გენდერული დისბალანსი აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გენდერული დისბალანსი აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში

03 დეკემბერი, 2019

 

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა გაზრდილია, თუმცა ამის მიუხედავად, თვითმმართველობებში მნიშვნელოვანი გენდერული დისბალანსია, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ რგოლებში.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალებმა აჭარის 6 მუნიციპალიტეტის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) საკრებულოებში არსებული მანდატების 12% (18 მანდატი) მიიღეს, რაც 4%-ით მეტია 2014 წლის არჩევნების შედეგებთან შედარებით. მათ შორის ყველაზე მეტი მანდატი (6) ქალებმა ქობულეთის საკრებულოში მიიღეს, ყველაზე ნაკლები (1) კი - ქედაში. ამასთან, ქობულეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალია.

ქალები ისევ სუსტად არიან წარმოდგენილები საკრებულოების ფრაქციებსა და კომისიებში. რეგიონის თვითმმართველობებში არსებული 29 ფრაქციიდან ქალები მხოლოდ 2-ს თავმჯდომარეობენ (ორივე ბათუმში). რაც შეეხება კომისიებს, 6 საკრებულოში მოქმედი 30 კომისიიდან ქალები მხოლოდ 4 მათგანს ხელმძღვანელობენ (ქობულეთში, ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში).

ყველა მუნიციპალიტეტის მერების მრჩეველთა საბჭოებში  81 წევრიდან 28 ქალია (34.5%), რითაც მუნიციპალიტეტები იცავენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ნორმას, რომლითაც საბჭოების შემადგენლობაში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა ⅓-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გაცილებით მწირად არიან ქალები წარმოდგენილები თვითმმართველობების აღმასრულებელ ორგანოებში. გარდა იმისა, რომ არცერთი მუნიციპალიტეტის მერი ქალი არ არის, მხოლოდ ბათუმსა და შუახევში არიან ქალები მერების მოადგილეები. რაც შეეხება მერიის სამსახურებს, არსებული 51-დან მხოლოდ 9-ს ხელძღვანელობენ ქალები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული 77 ტერიტორიული ერთეულიდან ქალები მხოლოდ 4-ს მართავენ (ქობულეთში 3 და ხელვაჩაურში 1).