აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობის შეფასება (განახლებული მონაცემები)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს კვლევას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შესახებ.
ორგანიზაციამ ერთხელ უკვე გამოიკვლია ეს საკითხი და შედეგებიც 2013 წლის 19 დეკემბერს გამოაქვეყნა, ამჯერად ახალ კვლევაში, ბიუროების მიერ გაწეული ხარჯების, თანამშრომელთა დამატების და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ და კვლევის მონაცემებიც განვაახლეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებმა წელიწადნახევარში რეგიონში არსებული პრობლემები იდენტიფიკაცია მოახერხეს, არც ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, ამ საკითხების მოგვარების მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა ან ცვლილებების პაკეტი არ დაურეგისტრირებია.
მხოლოდ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან დუმბაძის მიერ იქნა 2012 წელს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აჭარის ტელევიზიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების საკითხს შეეხებოდა.
ბათუმი - მურმან დუმბაძის ბიურო
კოალიცია „ქართული ოცნებიდან” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ამჟამად ოთხი პირია დასაქმებული, 2013 წელს კი ბიუროში სამი ადამიანი მუშაობდა. 2013 წელს ბიუროს თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 33 520 ლარი, 2014 წლის იანვრიდან აპრილამდე კი 13 812 ლარი. საწვავისა და სხვა ტიპის ხარჯმა 2013 წელს თითქმის 13 ათასი ლარი შეადგინა, 2014 წელს (იანვრიდან - აპრილის ჩათვლით) - თითქმის 8 ათასი ლარი.
2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ბიუროს დახმარებისა და კონსულტაციისთვის 550-მდე მოქალაქემ მიმართა წერილობით, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით კი დამატებით 100-მა პირმა. ასევე, 2012 წლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით ბიუროს 7000-მდე მოქალაქემ ზეპირი ფორმით მიმართა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ინციატივებს, მურბან დუმბაძეს 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით, პარლამენტის წინაშე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენია. ძველ ინიციატივებს რაც შეეხება, ერთი ეხებოდა აჭარის ტელევიზიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების საკითხს, რაც განხორციელდა კიდეც. მეორე ინიციატივა კი, რომელიც ეკომიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ეხებოდა, მურბან დუმბაძეს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ წარუდგენია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მურმან დუმბაძე 2013 წლის განმავლობაშიც მუშაობდა. გაუგებარია, თუ რატომ ჭიანურდება ამ ინიციატივის წარდგენა მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან მაშინ, როცა ეკომიგრანტების პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იჩენს თავს.
აღსანიშნავია, რომ მურმან დუმბაძის ბიურომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილს, სხვა დეპუტატების ბიუროებთან შედარებით, ყველაზე პირველმა და მეტ-ნაკლებად სრულყოფილად უპასუხა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბიუროს არ გამოუგზავნია იმ წერილების ასლები, რითაც მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ თვითმმართველობას თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.
ხელვაჩაური - როსტომ ხალვაშის ბიურო
ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის როსტომ ხალვაშის ბიუროში სულ ორი ადამიანია დასაქმებული, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაზე ყოველთვიურად ჯამში 3000 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 5000 ლარი, საიდანაც პარლამენტის აპარატი, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინებით ახორციელებს: ბიუროს ფუნციონირებისათვის საჭირო საშუალებების შეძენას; საოფისე ფართის დასაქირავებელი თანხის ანაზღაურებას და თანამშრომლებისთვის ხელფასის ანაზღაურებას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 19, ქვეპუნქტი 2).
ბიუროს წერილით დგინდება, რომ ბიუროს თანამშრომლებს ყოველთვიურად 30 ლიტრიანი საწვავის, ხოლო ტელეფონის 45 ლარიანი ლიმიტი აქვთ.
როსტომ ხალვაშის ბიუროს 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით, წერილობით სულ 17-მა მოქალაქემ მიმართა, ზეპირად კი 721 პირმა. მიმართვის შინაარსი ძირითადად ეკონომიკური დახმარების გაწევას, მეწყერსაშიში ზონიდან განსახლებას და მიწის გამოყოფის მოთხოვნებს ეხებოდა. სწორედ ამ ბოლო თემას ეხება როსტომ ხალვაშის მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც დეპუტატიმ ბოლო ორი წელია მუშაობს.
ხულო - ანზორ ბოლქვაძის ბიურო
ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროში 5 ადამიანი მუშაობს, რომელთა ხელფასზე ყოველთვიურად ჯამში 1930 ლარი, საწვავსა და სატელეკომუნიკაციო საჭიროებებზე წლიურად 17 000 ლარი იხარჯება. საანგარიშო პერიოდში ბიუროს წერილობით დამატებით 12-მა მოქალაქემ მიმართა, ზეპირად კი 38 პირმა. მოქალაქეები ძირითადად მეწყერსაშიში ზონებიდან განსახლებას, სამკურნალო ხარჯების დაფარვას, დასაქმებას და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, კომპენსაციის მისაღებად დახმარებას ითხოვენ.
ანზორ ბოლქვაძეს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივით ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის წინადადებით არ მიუმართავს.
ქედა - იაშა შერვაშიძის ბიურო
ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის ბიუროში 5 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შრომით ანაზღაურებაზე ჯამში ყოველთვიურად პარლამენტი 1650 ლარს ხარჯავს. სატელეკომუნიკაციო და საწვავის ხარჯები დაკონკრეტებული არ არის, მითითებულია მხოლოდ ის, რომ ეს რესურსი მაჟორიტარი დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. მოქალაქეებმა ბიუროს 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით, 69 წერილით მიმართეს. ბიუროს არაფერი მოუწერია ამ მიმართვების შინაარსის და მოქალაქეთა მიერ ამ წერილებში აღწერილ საჭიროებებსა და პრობლემებზე.
იაშა შერვაშიძეს ამ პერიოდში პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივა არ დაუყენებია.
შუახევი - ომარ მეგრელიძის ბიურო
შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის ომარ მეგრელიძის ბიუროში 4 პირია დასაქმებული, რომელთა ხელფასზე პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ჯამში 3300 ლარი იხარჯება, ორი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავზე გამოყოფილი ლიმიტი კი ყოველთვიურად 800 ლარია, ასევე ინტერნეტისა და სატელეფონო კომუნიკაციებისთვის - 80 ლარია გამოყოფილი. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით, ბიუროს წერილობით სულ 27-მა მოქალაქემ მიმართა, ზეპირად კი 243-მა პირმა. კოლეგების უმრავლესობის მსგავსად, არც ომარ მეგრელიძეს დაუყენებია საკანონმდელო ინიციატივა პარლამენტის წინაშე.
ქობულეთი - ფატი ხალვაშის ბიურო
კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ფატი ხალვაშის ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წერილს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, ყველაზე ბოლოს და ყველაზე არასრულყოფილად უპასუხა. ბიურომ არ წარმოადგინა დასაქმებული 4 პირის სახელფასო ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა. გაირკვა მხოლოდ ის, რომ ბიურო საწვავზე ყოველწლიურად 14 256 ლარს ხარჯავს, სატელეკომუნიკაციო რესურსებზე კი 3000 ლარს.
ფატი ხალვაშის ბიუროს საანგარიშო პერიოდში 100-მა მოქალაქემ მიმართა წერილობით, 1500-ზე მეტმა კი ზეპირი სახით. წერილებიდან გამომდინარე, ბიურომ გახსნის დღიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტს 107, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კი 23 განცხადებით მიმართა. თუმცა, სხვა ბიუროების მსგავსად, არც ფატი ხალვაშის ბიუროს გამოუგზავნია ამ განცხადებების ასლები. ამასთან, წერილით ირკვევა, რომ არც ფატი ხალვაშს დაუყენებია საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წინაშე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიესალმება მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენელთა და მოქალაქეთა ხშირ შეხვედრებს, ეს კარგი მეთოდია პრობლემის იდენტიფიკაციისთვის, თუმცა ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს შეახსენებს, რომ მხოლოდ შეხვედრები პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს - ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობით მოპოვებული მანდატი მათ ავალდებულებთ მუდმივად იზრუნონ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებაზე, კანონპროექტებისა და კანონის ცვლილებების პაკეტის მომზადებაზე, რომელთა ინიცირების საჭიროება ამომრჩეველთა მოთხოვნებიდან და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების სურვილიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ბიუროების მიერ უმეტესწილად არასრულად გამოგზავნილმა პასუხებმა ორგანიზაციას საშუალება არ მისცა, მაჟორიტარების საქმიანობა სრულად შეგვეფასებინა, გამომდინარე აქედან, მივმართავთ დეპუტატებს, რომ ბიუროები საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის ა/რესპუბლიკიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები საპარლამენტო ტრიბუნას საჯარო განცხადებებისთვისაც ნაკლებად იყენებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2014 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, მურმან დუმბაძე პლენარულ სხდომაზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა, ომარ მეგრელიძე - 2-ჯერ, ფატი ხალვაში - 3-ჯერ, იაშა შერვაშიძეს, ომარ ბოლქვაძეს და როსტომ ხალვაშს კი ამ შესაძლებლობით საერთოდ არ უსარგებლიათ.