ბათუმის საკრებულოს წევრების და მათი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები
ბათუმის საკრებულოს 30 აპრილის სხდომაზე საკრებულოს ყოფილი თანაგუნდელი წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარის ნუკრი დოლიძის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე მუნიციპალური საკითხები არა ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ დონეზე წყდებოდა და საკრებულოს წევრები ამა თუ იმ ინიციატივას მხოლოდ შიშის გამო უჭერდნენ მხარს. საპასუხოდ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს, თან ნუკრი დოლიძეს ის ტენდერები შეახსენეს, სადაც 2012 წლის არჩევნებამდე მასთან დაკავშირებული კომპანიები იგებდნენ. მათ ისიც აღნიშნეს, რომ ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ახალი ხელისუფლების პირობებშიც დიდი ფინანსური მოგება მიიღეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები ნუკრი დოლიძესთან დაკავშირებით და ბათუმის საკრებულოს კიდევ რომელ წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები ამა თუ იმ კომპანიაში.
კვლევამ დაადასტურა, რომ:
-
საკრებულოს წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, რომელთა წილსაც საკრებულოს წევრები ფლობდნენ ან ამ დრომდე ფლობენ, ხშირად იმარჯვებდნენ ბათუმის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში;
-
ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის მერიამ ათეულობით გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმა იმ კომპანიებთან, სადაც საკრებულოს წევრებს ბიზნესინტერესი აქვთ, რაც, თავის მხრივ, ეჭვებს აჩენს გამჭვირვალობასთან და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით;
-
პირდაპირი წესით შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმება ნაკლებად არის დასაბუთებული ანუ დაჩქარებული შესყიდვა არ არის დაკავშირებული გადაუდებელ საჭიროებასთან; ამავდროულად, გამარტივებული შესყიდვისგან განსხვავებით, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებით შესაძლებელი იქნებოდა თვითმმართველობის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად დაზოგვა;
-
საკრებულოს წევრები, კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულები არ არიან წარადგინონ საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, მისი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარეებისა), შესაბამისად, ინფორმაცია მათი სამეწარმეო აქტივობის შესახებ ნაკლებად ხელმისწვდომია.
წარმოგიდგენთ ბათუმის საკრებულოს იმ წევრთა შესახებ ინფორმაციას, რომელთაც გარკვეული ბიზნესინტერესები გააჩნიათ.
ნუკრი დოლიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
ბათუმის საკრებულოს წევრი ნუკრი დოლიძე, ბათუმის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 19 ნოემბრიდან ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარეა. ამავდროულად, ნუკრი დოლიძე 2005 წლის 18 თებერვალს რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „მონოთილი 2005“-ის 25%-იანი წილის მფლობელია.
სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, „მონოლითი 2005“-ს 2011 წლიდან დღემდე 66 ელექტრონულ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან შპს-მ 27 ტენდერში გაიმარჯვა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 500 710 ლარი. აღსანიშნავია, რომ იმ 66 ტენდერიდან 17-ში სხვა პრედენტენტები არ დაფიქსირებულა, 5 ტენდერი კი საერთოდ არ შედგა. კომპანიის მომსახურების შემსყიდველები მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის ქობულეთის მუნიციპალიტეტი, 5 შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბათუმის ბულვარი, 21 შემთხვევაში – ქალაქ ბათუმის მერია.
აღსანიშნავია, რომ გარდა ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებისა, „მონოლითი 2005“-მა შემოსავალი სახელმწიფო უწყებების მიერ მისი მომსახურების გამარტივებული შესყიდვით 604 075 ლარი მიიღო. შპს-სთან გამარტივებული შესყიდვის 4 ხელშეკრულებიდან 3 ბათუმის მერიამ გააფორმა, 1 კი სსიპ „ბათუმის ბულვარმა“.
გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებების დიდი ნაწილი 2012 წელს არის გაფორმებული, თუმცა ბოლო ხელშეკრულება გამარტივებულ შესყიდვაზე 2013 წლის 23 აგვისტოსაა ხელმოწერილი. ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და შპს „მონოლითი-2005“-ის დირექტორი მერაბ დოლიძე აწერენ, კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან 26 854 ლარის მიღების სანაცვლოდ, დაევალა მემედ აბაშიძის ძეგლის, ასევე ფადიკო გოგიტიძის, ნიკო ფიროსმანის, პეტრე მელიქიშვილისა და ლუკა ასათიანების ბიუსტების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება. გაუგებარია, რატომ დასჭირდა ასეთი სახის სამუშაოს ჩასატარებლად ბათუმის მერიას გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მაშინ, როდესაც ადვილი შესაძლებელი იქნებოდა, ელექტრონული ტენდერის გამოცხადება და კომპანიების შეთავაზებათა საფუძველზე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.
ბათუმის საკრებულოს წევრს ნუკრი დოლიძეს 25%-იანი წილი მეორე კომპანიაშიც აქვს – „ბონდი-2009“-მ ტენდერებში მონაწილეობის მიღება 2012 წლის გაზაფხულიდან დაიწყო – 31 ელექტრონული ტენდერიდან სულ 8 მოიგო, რითაც თითქმის 480 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამ შემთხვევაშიც, კომპანიის მომსახურების შემსყიდველები ბათუმის მერია და სსიპ ბათუმის ბულვარია. ბათუმის მერიას „ბონდი-2009“-სთან გამარტივებული შესყიდვის 2 ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელთაგან ერთი 2012 წლის 18 სექტემბერს არის გაფორმებული, მეორე კი 2013 წლის 26 დეკემბრით თარიღდება. საერთო ჯამში, ამ შპს-მ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე, მომსახურების გაწევის საფუძველზე, 492 494 ლარი მიიღო.
ბესარიან ჭოხონელიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
საკრებულოს წევრი კიდევ ერთი წევრი ბესარიონ ჭოხონელიძე შპს ვიპ დიზაინის 20%-იანი წილის მფლობელია. კომპანია 2010 წელს სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი. 2013 წლის 16 იანვრამდე ჭოხონელიძე 15%-იან წილი ეკუთვნოდა შპს გრანიტშიც.
2013 წლის 16 ოქტომბრამდე ბესარიონ ჭოხონელიძეს ეკუთვნოდა 25%-იან წილი შპს „სამშენებლო კომპანია ბათუმში“, რეესტრის მონაცემების თანახმად, მან ეს წილი კომპანიის ამჟამინდელი დირექტორს კობა წულაძეს აჩუქა.
წილის ჩუქებამდე შპს-მ 10 ელეტრონულ ტენდერში გაიმარვა, ჯამში კი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სანაცვლოდ 4 068 155 ლარი მიიღო. შემსყიდველებს შორის არის როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ქობულეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა უწყებები.
ასევე 2013 12 აგვისტოს, „სამშენებლო კომპანია ბათუმთან“ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. დოკუმენტით სამინისტრომ შპს-ს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 117-119 კმ-ების მონაკვეთზე ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების ჩატარება დაავალა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 1 771 822.38 ლარი შეადგინა.
თამაზ გორგილაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
„სამშენებლო კომპანია ბათუმში“ 25%-იან წილს ამ დრომდე ფლობს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი – თამაზ გორგილაძე. მას უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული აქვს, რომ შპს ფიროსმანის დირექტორია, თუმცა ამჟამად შპს-ს დირექტორი მერაბ ბერიძეა, თამაზ გორგილაძე კი 33,94% მფლობელია. სახელმწიფო შესყიდვების ბაზის თანახმად, შპს-მ სულ 3 ელეტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ორგან გაიმარჯვა, ჯამში კი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 3 673 257 ლარი მიიღო (ორივე მომსახურება წყალტუბოს უკავშირდება – 2012 წლის ივლისში კომპანიას ლუდსახარშის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაევალა, მოგვიანებით, სექტემბერში კი წყალტუბოს სტადიონის რეკონსტურცია).
შპს „ფიროსმანს“ სოლიდური თანხა აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვებიდანაც – ოფიციალური ბაზის მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ ყველა გამარტივებული შესყიდვა 2012 წელს განხორციელდა და ჯამში შპს-მ ამ გზით 3 927 014 ლარი მიიღო. გამარტივებული შესყიდვის ხელმომწერი 3 შემთხვევაში ბათუმის მერიაა, ამდენივეჯერ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, 2-ჯერ სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, ერთ ხელშეკრულებაში კი სახელმწიფო შემსყიდველ ორგანოს სახელმწიფოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს.
თამაზ გორგილაძეს 25%-იანი წილი აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დელტაშიც, რომლის საქმიანობის სფერო, ოფიციალური დოკუმენტების თანახნად, ეხება ყველაფერს, რაც ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება დაწყებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით დამთავრებული ხე-ტყის დამუშავება-რეალიზაციით.
გიორგი გაბაიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
ბიზნესთან კავშირი აქვს ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთ წევრს – გიორგი გაბაიძე შპს ბარამბო XXI-ს 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანიამ რეგისტრაციიდან ორ თვეში ააიპ ბათუმის ყინულის სასახლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 2012 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შემსყიდველისგან სასაჩუქრე პაკეტების მიწოდების სანაცვლოდ 106 845 ლარი მიიღო. ტენდერში მას 2 კომპანია უწევდა კონკურენციას.
გიორგი გაბაიძეს 10%-იანი წილი აქვს შპს „ზედაზენი აჭარაშიც“, (ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, შპს ორიენტირებულია ვაჭრობაზე, დისტრიბუციაზე, სავაჭრო ქსელის შექმნაზე), თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ბაზის მიხედვით, კომპანიას ელექტრონულ შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
ვაჟა ვერულაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
კომპანიაში წილს ფლობს ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ვერულიძე. შპს „აუდიტორული, საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი BDO ლიდერი“ 50%-50% წილს ვერულიძე მეუღლესთან, ნანა ხინიკაძესთან, ერთად ინაწილებს რომელიც ამავდროულად შპს-ს დირექტორია. ნანა ხინიკაძე სხვა კომპანიაში – თაობა XXI-შიც ფლობს 20%-იან წილს. სახელმწიფო შესყიდვების ბაზის მიხედვით, ზემოთ მოცემული კომპანიებს ელეტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ და მათთან არც გამარტივებული შესყიდვის შესახებ გაფორმებულა ხელშეკრულება.
მამული ჟღენტი, „კონსერვატიული პარტია“
ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია არც შპს „კეთილ საქმესაც”, რომლის 100%-იან წილს ბათუმი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი მამული ჟღენტი ფლობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია, ითხოვს ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ პირთა წრე გაფართოებას, რადგან დღეს მოქმედი რეგულაციით, საკრებულოს წევრებიდან მხოლოდ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ასევე ფრაქციის თავმჯდომარეებს და საკრებულოს მდივანს ევალებათ დეკლარაციის შევსება. მათ შეუზღუდავად შეუძლიათ სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ და ამავდროულად, იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ, რაც ცალსახად ბადებს ინტერესთა ონფლიქტის საფრთხეს.
ამას გარდა, ორგანიზაცია მოუწოდებს ბათუმის თვითმმართველობას, რომ უკიდურესი საჭიროების გარდა, არ მიმართოს კომპანიებთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების პრაქტიკას. ასეთ შემთხვევაში, დაიზოგება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები და პარალელურად, შემცირდება კორუფციის რისკები.