ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ შეარჩია გლობალ ალიანსი რეფორმის განსახორციელებლად
როგორც საზოგადოებისთვის მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებითი კორექტირება და მთლიანად ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა.
ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 6 აპრილს 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა ბრიტანულ კომპანია გლობალ ალიანსს (Global Alliance for Health and Social Compact Ltd).
ამასთანავე, რამდენიმე დღით ადრე, 2015 წლის 18 მარტს, გლობალ ალიანსთან 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდმა გააფორმა. შესყიდვის საგანია კონსულტაციები რამდენიმე კლინიკის/უძრავი ქონების (თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრი) განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია ითქვას, რომ ამ კომპანიას აქვს საკმარისი გამოცდილება და ექსპერტიზა, რომ სათანადოდ დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.
გლობალ ალიანსის მენეჯმენტი
შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია გლობალ ალიანსი 2014 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული გაერთიანებულ სამეფოში. კომპანიის ვებგვერდზე gahsc.net არ იძებნება პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია მისი არათუ ჯანდაცვის სისტემების რეფორმირების, არამედ რაიმე სხვა სახის გამოცდილების შესახებ. ასევე, ზოგადად, კომპანიის ვებგვერდი არაპროფესიონალური და არაინფორმატიულია, რაც არ არის დამახასიათებელი სერიოზული კომპანიებისათვის.
კომპანიების საძიებო პლატფორმა endole.co.uk-ის მიხედვით, დაარსებიდან დღემდე (1 წელზე ნაკლებ პერიოდში) კომპანიამ სამი დირექტორი გამოიცვალა, დღესდღეობით კომპანიის დირექტორია (იმავდროულად მისი დამფუძნებელი და მფლობელი) საფრანგეთის მოქალაქე ჟან-ელი შარლ მალკინი. ის პროფესიით ექიმია 25 წლიანი სტაჟით. მისი კარიერის ბოლო ნაწილი გაეროს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, სადაც ის რეგიონალურ დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. ის რამდენიმე სამეცნიერო ორგანიზაციის წევრია. საგულისხმოა, რომ მალკინი გლობალ ალიანსის დირექტორის თანამდებობაზე მხოლოდ მიმდინარე წლის 20 ივლისს დაინიშნა, ხოლო მისი წინამორბედები კი, ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, არავითარი რელევანტური ცოდნითა და გამოცდილებით არ გამოირჩევიან.
კომპანიის დირექტორები ასევე იყვნენ უკრაინული წარმოშობის 1984 წელს დაბადებული განნა ასსეიევა, რომელსაც თანამდებობა 2015 წლის 1 ივნისიდან 20 ივლისამდე ეკავა, და 1991 წელს დაბადებული ბრიტანელი ქრისტოფერ დეივი, რომელიც 2014 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა დირექტორად.
ღიად ხელმისაწვდომი წყაროებიდან ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა მეტად მწირი ინფორმაცია მხოლოდ განნა ასეიევას შესახებ, რომელიც 2000-იან წლებში მუშაობდა ადმინისტრაციულ ოფიცრად შიდსის წინააღდეგ საერთაშორისო ალიანსის (International HIV/AIDS Alliance in Ukraine) უკრაინულ ოფისში. ქრისტოფერ დეივის შესახებ კი ინფორმაცია არ მოიძებნა.
გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები
როგორც სამინისტროში დაგვიდასტურეს, ამ ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროსთვის გაწეული მომსახურება მოიცავს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებასა და ც-ჰეპატიტის აღმოფხვრაში დახმარებას. ხელშეკრულების მიხედვით, გლობალ ალიანსი სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს კომპლექსური, სინერგიული ღონისძიებების სტრუქტურირებითა და განხორციელებით, რაც სამინისტროს უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, ეროვნული ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარებაში, ეროვნული და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და სამინისტროს ხელმძღვანელობის, მარეგულირებელი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში.
გლობალ ალიანსმა, სხვა ამოცანებთან ერთად, უნდა დანერგოს დანახარჯთა შეკავების თანამედროვე მიდგომები, რათა აღმოფხვრას ჯანდაცვის არაციონალური ხარჯები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის. დანახარჯთა შეკავება რეფორმის ზემოჩამოთვლილ მიმართულებებთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს.
ჩვენი აზრით, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელიც ფუნდამენტური გათვლისა და დაგეგმვის შედეგად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს თანმიმდევრული და გააზრებული, რომ ჯანდაცვის სისტემის მომდევნო მესვეურებს არ მოუწიოთ რეფორმის თავიდან დაწყება და რესურსების განმეორებითი ხარჯვა. მიგვაჩნია, რომ ამ რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში შესაბამისი გამოცდილების მქონე სფეროს საუკეთესო სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართული
ჩვენთვის გაუგებარია:
-
რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, რა ინფორმაციას ფლობს სამინისტრო ამ კომპანიისა და მისი სხვა თანამშრომლების გამოცდილებისა და ექსპერტიზის შესახებ.
-
რატომ გაფორმდა ხელშეკრულებები გლობალ ალიანსთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით, როდესაც დროითი შეზღუდვა არ არსებობდა.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სამინისტრომ დამატებითი განმარტებები გააკეთოს და საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.