ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება როგორც საერთო სტანდარტი საქართველოში
საქართველოს სახელისუფლებო უწყებები სათანადო პროაქტიულობით ვერ უზრუნველყოფდნენ მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. როდესაც მოქალაქეს, ჟურნალისტს თუ მკვლევარს, ამგვარი ინფორმაციის მიღება სურს, იგი ხშირად იძულებულია, შესაბამისი უწყებისათვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილი გააგზავნოს, რაც ყოველთვის ადვილი არ არის. ამას ემატება ისიც, რომ მოქალაქეს ლოდინი უწევს მის მიერ ფოსტით გაგზავნილ წერილზე პასუხის მისაღებად (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მასზე პასუხის გაცემა, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ პროცესმა სინამდვილეში, შესაძლოა, უფრო მეტ ხანს გასტანოს). 2012 წელს მთავრობამ ვებ-გვერდი http://data.gov.ge შექმნა, რომელიც საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის სექციას შეიცავს, მაგრამ აღნიშნული სექცია ჯერ არ ამოქმედებულა. ამასთანავე, წარსულში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უბრალოდ უგულებელყოფა ხდებოდა ან პასუხები არაადეკვატურ, ბუნდოვან ან არასრულყოფილ ინფორმაციას შეიცავდა.
თუმცა, ამ მხრივ მდგომარეობა, სავარაუდოდ, უნდა გაუმჯობესდეს, რადგან 2013 წლის 1 სექტემბერს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ მთავრობის ახალი დადგენილება შევიდა ძალაში. აღნიშნული დადგენილებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ჯგუფის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, რეკომენდაციებს ეფუძნება, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ელექტონულად, უსასყიდლოდ და მარტივად გამოსაყენებელი, ღია ფორმით გასცეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს ზემოთ აღწერილი სტანდარტის გამოყენებით შვიდი კატეგორიის ინფორმაციის გასაჯაროება მოეთხოვებათ:
-
ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ - ინფორმაცია მისი სტრუქტურის, ფუნქციების, წესდებების, წლიური ანგარიშების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების შესახებ, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ბიოგრაფიები და საკონტაქტო ინფორმაცია;
-
საჯარო ინფორმაციის გვერდი – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა სახელები, გვარები და საკონტაქტო ინფორმაცია, შესაბამისი რეგულაციები, გასაჩივრების ფორმები და პროცედურა, საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშები და სტატისტიკა;
-
საკადრო უზრუნველყოფა – გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობები, კონკურსის ჩატარების წესები, კონკურსის შედეგები და კონკურსის შედეგების გასაჩივრების პროცედურა, დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით (სახელისუფლებო დაწესებულებებს ისედაც ევალებათ ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით განცხადებები გამოაქვეყნონ ვებ-გვერდზე http://hr.gov.ge, მაგრამ ისინი ამ მოთხოვნას ხშირად არ ასრულებენ);
-
სახელმწიფო შესყიდვები და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია – შესყიდვების გეგმები, ინფორმაცია შესყიდული ობიექტების, შესყიდვის საშუალებებისა და მიმწოდებლების შესახებ, აგრეთვე ხელშეკრულების ღირებულების შესახებ (შესყიდვების გეგმებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://tenders.procurement.gov.ge/, ამ მონაცემებს ჩვენ გაუმჯობესებული სახით ვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე Tendermonitor.ge); ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და სარეკლამო ხარჯების შესახებ;
-
დაფინანსება და ხარჯთაღრიცხვა – დამტკიცებული ბიუჯეტები, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების, თანამშრომელთა ანაზღაურების, დანამატებისა და პრემიების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი, მომსახურების ხარჯები, დონორთა მიერ გამოყოფილი გრანტები და კრედიტები;
-
სამართლებრივი აქტები – კანონები და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები (ეს დოკუმენტები უკვე ხელმისაწვდომია მთავრობის ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზის საშუალებით https://matsne.gov.ge/);
-
სხვა საჯარო ინფორმაცია – ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების, მოსაკრებლების, საფასურებისა და სხვა შემოსავლების შესახებ
აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ბოლო ვადა 2013 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა. მაგრამ, რადგან ის სავალდებულოა მთავრობის დადგენილებით და არა კანონის ძალით, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები ურჩევდენენ მთავრობას, ეს მოთხოვნა მხოლოდ მთავრობის კანცელარიაზე, სამინისტროებსა და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებზე და სამინისტროების კონტროლს დაქვემდებრებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება.
ხელისუფლების სხვა შტოები - პარლამენტი, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - და დამოუკიდებელი მარეგულირებლები (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) ვალდებულნი არ არიან ეს მოთხოვნა შეასრულონ, და ამის გაკეთება მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. .
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესების დამტკიცების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის ნუსხა სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის ორგანიზაციებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და საქართველოს საჯარო სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას ისახავს მიზნად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, როგორც ამ კონსულტაციების პროცესის აქტიური მონაწილე, მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი ინფორმაციის ღია მონაცემთა ფორმატში პროაქტიულად გამოქვეყნება ჩვენს მიერ შეთავაზებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, რაც მომხმარებლებს გამოქვეყნებული მონაცემების გამოყენებასა და დამუშავებას გაუადვილებს, საერთო სტანდარტად უნდა დადგინდეს არა მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ ხელისუფლების ყველა სხვა შტოს მიმართაც. სამწუხაროდ, ამ საკითხზე პასუხისმგებელმა ზოგიერთმა ძირითადმა სამთავრობო უწყებამ დაჟინებით მოითხოვა მონაცემების დასკანერებული სურათების სახით PDF ფორმატში გამოქვეყნების წესის შენარჩუნება, რაც ამ მონაცემების დამუშავებას საკმაოდ რთულს ხდის.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განხორციელდება მთავრობის ახალი დადგენილება პრაქტიკაში და საჭიროებისამებრ შემდგომ რეკომენდაციებსაც წარმოვადგენთ.