იკრძალება თუ არა არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იკრძალება თუ არა არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება?

03 ივლისი, 2017

 

15 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2” დამრღვევად იმის გამო ცნო, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკური რეკლამა გაუშვა. საქმე პრეცედენტული იყო და ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება აეკრძალათ. რადგანაც კომისიამ პირველად იმსჯელა მსგავს შემთხვევაზე, „რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ  სანქციად მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენა. მიგვაჩნია, რომ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა არ უნდა იყოს აკრძალული, მაგრამ მისი განთავსება გარკვეული რეგულირების ქვეშ უნდა იყოს მოქცეული.

დავა ეხებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის მიერ არაწინასაარჩევნო დროს სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველოს” სარეკლამო რგოლის განთავსებას. რეკლამა კომისიის მონიტორებმა აღმოაჩინეს და დარღვევის განხილვა მაუწყებლის შესახებ კანონის 661 მუხლის დარღვევისთვის დაიწყო, რომლის მიხედვითაც „აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

კომისიის სხდომაზე „რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ  კანონში პირდაპირ არ წერია მსგავსი რეკლამის აკრძალვის შესახებ და თუ  კანონმდებელს ეს მიზანი ექნებოდა, კანონშივე ჩაწერდა, რომ აკრძალულია არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამა გამონაკლისის გარდა. მათივე თქმით, „ამ ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით, საერთოდ აკრძალულია სარეკლამო მომსახურების შეძენა პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ შორის წინასწაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან გამონაკლისად არ უთითებს საქართველოს „საარჩევნო კოდექსით” გათვალისწინებულ და წინასაარჩევნო პერიოდისთვის დადგენილ ნორმებს.”

კომისიამ არ გაითვალისწინა ტელევიზიის არგუმენტები და განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს.”

საქმის განხილვაზე „რუსთავი 2”-მა, ასევე, განაცხადა, რომ ეს მათი კომპანიის წინააღმდეგაა მიმართული. ასეთი შემთხვევები სხვა არხებზეც ხდებოდა, თუმცა კომისია არ რეაგირიდებდა და მათმა მონიტორინგმა რატომღაც მხოლოდ „რუსთავი 2”-ის დარღვევა აღმოაჩინა. მაგალითად კი „იმედისა” და „ობიექტივის” შემთხვევები მოიყვანეს. კომისიამ ამ ტელევიზიებიდანაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა „იმედმა” მსგავსი ფაქტის არსებობა არ დაადასტურა, ხოლო „ობიექტივმა” კომისიას საერთოდ არ უპასუხა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გამოითხოვა ტელეკომპანია „ობიექტივსა” და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შორის გაფორმებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების ასლები 2016 წლიდან დღემდე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წელს დადებული მხოლოდ ერთი კონტრაქტი მოგვაწოდა, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება. როგორც ჩანს, დანარჩენი კონტრაქტები, რომლებიც უფრო ადრე გასულ რეკლამებს ეხება, „პატრიოტთა ალიანსს” აუდიტის სამსახურისთვის არ მიუწოდებია. „ობიექტივზე” უფრო ადრეც რომ გადიოდა ამ პარტიის რეკლამა ამას როგორც აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, ისე ჩვენ მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგი  ადასტურებს.

გარდა ამისა,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ობიექტივს” 2015 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე (რაც მოიცავს არაწინასაარჩევნო პერიოდს) სამაუწყებლო ბადეში უნდა განეთავსებინა „პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური რეკლამა. თანხას კი „მაუწყებელში დადგენილი ტარიფითა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს შედგენილი დანართით” გადაიხდიდა. ხელშეკრულებას თან არ ახლავს დანართი რამდენჯერ გაუშვა „ობიექტივმა” „პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური რეკლამა, მაგრამ ამ ხელშეკრულების არსებობა უკვე უნდა ნიშნავდეს, რომ მსგავსი რეკლამები ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა. აუცილებელია კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდეს და შეისწავლოს ეს ფაქტი იმისათვის, რომ ტელეკომპანიების მიმართ ჰქონდეს არადისკრიმინაციული მიდგომა და განეიტრალდეს ეჭვი  მარეგულირებლის სუბიექტორობასა და შერჩევითობასთან დაკავშირებით.

ეს პრობლემა აქამდეც რომ არსებობდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაწერილი ბლოგიც ადასტურებს, რომელშიც სწორედ არაწინაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის რეგულირების აუცილებლობაზეა საუბარი. ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციები პრინციპულად განსხვავდებოდა კომისიის გადაწყვეტილებისგან. ის რეკლამების აკრძალვას არ გულისხმობდა, არამედ მათზე იგივე რეგულაციების გავრცელების აუცილებლობაზე წერდა, რაც კანონით საარჩევნო დროს არის გათვალისწინებული. კერძოდ:

  • მაუწყებლებმა კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საეთერო დროის ტარიფის და გაწეული მომსახურების შესახებ, რაც ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით გულისხმობს ამ ინფორმაციის ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

  • პოლიტიკური რეკლამის ტარიფი არასაარჩევნო პერიოდშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის ერთნაირი უნდა იყოს;

  • პოლიტიკური რეკლამის გამოშვებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი.

კითხვის ნიშნებს ტოვებს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს მარეგულირებელ კომისიას ამ საკიხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. www. mediachecker.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მსგავსად იზიარებდა მოსაზრებას არასაარჩევნო პერიოდში გასულ პოლიტიკურ რეკლამებზე იმ რეგულაციების გავრცელებისა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გასულ პოლიტიკურ რეკლამებზე ვრცელდებოდა და ამბობდა: „კომისიას მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეკლამა უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ რეგულაციას, რაც საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს“. გაუგებარია რა შეიცვალა მას შემდეგ და რატომ გადაწყვიტა კომისიამ, რომ ამ რეკლამების რეგულირების მოთხოვნის ნაცვლად, საერთოდ აეკრძალა ის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ არაწინასაარჩევნო დროს პოლიტიკური რეკლამა არ უნდა იკრძალებოდეს და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 661 მუხლი ინტერპრეტაციების საშუალებას არ უნდა ტოვებდეს.