„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოკითხვის შედეგები: საქართველოში ყოველი სამიდან ორი ადამიანი იღებს SMS სპამს
ბოლო თვეების განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად საუბრობს უნებართვო SMS რეკლამის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე. ეს არის გამოწვევა, რომელიც არღვევს ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მაშინ როცა კერძო კომპანიები სარგებლობენ იმ ვითარებით, რომ ამ მომენტისათვის კანონის დარღვევის გამო მათ პასუხს იოლად ვერავინ აგებინებს.
იმისათვის, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგვქმნოდა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები SMS სპამს (რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ფრიად გვაღიზიანებს და გვირღვევს მყუდროებას), ჩვენ მიერ CRRC-ისთვის დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში მობილურ რეკლამასთან დაკავშირებული საკითხებიც შევიტანეთ. 3-26 ოქტომბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 1,918 ზრდასრული ადამიანი (18+) გამოიკითხა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ამ გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ, რეკლამის დამკვეთების მისამართით გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა და მიმართვის მიუხედავად, რომ პატივი სცენ მომხმარებელთა კონფიდენციალურობას, რესპონდენტთა დაახლოებით 67% ამბობს, რომ ისინი კვლავაც ღებულობენ უნებართვო SMS რეკლამებს. SMS სპამის მიმღებთა თითქმის ნახევარი (46%) აცხადებს, რომ ეს შეტყობინებები მათთვის უსარგებლოა, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისინი ასევე დასძენენ, რომ ამგვარი მესიჯების მიღების წინააღმდეგნი არ არიან. გამოკითხულთა 21%-ს მობილური რეკლამები აღიზიანებს. მათგან განსხვავებით, მომხმარებელთა 24%-ს ეს შეტყობინებები ხანდახან სასარგებლოდაც კი მიაჩნია, 8% კი თვლის, რომ ისინი ხშირადაა სასარგებლო.
რეკლამის დამკვეთები განსაკუთრებით აქტიურობენ დედაქალაქში და ურბანულ დასახლებებში: თბილისში გამოკითხულთა 86% და სხვა ურბანულ ცენტრებში გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ იღებს უნებართვო მობილურ რეკლამებს. სოფლად სპამის ნაკადი შედარებით მცირეა: სოფლად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 66% ამბობს, რომ მობილურით უნებართვო რეკლამებს იღებს.
რა აზრის ხართ იმ სატელეფონო შეტყობინებებზე, რომლებსაც კომერციული კომპანიებისაგან იღებთ? როგორც აღმოჩნდა, ზრდასრულ მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ საკითხთან მიმართებაში ერთი და იგივე განწყობა აქვს, განურჩევლად წლოვანებისა. რესპონდენტთა თითქმის ნახევარი თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, აცხადებს, რომ შემომავალ რეკლამებს უსარგებლოდ აღიქვამს, მაგრამ მათი მიღების წინააღმდეგი არ არის. უნებართვო სარეკლამო შეტყობინებები ასევე თანაბრად (თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 20%) აღიზიანებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს.
ის ფაქტი, რომ მობილური რეკლამის მიმღებთა 78% უნებართვო შეტყობინებების წინაარმდეგი არ არის (თუ გავაერთიანებთ პასუხებს შემდეგ კატეგორიებში: „შეტყობინებები უსარგებლოა, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ“, „ზოგჯერ სასარგებლოა" და „ხშირად სასარგებლოა“), იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების ცნობადობა კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ძალიან დაბალია. უმეტესობას, როგორც ჩანს, კარგად არა აქვს გაცნობიერებული, რომ უნებართვო მობილური რეკლამების პრობლემა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ეს შეტყობინებები აღიზიანებს და სიმშვიდეს ურღვევს ადამიანს, არამედ იმაშიც, რომ სპამი მიმღების პირადი მონაცემების დაუცველობის რისკებზე მიუთითებს. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გაურკვეველია, თუ რა საშუალებებით მოიპოვებენ მობილური მარკეტინგული კომპანიები ინფორმაციას მომხმარებლების ტელეფონის ნომრების, მისამართების, ასაკისა და სხვა დამატებითი მონაცემების შესახებ - ისინი, უბრალოდ, უარს ამბობენ ამ ინფორმაციის წყაროს გამჟღავნებაზე.
შექმნილ ვითარებაში სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და მისი გუნდის მისიაა, წარმოადგენდეს მყარ და სანდო ინსტიტუტს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო იმგვარი გარემოს შექმნას, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, პატივი სცენ ადამიანთა კონფიდენციალურობის უფლებას, არამედ შეძლებს აამაღლოს მოქალაქეთა ცნობადობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში.
მაგრამ ინსპექტორი, რომელსაც პერსონალური მონაცემების დაცვა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგი ევალება, ამჟამად შეზღუდულია თავის უფლებამოსილებაში - კერძო სექტორი კი, როგორც ჩანს, ამით სარგებლობს. თამარ ქალდანს, პერსონალური მონაცემების დაცვის პირველ ინსპექტორს, მხოლოდ გაფრთხილების გაცემის უფლება აქვს. 2016 წლამდე ის უფლებამოსილი არ არის, შეამოწმოს კონკრეტული შემთხვევები და დამრღვევთა მიმართ სანქციები დააწესოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სრულად მხოლოდ 2016 წლიდან ამოქმედდება და ინსპექტორსაც მხოლოდ მაშინ ექნება უფლება, დააჯარიმოს კანონის დამრღვევები.
2016 წლით დადგენილი ვადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან დაკავშირებული პრობლემების მხოლოდ ნაწილია. მობილური სპამის საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყების შემდეგ რეკლამის რამდენიმე დამკვეთი გამოგვეხმაურა და გვითხრა, რომ ისინი სარეკლამო შეტყობინებების დასაგზავნად შუამავალი მარკეტინგული კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ და თუ მათ მონაცემთა ბაზებში მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავება უკანონო გზით ხდება, ეს სწორედ ამ საშუამავლო კომპანიების პასუხისმგებლობაა და არა რეკლამის დამკვეთის. ეს დილემა, თუ „ვინ არის პასუხისმგებელი", იმ საკანონმდებლო ხარვეზების შედეგია, რომელთა აღმოფხვრასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისი ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით გეგმავს. ცვლილებების პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მარტივი მექანიზმის დანერგვას, რისი წყალობითაც ბოლო მოეღება უნებართვო რეკლამების გავრცელებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ამჟამად არსებული სამართლებრივი შეზღუდვების მიუხედავად, მომხმარებლებს მაინც შეუძლიათ ინდივიდუალურად მოსთხოვონ კომპანიებს, შეწყვიტონ მათი მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისათვის და ასევე გამოითხოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვეს მათი პირადი მონაცემები. ჩვენ შევადგინეთ ამგვარი წერილის ნიმუში, რომელიც შეგიძლიათ ამ მიზნით გამოიყენოთ და შესაბამისი კომპანიებისგან ინფორმაცია გამოითხოვოთ.
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.-ის მთავრობის, USAID-ის ან IREX-ის პოზიციას არ გამოხატავს.