ადგილობრივი დემოკრატიის კრიზისს 2025 წლის მოწვევის საკრებულოები კიდევ უფრო გააღრმავებს
2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ “ქართული ოცნების” უმრავლესობაა. ყველა მუნიციპალიტეტის მერიც “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. ერთპარტიული გარემოს ადგილობრივ დონეზე განვრცობა დემოკრატიის ღრმა კრიზისზე და კონტროლის მექანიზმების მოშლაზე მუთითებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ყოველწლიურად აქვეყნებდა ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ახალციხის საკრებულოებების საქმიანობის ანგარიშებს, წელს სექტემბერ-ოქტომბერში კი საზოგადოებას მივაწოდეთ 2021 წლის მოწვევის ხუთივე საკრებულოს საქმიანობის შემაჯამებელი მიმოხილვა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის არჩევნებზე ერთ მუნიციპალიტეტში (წალენჯიხა) მაინც გაიმარჯვა ოპოზიციონერმა მერმა, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის (ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, რუსთავი) საკრებულოში უმრავლესობა შექმნეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ზოგან (ბათუმი, მარტვილი, სენაკი) კი “ქართულ ოცნებას” მინიმალური უპირატესობა ჰქონდა საკრებულოში, ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაეცვა მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები და განვითარებულიყო პოლიტიკური პროცესი ადგილებზე. წლევანდელი არჩევნების შედეგად კი სრულიად არაპლურალისტური გარემო ჩამოყალიბდა მუნიციპალურ მმართველობაში.
- “საერთაშორისდო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, საკრებულოები სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდნენ მერებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე. ისინი მხოლოდ ფორმალურად აკონტროლებდნენ მათ წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას. ეს ძირითადად იმით აიხსნებოდა, რომ “ქართულ ოცნებაში” არ არსებობდა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი რგოლების კონტროლის პოლიტიკური ნება. გამონაკლისს წარმოადგენდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც, სხვა საკრებულოებთან შედარებით უკეთ ახორციელებდა საზედამხედველო ფუნქციას. ეს დიდწილად განაპირობა იმან, რომ ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს, “ქართული ოცნება” კი უმცირესობაში იყო, თუმცა ზუგდიდის მერი “ქართული ოცნებას” წარმოადგენდა;
- საკრებულოების როლი მნიშვნელოვნად დააკნინა მმართველი პარტიის ინიცირებულმა ცვლილებებმა თვითმმართველობის კოდექსში. მათ შორის ყველაზე პრობლემურია 2022 წლის დეკემბრის ცვლილებები: კოდექსის ძველი რედაქციით, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდა მერსაც და საკრებულოსაც. ცვლილებების შემდეგ კი პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრა. “ქართულმა ოცნებამ” ამ ცვლილების აუცილებლობა მაშინ დაინახა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგად მყარი უმრავლესობით ვერ მოვიდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში და თუ ეს საკრებულოები ვერ მიიღებდნენ მუნიციპალურ ბიუჯეტებს, საკრებულოსთან ერთად, მერების ხელახალი არჩევნებიც უნდა გამართულიყო. მმართველმა პარტიამ ამ მუნიციპალიტეტებში უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში მიაღებინა ბიუჯეტი ძველი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს. ეს პროცესი წაახალისა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა” და ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე მათ გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამდა”.
- არცერთ საკრებულოს, რომელთა საქმიანობაც შევისწავლეთ, ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია. ასეთი მიდგომა საკმაოდ არადამაჯერებლია, რადგან: (1) ბათუმის საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციის ფაქტები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სხვადასხვა ანგარიშში რამდენჯერმე მოხვდა; (2) 2021 წლის მოწვევის ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 4 წლის განმავლობაში 25 მილიონ ლარამდე შესყიდვები მიიღეს;
- ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, განხორციელდეს სრულფასოვანი დეცენტრალიზაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც ნაკლებად არიან დაინტერესებული საკუთარი უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების გაზრდით. შედეგად, თვითმმართველობების ორგანოები ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებული, ეს კი აძლიერებს პარტიულ ცენტრალიზებულ ძალაუფლებას. როდესაც დაკავებული თანამდებობიდან გადადგნენ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, ბათუმისა და ქუთაისის საკრებულოებს, შესაბამისად, არ მოუწვევიათ რიგგარეშე სხდომა და გადამდგარი მერებისთვის არ მოუთხოვიათ ახსნა-განმარტებები გადადგომის რეალურ მიზეზებზე;
- 2021 წლის მოწვევის ხუთივე მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელთა საქმიანობა შეისწავლა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, ისე გააუქმეს გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომ მათ გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე ერთი განცხადება, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაციაც არ მოუმზადებიათ; არ განუხორციელებიათ სამართლებრივი აქტების ანალიზი და ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე; არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა შეუმუშავებიათ. ამ საბჭოს ნაცვლად ყველა საკრებულოში შეიქმნა ახალი საბჭო ერთი და იმავე სახელწოდებით - “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საკრებულოთა მართვის ცენტრალიზებული სისტემის არსებობას;
- ადგილობრივი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია საკრებულოებში ფრაქციების საქმიანობა. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ ფრაქციაში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჩანს, რომ ფრაქცია იქმნება არა რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტში, არამედ ხელფასის უწყვეტი მიღებისათვის. ამიტომაც სხვადასხვა საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეებს ჰყავთ 5 ან მეტი მოადგილე. საკრებულოს წევრის საქმიანობა არაანაზღაურებადია და ის ხელფასს მხოლოდ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იღებს. ქუთაისის და ახალციხის საკრებულოებში მოქმედ ფრაქციებს საანგარიშო პერიოდში საერთოდ არ წარუდგენიათ ინიციატივები; ფოთის საკრებულომ მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკარტიული საქართველოს” ინიციატივები დააკმაყოფილა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ორივე ინიციატივა არ გაიზიარა. 2021 წლის მოწვევის საკრებულოებიდან გამორჩეულია ზუგდიდის საკრებულო, სადაც აქტიურად მუშაობდნენ ფრაქციები და მათ ჯამში 89 წერილობითი ინიციატივა წარადგინეს. მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი უნდა იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე, რათა ფრაქციის გაწეული საქმიანობა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს;
- თავად საკრებულოები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ყველა სოფელსა და თემში წაახალისოს აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ადექვატურად ახერხებენ ადგილობრივი პრობლემატიკის აღწერას და მის ადვოკატირებას ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე. ეს გაზრდის სამოქალაქო აქტივისტების რიცხვს და გააძლიერებს მათი ჩართულობის მექანიზმებს. Სამოქალაქო აქტივისტები, განსაკუთრებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრები, აღწერდნენ პრობლემებს და უზიარებდნენ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს, თუმცა იდენტიფიცირებულ პრობლემებს ადგილობრივი საკრებულო ადექვატურად არ ასახავდა ადგილობრივ ბიუჯეტში. საანგარიშო პერიოდში ფოთის საკრებულოში დარეგისტრირდა მხოლოდ ერთი პეტიცია, ახალციხის საკრებულომ სამოქალაქო საბჭოების მიერ წარდგენილი ორი პეტიციიდან ერთი შეასრულა, მეორე არ დაარეგისტრირა, ქუთაისის საკრებულოში კი არცერთი პეტიცია არ წარუდგენიათ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პოზიციით, ჩამოთვლილი ფაქტები თუ ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი დემოკრატიული პროცესი კრიზისს განიცდის. ეს კრიზისი განპირობებულია იმ კომპლექსური პრობლემებით, რომელიც წლებია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში არსებობს და ის გაცილებით მწვავედ დგას 2025 წლის მოწვევის საკრებულოების წინაშე. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს მკაფიო ნაბიჯები მეტი დეცენტრალიზაციისკენ, ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად, მეტიც - ყველა რეფორმის საბოლოო მიზანი ცენტრალური მმართველობის გაძლიერება და მმართველი პარტიის