დღით ადრე დარეგისტრირდა.

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 25/12/2014 წელი;

კომპანიის რეგისტრაციის თარიღი - 22/12/2014 წელი;

განსახორციელებელი ინვესტიცია - 50 მლნ. აშშ დოლარი.

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 36 თვე

ხელშეკრულების საგანი: აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში კახაბრის დასახლებაში მდებარე 15 000 კვ/მ ფართის არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 3 მილიონი აშშ ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში.  2012 წლამდე ეს ქონება “სისტემ ინშაანთს” ეკუთვნოდა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაუუქმა.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადავადების რაოდენობა: 3-ჯერ (2015 წლის 8 დეკემბერს; 2016 წლის 28 მარტს და 2015 წლის 16 ივნისს).  სამინისტრომ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადები შეცვალა. საბოლოოდ, კომპანიამ საპრივატიზებო თანხა 2018 წლის 15 მარტს გადაიხადა.

გადავადების შემდეგ ინვესტიციევის განხორციელების სავარაუდო თარიღი: 2024 წლის 25 ივნისი.

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კონტრაქტით განსაზღვრული სანქცია: არ დაკისრებია. სამინისტროს წარმომადგენლის გელა ცინცაძის თქმით, უწყებას  ჯერ არ გადაუწყვეტია, დააკისრებს თუ არა სანქციას კომპანიას აღნიშნული საფასურის დროულად გადაუხდელობის გამო.

კომპანიის მესაკუთრეები 26/02/2018-ის მონაცემებით:

აჰმედ ალი აზეეზ აზეეზ, ერაყი 25%

აჰმად ისმაილ მოჰამმად სიან, ერაყი 25%

მუჰამედ ისმაილ მუჰამედ სეიან, ერაყი, სან-ტომე და პრინსიპი 50%.


3. მყიდველი - შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“  (ს/კ 405048513)

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 8/08/ 2014 წელი;

კომპანიის რეგისტრაციის თარიღი - 19/06/2014 წელი;

განსახორციელებელი ინვესტიცია - 1 350 000 ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 5 წელი;

ხელშეკრულების საგანი - აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ქუჩა #23-ში მდებარე 1903.86 კვ/მ შენობა-ნაგებობა (ნახევრად ამორტიზებული), მასზე მიმაგრებული 4 055 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 21.03.35.075) და 272.15 კვ/მ შენობა-ნაგებობა (ამორტიზებული), მასზე მიმაგრებული 2 981 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ 21.03.35.076) ერთად შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედას” 30 000 ლარად გადაეცა.

მყიდველის ვალდებულება - აამოქმედოს ხილის გადამამუშავებელი საწარმო, 1 200 000 ლარის ინვესტიციით; სასაწყობო მეურნეობის ასამოქმედებლად განახორციელოს 150 000 ლარის ინვესტიცია. დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 20 მოქალაქე და პროფილი, სულ მცირე, 5 წლით შეინარჩუნოს.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადავადების რაოდენობა: 3-ჯერ. 2017 წლის ოქტომბერს კომპანიამ სამინისტროს კვლავ მიმართა წერილით, ამჯერად გადასამუშავებელი ხილის მოცულობის შემცირების წინადადებით.

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კონტრაქტით განსაზღვრული სანქცია: არ დაკისრებია

კომპანიის მესაკუთრე: შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა” (100%).

“კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” 240 ათასი ლარი გადაურიცხა.

 

4. მყიდველი - შპს ”ელიტ სქიი რესორტი” (ს/კ 448050698)

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 16/05/2016 წელი;

რეგისტრაციის თარიღი - 20/01/2016 წელი;

საპრივატიზებო საფასური - 15 600 ლარი;

განსახორციელებელი ინვესტიცია - 4 მილიონი ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 30 თვე;

ხელშეკრულების საგანი - აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3120 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 23.14.36.337)

მყიდველის ვალდებულებები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში ააშენოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა (სასტუმრო არანაკლებ 60 ნომრით, კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გასართობი ცენტრი)  და დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 15 მოქალაქე 4 მილიონ ლარის ინვესტიციის განხორციელებით.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადავადების რაოდენობა - 3-ჯერ: ხელშეკრულებაში პირველი ცვლილებები 2016 წლის 27 სექტემბერს შევიდა. შპს-მ ქონების ნასყიდობის ფასი ვერ გადაიხადა და პირობის შესრულება გადაუვადდა. ამასთან, სამიდან ოთხ მილიონ ლარამდე გაიზარდა განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა.  აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროს წარმომადგენლის გელა ცინცაძის თქმით, ხელშეკრულებაში ცვლილების შესვლის მოთხოვნით, კომპანიამ სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართა. ამჯერად ცვლილების საჭიროება გამოიწვია პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი დამატებითი მიწის ნაკვეთის სტატუსმა - კომპანიას ვალდებულებების შესასრულებლად დასჭირდა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის სტატუსი ჰქონდა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, სტატუსის შეცვლის პროცედურა დასრულდა და კომპანია პროექტის განხორციელებას აგრძელებს.

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კონტრაქტით განსაზღვრული სანქცია: არ დაკისრებია;

კომპანიის მეწილეები: ლევან ბერიძე, ბესიკ ჟღენტი (25-25%), მედეა ბოჭორიშვილი (30%), მზიური გოგიტიძე (20%).

კომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა ლევან ბერიძემ 2012 წელს 9 000 ლარი შესწირა მოძრაობას “საქართველო არ იყიდება”.

 

5. მყიდველი: შპს “ვესტინვესტი”-  (ს/კ 245399055);

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 22/04/2016 წელი;

რეგისტრაციის თარიღი - 26/09/1997 წ.

საპრივატიზებო საფასური - 525 001 აშშ დოლარი;

განსახორციელებელი ინვესტიცია - 25 000 000 ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 54 თვე

ხელშეკრულების საგანი: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო “მესხეთის” მიმდებარედ არსებულ 3 508 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.23.01.001). ქონების ნასყიდობის ფასი შეადგენს 525 001 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. აღნიშნული ქონება ადრე “რიზორთ ბივის” საკუთრება იყო, რომელთანაც ნასყიდობის ხელშეკრულება აჭარის მთავრობამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გააუქმა.

მყიდველის ვალდებულება: გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური, ასევე შპს “ვესტინვესტმა“ მის საკუთრებაში არსებული 1201 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.23.05.002 - მდებარე ქ.ბათუმში რუსთაველის ქუჩა #51) გადასცეს ბათუმის მერიას; 54 თვის ვადაში უნდა ააშენოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა (არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საზოგადოებრივი ობიექტები, გასართობი ცენტრი, პარკინგი და სარეკრეაციო ზონა). აღნიშნულ პროექტში განახორციელოს 25 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია.

ცვლილებები კომპანიის მესაკუთრეებში: კომპანიის მესაკუთრეთა რეესტრში ცვლილება 2017 წლის 26 ოქტომბერს განხორციელდა. კომპანიის მესაკუთრე გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი” (100%), ხოლო დირექტორი - ირაკლი კვერღელიძე. აღნიშნული კომპანია კი შპს “ვესტინვესტის” აქციების შეძენამდე სამი თვით ადრე დარეგისტრირდა.

დარღვეულია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, თუმცა დოკუმენტში ჯერჯერობით ცვლილებები არ ასახულა (სამინისტროს წარმომადგენლის ოფიციალური განმარტებით, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო მილის გადატანის საჭიროება დადგა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სწორედ ამ გარემოებით არის გამოწვეული).

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კონტრაქტით განსაზღვრული სანქცია: არ დაკისრებია;

“ორბი ლიჯისტიკ ჯგუფის” დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” 60 000 ლარი შესწირა.


6. მყიდველი - შპს “სტატოტელი”  (ს/კ 404462256)

ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 16/09/ 2016 წელი;

რეგისტრაციის ვადა: 16/12/2013 წელი;

საპრივატიზებო საფასური: 3 900 000 ლარი;

განსახორციელებლი ინვესტიცია: 10 მილიონი ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი: 36 თვე

ხელშეკრულების საგანი: “სტატოტელმა” შეიძინა ქ. ბათუმში მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 15 070 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.34.22.120), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 660 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.21.09.120), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2 255 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 14 430 კვ/მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.21.06.039). ბოლოს დასახელებული ქონება “რიზორთ ბივის” მფლობელობაში იყო, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის 26 აპრილის შეთანხმებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს გადაეცა. სამინისტრომ კი ისევ პირდაპირი მიყიდვის ფორმა გამოიყენა და “სტატოტელს” გადასცა.

მყიდველის ვალდებულება - 36 თვის განმავლობაში ყოველი 9 თვის ბოლოს ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში უზრუნველყოს სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში შეყვანა და ამოქმედება და სარეკრეაციო ზონის მოწყობა. ზემოაღნიშნულ პროექტებში უზრუნველყოს 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და 10 წლით შეინარჩუნოს პროფილი.

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კონტრაქტით განსაზღვრული სანქცია: არ დაკისრებია (ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროს განცხადებით, კომპანიამ საპრატივიზებო საფასურის ნაწილი გადაიხადა).

2017 წლის 18 დეკემბერს, შპს “სტატოტელის” 100%-იანი წილის მესაკუთრე დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული შპს “MPMU ინთერნეშენალი” გახდა. ამ დროისთვის კომპანიამ ნასყიდობის ფასის ნაწილი გადაიხადა, თუმცა მშენებლობა დაწყებული არ არის.


7. მყიდველი - ხათუნა ქორიძე

ხელშეკრულების გაფორმების ვადა - 17/5/2016 წელი

ნასყიდობის ფასი - 111 500 ლარი;

განსახორციელებელი ინვესტიცია - 2 000 000 ლარი;

ინვესტიციის განხორციელების პერიოდი - 6 თვე;

ხელშეკრულების საგანი - ხათუნა ქორიძემ 111 500 ლარად ქ. ბათუმში, კვარიათის დასახლებაში მდებარე 223 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  (ს/კ 05.36.26.069) შეიძინა.

მყიდველის ვალდებულება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში ხათუნა ქორიძემ (შემდგომში “დომუს დეველოპმენტმა”) საკუთრებაში არსებულ 1001 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეძენილ 223 კვ/მ არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვა უნდა აიღოს. მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 30 თვის განმავლობაში უზრუნველყოს 30 ნომრიანი სასტუმროს, აპარტოტელის, აუზის, ავტოპარკინგის მშენებლობის დასრულება; პროექტში უზრუნველყოს 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. პროექტის განხორციელება სასამართლო დავის გამოა შეჩერებული, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გახდა: ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 ნოემბერს შპს “დომუს დეველოპმენტზე” გაცემული Nმ2769 მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. შპს “დომუს დეველოპმენტს” შპს “არქი” ჯგუფის მიერ აშენებულ აპარტოტელის მცხოვრებლებმა უჩივლეს. მოსარჩლეები აღნიშნავდნენ, რომ კვარიათში მათი აპარტოტელიდან, დაახლოებით, 3 მეტრში შპს ”დომუს დეველპმენტის” მიერ ბათუმის მერიასთან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი აუარესებდა მათ საცხოვრებელ პირობებს და ამცირებდა ქონების საბაზრო ღირებულებას. მოსარჩლეები შენობებს შორის მანძილის გაზრდას 3 მეტრიდან დაახლოებით 10 მეტრამდე ითხოვდნენ. სარჩელი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კონტრაქტით განსაზღვრული სანქცია: არ დაკისრებია.

რეკომენდაციები

როგორც წესი, ქონების პირდაპირ წესით გასხვისება ემსახურება ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ისეთ სფეროებში, სადაც კერძო სექტორის აქტივობა დაბალია ან რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს ყველაფერი, შესაბამისად, სტიმულს აძლევს მსხვილი პროექტების განხორციელებას, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებასა და დასაქმებას.

თუნცა, ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ ქონების პირდაპირი მიყიდვით საკუთრების უფლება გადაეცემოდეს ისეთ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს, ხოლო ვალდებულებების შემსუბუქება მხოლოდ ფორს-მაჟორულ ვითარებაში ხდებოდეს.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ

  1. ინვესტორის შერჩევა კონკურეენტულ გარემოში ხდებოდეს;

  2. ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგი მიმდინარეობდეს;

  3. პირდაპირი მიყიდვით ობიექტის გასხვისებისას დადგენილ იქნას მყიდველის შერჩევის ზუსტი კრიტერიუმები.


 

ინფოგრაფიკა

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარე საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით