გამრუდებული მართლმსაჯულება პუტინის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეების - ჩეჩინის, ზინოვკინასა და გრიბულის საქმეებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გამრუდებული მართლმსაჯულება პუტინის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეების - ჩეჩინის, ზინოვკინასა და გრიბულის საქმეებში

03 ნოემბერი, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები, რომელთა საფუძველზეც პროევროპული აქციების მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს -  ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულს  ნარკოტიკული საშუალებების „შეძენა-შენახვის“ ბრალდებით 8.5-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, რუსული გავლენებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა.

2025 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა პროკურატურის მიერ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში -- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გიორგი ახობაძეს სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ამ განაჩენს საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა, რადგან გიორგი ახობაძე ცნობილი იყო, როგორც ივანიშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგე და 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე საქართველოში მიმდინარე პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. საზოგადოებაში იმთავითვე ჩამოყალიბებული იყო აზრი, რომ ახობაძე უდანაშაულო იყო და სინამდვილეში მას ნარკოტიკები პოლიციამ „ჩაუდო“. იგივე აზრი გამოვთქვით ჩვენც სტატიაში, რომელიც ახობაძის და სხვა მსგავსი საქმის სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნებოდა.

მოგვიანებით ასეთივე ბრალდებაში ასევე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი პროტესტების კიდევ ორი ქართველი მონაწილე - თედო აბრამოვი და ნიკა კაცია.

ამ სამი გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას გაუჩნდა სრულიად კანონიერი და საფუძვლიანი მოლოდინი, რომ გამამართლებელი განაჩენები იქნებოდა გამოტანილი ასევე სამოქალაქო პროტესტის კიდევ სამი მონაწილის, რუსეთის მოქალაქეების - ანტონ ჩეჩინის, ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულის მიმართაც, რადგან ისინიც ანალოგიური ბრალდებით იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და მათ მიმართაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინიც ნარკოტიკების „ჩადების“ მსხვერპლნი გახდნენ. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად სასამართლოებმა სამივე რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ სცნეს და თითოეულ მათგანს სასჯელის სახით 8.5 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქვემოთ გაანალიზებულია და ერთმანეთთან არის შედარებული, ერთი მხრივ, ახობაძის გამამართლებელი განაჩენი და, მეორე მხრივ, ჩეჩინის, ზინოვკინასა და გრიბულის გამამტყუნებელი განაჩენები.

წინასწარვე დასკვნის სახით ვიტყვით, როგორც სამოქალაქო პროტესტების ათეულობით სხვა მონაწილე, მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებიც ივანიშვილის მიერ მიტაცებული სასამართლოს გამრუდებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი გახდნენ. ნებისმიერი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო ამ სამ ადამიანს გაამართლებდა და ისევე გაათავისუფლებდა სასამართლო დარბაზიდან, როგორც ეს ახობაძის, კაციას და აბრამოვის შემთხვევაში მოხდა.

1. ნარკოტიკების ჩადება, როგორც სისტემური დანაშაული და მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში

როგორც ჩვენს ადრინდელ სტატიაში მივუთითებდით, ნარკოტიკების ჩადება დიდი ხნის მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ამ პრაქტიკაზე მეტყველებს 7 საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა და რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დამრღვევად სცნო. ევროპული სასამართლოს დაკვირვებით, ასეთ საქმეებში სისტემატურად მეორდება ერთიდაიგივე სახის პროცესუალური დარღვევები:

  • გამოძიება იწყება ე.წ. „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის სანდოობის და უბრალოდ რეალურად არსებობის შემოწმება არ ხდება;
  • პირის პირადი, საცხოვრისის, მანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა ტარდება არა სასამართლოს წინასწარი განჩინების, არამედ ჩხრეკის შემდგომ მისი „კანონიერად ცნობის“ საფუძველზე;
  • ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების შესახებ ჩვენებებს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები იძლევიან, რომელთაც ინტერესი აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ;
  • ჩხრეკა ტარდება ნეიტრალური მოწმეების დასწრებისა და ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში დაარწმუნებდა;
  • სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს, სასამართლოს განჩინება ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით.

ამ მავნე პრაქტიკაზე მეტყველებს, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ქებურიას საქმეში, რომლის მითითებებიც, მართალია, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების მიერ არ სრულდება, მაინც ყოველთვის მნიშვნელოვან საზომად გამოიყენება პრაქტიკოსი იურისტების, ექსპერტებისა და მედიის მიერ, როდესაც ამა თუ იმ საქმეში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდების კანონიერების საკითხი წარმოიშვება.

2. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ახობაძის საქმეზე

ა) სასამართლოს ძირითადი დასკვნა

გიორგი ახობაძის მიმართ 2025 წლის 6 აგვისტოს გამამართლებელ განაჩენში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დაადგინა:

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 41-43).“ (ახობაძის განაჩენის პ. 4.22).

„ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა გიორგი ახობაძის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.“ (ახობაძის განაჩენის პ. 4.28)

ბ) გამამართლებელი განაჩენის იურიდიული საფუძვლები

(i) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი

სასამართლო დაეყრდნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) მე-13 მუხლის მე-3 ნაწილს (განაჩენის პ. 4.16), რომლის თანახმად:

„თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.“

სსსკ-ის ამ ნორმაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილ სტანდარტთან მის შესაბამისობაზე ქვემოთ კიდევ გვექნება საუბარი.

(ii) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეში „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა შემდეგი:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტავს, რომ: „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია. როდესაც საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის ან მისი მფლობელობის ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა ობიექტურად არსებობდა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება. როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა.“ (2.2-107).“ (ახობაძის განაჩენის, პ. 4.18).

გ) განაჩენის იურიდიული საფუძვლებისადმი ახობაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მისადაგება

შეამოწმა რა ახობაძის საქმის ფაქტებრივი გარემოებები ზემოთ მითითებული იურიდიული საფუძვლების, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ჭრილში, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების პოზიცია არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა:

„მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გიორგი ახობაძეს ედავება, რომ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ჯიბიდან ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (a-PVP), რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილია მხოლოდ ჩხრეკის ჩამტარებელი და მონაწილე პოლიციელების ჩვენებები. გარდა ამისა, წარმოდგენილია მათივე მონაწილეობით შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმი. ასევე წარმოდგენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე აღმოჩნდა გიორგი ახობაძის გენეტიკური პროფილი. პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ გიორგი ახობაძესთან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ტექნიკური საშუალებები არ გამოუყენებიათ, რადგან არ არსებობდა არც ადამიანური და არც ტექნიკური რესურსი, იქედან გამომდინარე, რომ საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა სამი პირი და გადანაწილებული ჰქონდათ „როლები“. აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოდგენილია ბრალდებულ გიორგი ახობაძის ჩვენება, სადაც იგი უარყოფს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას და უთითებს პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების „ჩადებაზე“. ბრალდებული განმარტავს, რომ ჩხრეკისას ვიდეოგადაღება არ განხორციელებულა. მისი მტკიცებით, ნივთიერ მტკიცებულებაზე მისი გენეტიკური პროფილის აღმოჩენა განაპირობა ნერწყვის ნიმუშის იძულებით აღებამ და ამ მასალის მათზე გადატანამ. ასეთ ვითარებაში სასამართლოს სინამდვილის გასარკვევად სჭირდება დამატებითი - ნეიტრალური მტკიცებულებები, რათა არგუმენტირებულად გაიზიაროს რომელიმე მხარის მიერ განვითარებული ვერსია ან პირიქით უარყოს.“

„სასამართლო ითვალისწინებს ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან საგამოძიებო მოქმედების - ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დაწყებამდე გასულ დროს, იმ გარემოებას, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. შესაბამისად ვიდეოფიქსაციის საშუალების ხელმისაწვდომობას (მათ შორის, მობილური ტელეფონი) და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო. აღსანიშნავია, რომ „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-109).“ (ახობაძის განაჩენის პპ. 4.19-4.20).

მაშასადამე, სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი სტანდარტის საწინააღმდეგოდ, პოლიციამ და ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა ნეიტრალური მტკიცებულებები - ნეიტრალური მოწმეების ჩვენება და ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.  სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა. ჩხრეკის მწარმოებელი პირების მიერ უგულებელყოფილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები და ასევე დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გიორგი ახობაძის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის (ახობაძის განაჩენის პ. 4.23).

დ) ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასაკმარისობა

ახობაძის გასამტყუნებლად სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია ბიოლოგიური ექპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, გიორგი ახობაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პაკეტის წებოვანი ლენტიდან აღებულ ანაწმენდებზე დადგენილ იქნა არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ბრალდებულისადმი კუთვნილება. სასამართლოს თქმით:

„...ზოგადად, ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებას. თუმცა. იმავდროულად, ყურადღებას აქცევს ბრალდებულის განმარტებას ნივთიერ მტკიცებულებაზე მისი ბიოლოგიური მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით. შესაბამისად. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი პირდაპირი, ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდების მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოკამერების ჩანაწერების მოსაპოვებლად, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ბრალდებულისადმი კუთვნილებას, ვერ შეაფასებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად.“ (ახობაძის განაჩენის პ. 4.21).

ე) სასამართლომ ვერ გაბედა გაეზიარებინა დაცვის პოზიცია ნარკოტიკების „ჩადების“ შესახებ

სასამართლო არ წასულა იმდენად შორს, რომ გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა „ჩაუდეს“ (ახობაძის განაჩენის პ. 4.14). თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ზოგადად ქვეყანაში და კერძოდ მართლმსაჯულების სისტემაში, სასამართლოსგან ამის მოლოდინი არც შეიძლება არსებობდეს. ღიად ხელისუფლების რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ წასვლა არცერთ მოსამართლეს არ შეუძლია.

ვ) ახობაძის საქმეში სასამართლოს განაჩენის საერთო შეფასება

ახობაძის საქმეში სასამართლოს განაჩენი გახდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ შეიძლება იმუშავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილმა სტანდარტმა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელებულ მართლმსაჯულებაში.

სწორედ ამ განაჩენმა დაუდო სათავე მსგავს განაჩენებს კაციას და აბრამოვის საქმეებშიც.

3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ანტონ ჩეჩინის საქმეში

ახობაძის საქმეზე სასამართლოს განაჩენისგან საპირისპირო განაჩენი იქნა გამოტანილი ანტონ ჩეჩინის საქმეში. იმავე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანტონ ჩეჩინი დამნაშავედ სცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში და მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ დაასკვნა:

„სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით - პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, გიორგი ჩიკვაიძის, ზურაბ რუსიშვილის, არჩილ ნაცვლიშვილის, ემილ კუპრავას, ედგარ ოგანესიანის, თორნიკე მაკასარაშვილის, ბაქარ ლებანიძის, მირზა ჯაფარიძის და შორენა ტაბატაძის ჩვენებებით, ბიულოგიური და ქიმური ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ანტონ ჩეჩინი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი ნებართვა არ ჰქონია.“ (ჩეჩინის განაჩენის პ. 3.2).

ა) მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო

სასამართლო ძირითადად დაეყრდნო სწორედ იმ სამი მოწმე პოლიციელის ჩვენებებს, რომლებმაც, ანტონ ჩეჩინის თქმით, ჩაუდეს ნარკოტიკები ჩეჩინს. მათთან ერთად, სასამართლო დაეყრდნო თარჯიმნის ჩვენებასაც. ანტონ ჩეჩინს, რომელმაც ქართული ენა არ იცის, პოლიციელებთან კომუნიკაციის დროს „ეხმარებოდა“ პოლიციელების მიერ მოყვანილი თარჯიმანი შორენა ტაბატაძე. ამ უკანასკნელის სანდოობის შესახებ ქვემოთ დეტალურად გვექნება მსჯელობა.

მაგრამ პირველ რიგში, უცნაური ის არის, რომ სასამართლომ ოთხივე მათგანის - სამი პოლიციელის და თარჯიმნის მიმართ საკუთარი ნდობა იმით „დაასაბუთა“, რომ „ოთხივე მათგანი გააფრთხილა სასამართლომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის და ცრუ ჩვენების მიცემისთვის, საქართველოს სსკ-ის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმებლობის შესახებ. ყველამ მოაწერა გაფრთხილების ხელწერილს და ფიცის ქვეშ მისცეს ჩვენებები. შესაბამისად, აიღეს პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციის სისწორეზე, რაც სასამართლოს მიაწოდეს.“ (ჩეჩინის განაჩენის პ. 2.41).

სასამართლოს ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, სანდო ყოფილა ამ ქვეყნად ყველა მოწმე, რომელიც გაფრთხილებულია ჩვენების არმიცემის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და რომელმაც ფიცი დადო. მაგრამ ასეთი რამ ყველა მოწმის შემთხვევაში ხდება - ყველა მათგანს აფრთხილებენ შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ და ყველა მათგანი დებს ფიცს - ეს უბრალოდ კანონის მოთხოვნაა. შესაბამისად, სასამართლოს მითითება ამ გარემოებებზე, როგორც ბრალდების მოწმეების სანდოობის მაჩვენებელზე, სხვა თუ არაფერი, დაუსაბუთებელია.

თუმცა, ასეთი წინასწარ ნავარაუდევი ნდობა სასამართლომ მხოლოდ ბრალდების მოწმეებს გამოუცხადა. დაცვის მოწმეების - თვითონ ჩეჩინის და მისი მეუღლის მიმართ მას საპირისპირო დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან მათი ჩვენებები არცერთ ნაწილში არ გაიზიარა.

ბრალდების მოწმეების სანდოობის შეფასებისას, სასამართლომ განაცხადა, რომ:

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. ისინი პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ისინი სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებთან მიმართებით თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.“ (ჩეჩინის განაჩენის პ. 2.39).

რაც შეეხება წინააღმდეგობებს ბრალდების მოწმეთა ჩვენებებში, რაზეც დაცვის მხარე მიუთითებდა, სასამართლომ განაცხადა, რომ „მცირე ხარვეზები რაც შეინიშნება რამდენიმე ჩვენებაში, რომლებიც უკავშირდება ოპერატიული ინფორმაციის მიღების და შემთხვევის ადგილზე გასვლის დროს, მონაწილეთა ურთიერთგანლაგებას თუ სხვა ისეთ არაარსებით გარემოებას, ვერ იქნება მათი მადისკრიდიტირებელი გარემოება. შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ, მოწმეებმა ვერ გაიხსენეს რაღაც დეტალები.“ (იქვე, პ. 2.39).

ბ) თარჯიმნის სანდოობის საკითხი

როგორც ჩვენს ადრინდელ სტატიაში აღვნიშნეთ, თარჯიმნის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა ის გარემოება, რომ მან სიტყვა-სიტყვით გაიმეორა გამოძიების ვერსია ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის გარემოებებისა და მისგან ვითომდაც ნარკოტიკული საშუალების „ამოღების“ შესახებ.

სასამართლომ ამ მნიშვნელოვან გარემოებას ყურადღება არ მიაქცია. მან არც ის დაუჯერა ჩეჩინს, რომ მისი დაკავების მომენტში თარჯიმანი ადგილზე არ იმყოფებოდა და იქ მხოლოდ 15 წუთის შემდეგ მივიდა, რომ თარჯიმანმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ ჩეჩინის დაკავების მომენტშივე ადგილზე იყო.

გარდა ამისა, როგორც ასევე აღვნიშნეთ ხსენებულ სტატიაში, დაცვის მხარის მიერ მოხდა შსს-ის ვებგვერდის იმ ნაწილის დათვალიერება, სადაც მოცემულია ინფორმაცია სამინისტროს შესყიდვების თაობაზე. დადგენილ იქნა, რომ ის მთარგმნელობითი კომპანია, შპს „ინტელექტ მარკეტი“, სადაც არის დასაქმებული თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, სისტემატურად უწევს სათარჯიმნო მომსახურებას შსს-ს. კერძოდ, 2017-2023 წლებში შსს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები სათარჯიმნო და მთარგმნელობით მომსახურებას იღებდნენ სწორედ შპს „ინტელექტ მარკეტი“-დან. მითითებულ წლებში მომსახურების გაწევა შპს „ინტელექტ მარკეტის“ მიერ ხდებოდა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ხოლო დაფინანსების წყაროს ყოველ ზემოხსენებულ წელს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2017-2023 წლებში აღნიშნულმა კომპანიამ 1 500 000 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამის საპასუხოდ სასამართლომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „რაიმე სერიოზული არგუმენტი, რაც თარჯიმნის ობიექტურობას ეჭვქვეშ დააყენებდა - სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.“ მისი თქმით, „დაცვის მხარის მხოლოდ ის პოზიცია, რომ შორენა ტაბატაძე ხშირად იღებს მონაწილეობას საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, რის გამოც იგი დაახლოებულია დეტექტივებთან/გამომძიებლებთან და არ იქნება ობიექტური, ვერ გამოდგება მოწმის ჩვენების დისკრედიტებულად წარმოჩენისთვის.“ (ჩეჩინის განაჩენის პ. 2.41).

სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თარჯიმანს უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, როცა არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე და უპირობოდ დაეთანხმა თარჯიმანს, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მას ანაზღაურებას უხდის ბიურო - „ინტელექტ მარკეტი“ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი (ჩეჩინის განაჩენის პ. 2.47).

სასამართლოს ასეთი მსჯელობა ორმხრივ იწვევს გაუგებრობას. ჯერ ერთი, დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა თარჯიმნის, როგორც „ფაქტის მოწმის“ სანდოობა და არა როგორც თარჯიმნისა. მეორეც, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ხანგრძლივი და მასშტაბური საქმიანი კავშირი აქვთ ერთმანეთთან შორენა ტაბატაძის მთარგმნელობით ბიუროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს შეეძლო ემსჯელა შსს-ს მიმართ თარჯიმნის ირიბ დამოკიდებულებაზე.

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტის შეუსრულებლობა

განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ როგორ შეეწინააღმდეგა სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერის აუცილებლობის შესახებ, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა შემდეგი:

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის წინააღმდეგობის გამო (თვითმხილველ მოწმეთა განმარტებით, ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ზურაბ რუსიშვილი ცდილობდა ანტონ ჩეჩინისთვის ხელების გაკავებას, მის გვერდით უკანა სავარძელზე მჯდომი გიორგი ჩიკვაიძე ბრალდებულის გაჩხრეკას, ხოლო მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი გამომძიებელი არჩილ ნაცვლიშვილი ჩხრეკის ოქმის შევსებას, რის გამოც ვერ მოხერხდა ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეოგადაღება) მართალია ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციელების მიერ არ მომხდარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოგადაღება, მონაწილეობდა თარჯიმანი, რომელსაც არ გააჩნია საპროცესო დაინტერესება (სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე არ დგინდება მიკერძოებული დამოკიდებულება დაცვის ან/და ბრალდების რომელმაც თავისი ჩვენებით გაამყარა სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები.“ (ჩეჩინის განაჩენის პ. 2.43).

ზემოთ ციტირებული სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ სასამართლომ უკრიტიკოდ მიიღო და გაიზიარა იმ პოლიციელთა თითოეული „ახსნა-განმარტება“, რომლებსაც ანტონ ჩეჩინი მისი დაკავებისა და ჩხრეკის მომენტიდან მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებდა. ჩეჩინის შემთხვევაში სასამართლომ მარტივად დაიჯერა ის, რაც არ დაიჯერა ახობაძის საქმის მოსამართლემ. როგორც არ ეცადნენ ახობაძის საქმეში პოლიციელები დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ თითოეულ მათგანს თავისი „როლი“ ჰქონდა და ამიტომ „ვერ მოხერხდა“ ჩხრეკის ვიდეოგადაღება, ახობაძის საქმის მოსამართლემ არ ირწმუნა ის, რასაც არ ირწმუნებდა არცერთი მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებელი. როგორც ახობაძის, ისე ჩეჩინის საქმეში მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ სამ პოლიციელს არ შეეძლო ჩხრეკის ისე ორგანიზება და ჩატარება, რომ ერთი კაცის ჩხრეკა მობილური ტელეფონით გადაეღოთ.

იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ პოლიციელებმა განზრახ აარიდეს თავი ვიდეოგადაღებას, რათა ამით არ გაემჟღავნებინათ ნარკოტიკების ჩადების ფაქტი.

4. ზინოვკინას და გრიბულის გამამტყუნებელი განაჩენი

ჩეჩინის გამამტყუნებელ განაჩენს ძლიერ ჰგავს ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულის განაჩენი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ - ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

ამ შემთხვევაშიც გამამტყუნებელ განაჩენს ძირითად საფუძვლად დაედო პოლციელებისა და თარჯიმნების ჩვენებები, რომელთა შესახებ მოსამართლემ განაჩენში განაცხადა, რომ ეს ჩვენებები „აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არის ურთიერთავსებადი და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.“ (ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.11, აგრეთვე პ. 4.5).

ასეთი “უტყუარობის და ურთიერთთავსებადობის სტანდარტი” მოსამართლემ, ბრალდების სხვა მოწმეებთან ერთად, სხვა იმ მოწმე პოლიციელის - ირაკლი მუხათგვერდელის ჩვენებაშიც “აღმოაჩინა”, რომელზეც ანასტასია ზინოვკინამ სასამართლოში განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს ის ხელებით უცნაურად ეხებოდა მას ტანზე, რაც “ჩხრეკა არ იყო,” რადგან მან იცის რა არის ჩხრეკა - ეს სულ სხვა პროცედურაა, რომელსაც სასამართლოში შემოსვლის წინ უტარებენ (ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.40). ზინოვკინას თქმით, მუხათგვერდელი მას გაუპატიურებითაც დაემუქრა (იქვე). სხვათა შორის, ენდო რა სხვებთან ერთად ასე უპირობოდ ირაკლი მუხათგვერდელს, მოსამართლე გალუსტაშვილმა ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მუხათგვერდელი პოლიციელი აღარ იყო, ის ბრალდებულია ხულიგნობის ჩადენაში იმის გამო, რომ 2025 წლის 24 მაისს, გადაადგილდებოდა რა ავტომანქანით თბილისში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

დაცვის მხარის მითითებაზე, რომ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია, მოსამართლე გალუსტაშვილმა უპასუხა, რომ „მცირე ხარვეზებს რასაც დაცვის მხარე უთითებდა დასკვნით სიტყვაზე, რომლებიც უკავშირდება ოპერატიული ინფორმაციის მიღების და შემთხვევის ადგილზე გასვლის დროს, თუ სხვა ისეთ არაარსებით გარემოებას, ვერ იქნება მათი მადისკრიდიტირებელი გარემოება. შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ, მოწმეებმა ვერ გაიხსენეს რაღაც დეტალები, თუმცა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მისცეს.“ (სტილი დაცულია)(ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.12).

მოსამართლე ნაჭყებიას მსგავსად, მოსამართლე გალუსტაშვილმაც პოლიციელი მოწმეების სანდოობის დასასაბუთებლად სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ყველა მოწმემ მოაწერა გაფრთხილების ხელწერილს და ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება (ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.13).

ჩეჩინის განაჩენის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სასამართლომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა თარჯიმნების ჩვენებებზე. რადგან ამ შემთხვევაში ბრალდებული ორი იყო, შემთხვევის ადგილზეც ორი თარჯიმანი მიავლინეს - ერთი ანაიდა საფარიანი და მეორე, იგივე შორენა ტაბატაძე, რომელიც ჩეჩინის დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე იყო მივლენილი. საყურადღებოდა, რომ ანაიდა საფარიანის ჩვენებით, იმ დროს, როდესაც მას ზინოვკინას და გრიბულის დაკავების და ჩხრეკის ადგილზე მისვლის მიზნით დაურეკეს, თვითონაც და შორენა ტაბატაძეც რატომღაც გამომძიებელ ბაქარ ლებანიძესთან ერთად იმყოფებოდნენ (განაჩენის პ. 3.8). ბაქარ ლებანიძე კი ერთ-ერთია იმ პოლიციელთაგან, რომლებსაც ზინოვკინა და გრიბული მათთვის ნარკოტიკების ჩადებაში ამხელენ.

ამ გარემოების მიუხედავად, სასამართლომ თარჯიმნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათი ჩვენების შინაარსი „სრულად ემთხვევა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას“ და რომ „რაიმე სერიოზული არგუმენტი, რაც თარჯიმნის ობიექტურობას ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.“ მისივე დაკვნით, დაცვის მხარის პოზიცია, რომ შორენა ტაბატაძე და ანაიდა საფარიანი შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ გამომძიებელთან ერთად, რის გამოც ისინი დაახლოებულია გამომძიებელთან და არ იქნებიან ობიექტურნი, ვერ გამოდგება მოწმის ჩვენების დისკრედიტებულად წარმოჩენისთვის.“ (სტილი დაცულია)(ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.13).

ჩხრეკების ვიდეოგადაღება არც ამ შემთხვევაში მომხდარა. ამ შემთხვევაშიც პოლიციელები აპელირებდნენ იმაზე, რომ ყველა „თავის საქმეს აკეთებდა“ და „გადაღების ფიზიკური შესაძლებლობა არ იყო“ (ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.6).

5. თარჯიმანი, როგორც სამი ქართველი და სამი რუსი ბრალდებულის საქმეების ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი

როგორც ახობაძის, ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის განაჩენების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, ერთადერთი ნიშანი, რომლითაც განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი მხრივ, ახობაძის, ხოლო, მეორე მხრივ, ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის საქმეები, არის ის, რომ ქართველის საქმეში არ ფიგურირებს, ხოლო, რუსების საქმეებში ფიგურირებს თარჯიმანი. სწორედ თარჯიმნის ჩვენება გახდა როგორც ჩეჩინის, ისე ზინოვკინა-გრიბულის საქმეებში ის ერთადერთი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც მოწმე პოლიციელების ჩვენებებთან და ჩხრეკის ოქმთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენებს.

ეს მით უფრო საგანგაშოა, როდესაც დაცვის მხარემ როგორც ჩეჩინის, ისე ზინოვკინა-გრიბულის საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თარჯიმნების სანდოობა, რასაც მოსამართლეებმა ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს.

6. თარჯიმნის ჩვენების, როგორც გამამტყუნებელი განაჩენის მთავარი საფუძვლის არასაკმარისობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის ჭრილში

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი მოითხოვს, რომ როდესაც საქმე ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო უკანონო შეძენა-შენახვას ეხება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელია, რომ პოლიციელების ჩვენებთან და ჩხრეკის ოქმთან ერთად, საქმეში არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულებები - ნეიტრალური მოწმის ჩვენება და ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ჩეჩინის და ზინოვკინა-გრიბულის საქმეებში „ნეიტრალური მოწმე“ თარჯიმნების სახით კი გამოინახა (თუმცა, მათი ნეიტრალობა თავისთავად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას), მაგრამ ვიდეოჩანაწერები არ არსებობს. ასეთი ვიდეომტკიცებულებების წარმოუდგენლობის მიუხედავად სასამართლოს მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არა მხოლოდ არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.

7. კანონმდებლის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

ჩეჩინის და ზინოვკინა-გრიბულის საქმეებში სასამართლოების მიერ გამოტანილმა უკანონო გამამატყუნებელმა განაჩენებმა თვალსაჩინო გახადა კიდევ ერთი პრობლემა -- კანონმდებლის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვნად შეუსრულებლობა.

კერძოდ, „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი:

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.“ (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პ. 1(ა)).

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ციტირებულ ტექსტში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს „ნეიტრალურ მტკიცებულებებზე“ მრავლობით რიცხვში.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველ - მე-4 პუნქტებში დადგენილია:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.“

სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია „ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების [მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების] შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა.“

ქებურიას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, კერძოდ 2021 წლის 28 ივნისს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლში, დაუმატა მას მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად:

„თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების,  საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.“ (ხაზგასმა ჩვენია).

როგორც ვხედავთ, ციტირებულ ნორმაში სიტყვები „სხვა მტკიცებულება“ მხოლობით რიცხვშია გამოყენებული, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის საქმეებზე საჭიროა „ნეიტრალური მტკიცებულებების“ მოპოვება.

აქედან გამომდინარე, მრავლობითის მაგივრად მხოლობითი რიცხვის გამოყენებით პარლამენტმა უხეშად დაარღვია საკონსტიტუციო სასამართლოს მითითება, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის ციტირებული რედაქცია არაკონსტიტუციურია.

სავარაუდოა, რომ სწორედ ეს არაკონსტიტუციური ნორმა ჰქონდათ მხედველობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ნაჭყებიას და გალუსტაშვილს, როდესაც ჩეჩინის და ზინოვკინა-გრიბულის გამამტყუნებელ განაჩენებში მხოლოდ ერთი „ნეიტრალური მტკიცებულების“ - თარჯიმნის ჩვენებას დასჯერდნენ.

8. ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული - დისკრიმინაციის მსხვერპლნი

საქართველოში, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყანაში სავალდებულო პრეცედენტის ინსტიტუტი არ არსებობს. მეორე მხრივ, არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების კანონიერი მიზანი, რომლის უზრუნველყოფა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვალდებულებაა. თუმცა, ამისათვის უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლო, არამედ ყველა ინსტანციის სასამართლო.

არსებითად ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ერთი და იგივე სასამართლოს მიერ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ეწინააღმდეგება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზანსაც და სამართლის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსაც, რომელსაც განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი და მე-12 ოქმი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის მიმართ არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, არამედ ისინი უსაფუძვლო განსხვავებული მოპყრობის, მაშასადამე, დისკრიმინაციის მსხვერპლნიც გახდნენ.

9. სავარაუდო მოტივი, რის გამოც რუსეთის სამი მოქალაქე მსჯავრდებულ იქნა

როგორც ჩვენს უწინდელ სტატიაშიც აღვნიშნეთ, ანტონ ჩეჩინი რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში. იგი პუტინისტური რეჟიმის მიერ ციხეში მოკლული რუსეთის ოპოზიციის ლიდერის - ალექსეი ნავალნის მომხრე იყო. რუსეთში ცხოვრების პერიოდში ის რამდენჯერმე დააკავეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, 22 სხვა დემონსტრანტთან ერთად მან საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

პუტინისტური რეჟიმის და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მოწინააღმდეგეები არიან ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბულიც. არტიომ გრიბული რუსეთიდან ჯერ სომხეთში და შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად სწორედ იმ მიზნით გადავიდა, რომ თავი აერიდებინა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში მონაწილეობისათვის.

შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პრორუსულმა ქართულმა რეჟიმმა ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით პუტინის ხელისუფლებას მორიგი მაამებლური შეტყობინება გაუგზავნა ან სულაც შეასრულა მოსკოვიდან მიღებული დავალება.

10. არასათანადო მოპყრობის თაობაზე რეაგირების უქონლობა

გამოძიების ეტაპზეც და სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც ანტონ ჩეჩინმა განაცხადა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს, აგრეთვე პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. სასამართლომ, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, ერთი მხრივ, არ დაიჯერა ბრალდებულის ნათქვამი, ხოლო, მეორე მხრივ, მთლიანად აიცილა პასუხისმგებლობა და მიუთითა იმ სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე, რომელიც აღარც არსებობს:

„როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დაკავებული თუ სხვა ფორმით თავისუფლებაშეზღუდული პირის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე და მის მიმართ სათანადო მოპყრობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. სწორედ ისაა ვალდებული, მსგავსი პრეტენზიის შემთხვევაში აწარმოოს შესაბამისი გამოძიება და დაადგინოს, რამდენად ჰქონდა დაკავებული პირის მიმართ არასათანადო თუ სხვა სახის მოქცევას ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, ანტონ ჩეჩინის დაკავების ოქმით, პირად ჩხრეკასი მონაწილე პირთა, მათ შორის ნეიტრალური მოწმის თარჯიმნის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა და არ აძლევდა უფლებას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გაეჩხრიკათ იგი. ასევე ირკვევა, რომ პოლიციელთა მხრიდან გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა რაც გამოიხატა ანტონ ჩეჩინის შეკავებაში (ხელები გაუკავეს). სხვა რაიმე ძალადობრივ ქმედებებს ყველა მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს. განსხვავებული პოზიცია აქვს აღნიშნულის თაობაზე ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს. მისი მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას გადაამეტეს უფლებამოსილებას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას. აღნიშნულის შემდეგ, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაშიც გაგრძელდა მის მიმართ უკანონო ქმედებები. ძალადობას ჰქონდა ადგილი მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულის აღნიშნული განცხადებების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. განაჩენის გამოტანის მომენტისთვის შემაჯამებელი გადაწყვეტილება საგამოძიებო ორგანოს არ მიუღია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, დადგენილად ან უარყოფილად მიიჩნიოს ბრალდებულის პრეტენზიები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ, ვინაიდან აღნიშნული დამატებით ძიებას საჭიროებს და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე, სწორედაც საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს.“ (ჩეჩინის განაჩენის პ. 2.51).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანტონ ჩეჩინი სერიოზულად არის დაავადებული. მას თავის ტვინში გაურკვეველი წარმოშობის სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სახელმწიფოს მხრიდან ადექვატური ზომები კი დღემდე არ ხორციელდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანასტასია ზინოვკინამ სასამართლოში განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი ხელებით უცნაურად ეხებოდა მას ტანზე, რაც “ჩხრეკა არ იყო” და რომ მუხათგვერდელი მას გაუპატიურებითაც დაემუქრა. დაკავებისას მუშტით დაემუქრნენ არტიომ გრიბულსაც (ზინოვკინა-გრიბულის განაჩენის პ. 3.41).

მოსამართლე ნაჭყებიასგან განსხვავებით, რომელმაც იმსჯელა მაინც არასათანადო მოპყრობის შესახებ ანტონ ჩეჩინის განცხადებებზე, თუმცა, რაიმე ქმედითი ზომა არ გამოუყენებია, მოსამართლე გალუსტაშვილმა გრიბულის  და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ზინოვკინას ზემოთ აღწერილ განცხადებებზე არც კი იმსჯელა.

შესაბამისი ორგანოების მხრიდან სრული ინდიფერენტულობა ვლინდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ანასტასია ზინოვკინას განცხადებების მიმართაც. ზინოვკინას განცხადებით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ციხის თანამშრომლების მხრიდან. ამის გამო არტიომ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა.

დასკვნა:

  1. გიორგი ახობაძის, ნიკა კაციას და თედო აბრამოვის გამართლებამ საზოგადოებაში აღქმული სამართლიანობის აღდგენის შთაბეჭდილება შექმნა. ეს საქმეები პოლიტიკური მოტივით იყო აღძრული — ახობაძეც, კაციაც და აბრამოვიც პროევროპული საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეები და ხელისუფლების ოპონენტები არიან.
  2. ამ საქმეებში სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა იმის საფუძველზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ნეიტრალური და დამაჯერებელი მტკიცებულებები — არ არსებობდა ჩხრეკის ვიდეოჩანაწერები და ნეიტრალური მოწმეები, ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ბრალდებულებს ნარკოტიკები ჩაუდეს.
  3. ამ საქმეებში სასამართლომ მიუთითა ქებურიას საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ჩხრეკის სანდოობის დასამტკიცებლად, აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულებების - ვიდეოჩანაწერის და ნეიტრალური მოწმეების ჩვენებების მოპოვება.
  4. ანტონ ჩეჩინის, ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულის საქმეებში, მიუხედავად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს და ყველას 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
  5. რუსეთის მოქალაქეების საქმეებში სასამართლოები დაეყრდნენ მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ამ თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თარჯიმნებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ მოწმე პოლიციელებთან.
  6. ჩეჩინისა და ზინოვკინა-გრიბულის საქმეებში სასამართლოებმა უარი თქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტის შესრულებაზე — არ მოითხოვეს ვიდეოჩანაწერი და ნეიტრალური მტკიცებულებები, ხოლო, პოლიციელთა განმარტება, რომ „ვიდეოგადაღება შეუძლებელი იყო“ უპრობლემოდ მიიღეს.
  7. თარჯიმნის ფიგურა გახდა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ქართველ და რუს ბრალდებულთა საქმეებს შორის — ახობაძის საქმეში თარჯიმანი არ იყო, რუსების საქმეებში კი სწორედ მათი ჩვენება გახდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მთავარი საყრდენი.
  8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებელმა არასრულად შეასრულა — სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლში სიტყვა „მტკიცებულებები“ შეცვალა მხოლობითი ფორმით („მტკიცებულება“), რითაც შეამცირა საჭირო მტკიცებულებათა რაოდენობის სტანდარტი და მსგავსი განაჩენებისთვის არაკონსტიტუციური საფუძველი შექმნა.

საერთო დასკვნა: რუსეთის მოქალაქეები - ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული, ისევე, როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, გახდნენ ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს.

ნარკოტიკების საქმეების ფიგურანტები

მოსამართლეები:

ჯვებე ნაჭყებია

ნინო გალუსტაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები:

ლევან ტაბიძე

ალექსი კობერიძე

რევაზ ზირაქაშვილი

გიორგი ხარგელია

გიორგი გურეშიძე

გიორგი ლობჟანიძე

გრიგოლ კაჭკაჭიშვილი

პაატა მჭედლიშვილი

ლაშა თავაძე

ემილ კუპრავა

მირზა ჯაფარიძე

ლაშა ხარხელაური

გიორგი როსოფიძე

არჩილ ნაცვლიშვილი

ედგარ ოგანესიანი

გიორგი ჩიკვაიძე

ზურაბ რუსიშვილი

ჯემალ მირაზანაშვილი

ირაკლი მუხათგვერდელი

თამარ ძნელაძე

ბაქარ ლებანიძე

პროკურორები:

შმაგი გობეჯიშვილი

ნუგზარ ჭიტაძე

თარჯიმნები:

შორენა ტაბატაძე

ანაიდა საფარიანი