კავშირები პოლიტიკური პარტიებს, მათ შემომწირველებსა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის
სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა კავშირები არსებობს პოლიტიკურ პარტიებს, დონორებსა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების საფუძველზე ჩვენ შევქმენით პოლიტიკური პარტიების დონორების ბაზა და კომპანიების მესაკუთრეთა ბაზის მეშვეობით მივიღეთ შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიების სია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილი ტენდერების ონლაინ მონიტორინგის პლატფორმის tendermonitor.ge-ისა და გამარტივებული შესყიდვების ბაზის მეშვეობით კი დავადგინეთ პოლიტიკური პარტიების დონორებთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 13 ივნისის ანგარიშში ჩვენ წარმოვადგინეთ ზოგადი მონაცემები პარტიების დონორებთან დაკავშირებით და მათ კავშირებზე იურიდიულ პირებთან. ასევე ვისაუბრეთ ამ იურიდიული პირების მიერ მოგებულ ტენდერებზე. მოცემულ ბლოგში მოგაწვდით დაზუსტებულ მონაცემებს. კერძოდ: 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისის ჩათვლით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 683 შემომწირველისგან 8 216 448 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღო. 2013 წელს დონორებმა კოალიციის სასარგებლოდ 4 503 633 ლარი, ხოლო 2014 წლის იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით 3 712 815 ლარი გაიღეს.
ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ“ იმავე პერიოდში 297 შემომწირველისგან 2 643 534 ლარი მიიღო. შემოწირულობის უდიდესი ნაწილი დონორებმა 2013 წელს ჩარიცხეს – 2 632 619 ლარი. 2014 წლის 30 მაისამდე პარტიას მხოლოდ 1 შემომწირველი ჰყავდა, რომელმაც პარტიას 1520 ლარი გადაურიცხა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 მაისის ჩათვლით 306 შემომწირველისგან 702 942 ლარი მიიღო. 2013 წელს დონორებმა პარტიას 431 793 ლარი ჩაურიცხეს, ხოლო 2014 წელს პარტიამ 271 149 ლარი მიიღო.
როგორც აღმოჩნდა, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ამ მიმართულებით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი კონტრაქტები ქართული ოცნების შემომწირველთა კომპანიებმა მიიღეს, მათ არც ოპოზიციური პარტიების შემომწირველები ჩამოუვარდებიან. ის ტენდენცია რომელიც ფიქსირდებოდა გასული წლების განმავლობაში, როდესაც თითქმის 99% შემთხვავაში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები იღებდნენ არ არის შენარჩუნებული. ასევე, არ შენარჩუნდა ის ტენდენცია, როდესაც იურიდიულ პირებთან კავშირში მყოფი შემომწირველები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიებს წირავდნენ თანხებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირები და მათთან კავშირში მყოფი კომპანიები ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს ახორციელებენ. თუმცა, მმართველი კოალიციის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობები მეტია.
აღსანიშნავია, რომ ტენდერების და გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე ხელშეკრულებების დადება პოლიტიკურ პარტიების დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებთან არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილოს ამ თემაზე და შეისწავლოს მსგავს გარემოებებში გაფორმებული კონტრაქტები.
კოალიცია „ქართული ოცნების“ დონორები ყველაზე მეტად 2014 წლის აპრილში აქტიურობდნენ, რა დროსაც კოალიციის ანგარიშზე 1 804 625 ლარი ჩაირიცხა. ყველაზე აქტიური დღე კი 2014 წლის 24 აპრილი იყო, როდესაც კოალიციის ანგარიშზე 49 დონორმა ჯამში 470 000 ლარი შეიტანა. იმავე თვის 22 აპრილს პარტიას 21 შემომწირველისგან 347 000 ლარი ჩაერიცხა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 2013 წლის იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე 17 600 ლარი შევიდა. ოქტომბრის თვეში პარტიამ 92 შემომწირველისგან 414 993 ლარი მიიღო. პარტიის დონორები ყველაზე აქტიური 2014 წლის 26 მაისს იყვნენ, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 211-მა პირმა ერთი დღის განმავლობაში 256 500 ლარი ჩარიცხა.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ ყველაზე აქტიური 2013 წლის ოქტომბერი იყო, როდესაც პარტიამ 228 შემომწირველისგან 1 879 306 ლარი მიიღო. დონორების აქტიურობით გამოირჩეოდა 2013 წლის 6 სექტემბერი, როდესაც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე 14 დონორმა 283,068 ლარი შეიტანა. ასევე აქტიური იყო 2013 წლის 25 ოქტომბერი, როდესაც პარტიის ანგარიშზე 14 დონორმა 189,580 ლარი შეიტანეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა პოლიტიკური პარტიების დონორების კუთვნილი ან მმართველობაში მყოფი კომპანიებით. ჩვენ შევისწავლეთ, ჰქონდათ თუ არა ასეთ კომპანიებს მიღებული კონკურენტული ან გამარტივებული კონტრაქტები და დავადგინეთ, რომ პოლიტიკური პარტიების 387 დონორი 875 კომპანიასთან იყო წარსულში ან ამჟამად დაკავშირებული. აქედან პირდაპირი და უშუალო კავშირი 20 შემომწირველის შემთხვევაში 22 კომპანიასთან* იკვეთება.
1. დონორების პირდაპირი კავშირები კომპანიებთან (მფლობელი, მეწილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მესაკუთრე) რომლებმაც მოიპოვეს ტენდერის ან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტები 50 000 ლარზე მეტი ჯამური ღირებულებით.
პარტია |
მართველობა/საკუთრება* |
„ქართული ოცნება“ |
16 |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
4 |
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ |
1 |
„ეროვნული ფორუმი“ |
0 |
„კონსერვატორები“ |
0 |
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ |
0 |
„რესპუბლიკური პარტია“ |
1 |
„ქართული ოცნების“ დონორებთან პირდაპირ კავშირში მყოფმა კომპანიებმა 10 342 239 ლარი მიიღეს კონკურენტული და გამარტივებული შესყიდვების სახით. აქედან 5 600 171 ლარი გამარტივებული ტიპის შესყიდვას წარმოადგენდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, კონკურენტული და გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების საერთო ღირებულება 1 390 679 ლარს შეადგენს. აქედან 140 102 ლარი გამარტივებული შესყიდვებით მიღებული შემოსავალია, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 166 538 ლარი მიიღეს, აქედან გამარტივებული კონტრაქტების წილი 67 538 ლარია. (საუბარია კომპანიებზე, რომელთა კონტრაქტების საერთო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება)
მთლიანად პირდაპირ და არაპირდაპირ კავშირში მყოფმა 123-მა კომპანიამ 2013-2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, კონკურენტული ტენდერების მეშვეობით 43 512,348 ლარი, ხოლო 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით გამარტივებული პირდაპირი შესყიდვებით 11 041 007 ლარის შემოსავალი მიიღო.2. დონორების არაპირდაპირი კავშირები კომპანიებთან (კომპანიის წარმომადგენელი და სხვა)
პარტია |
კავშირები |
„ქართული ოცნება“ |
170 |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
81 |
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ |
86 |
„ეროვნული ფორუმი“ |
6 |
„კონსერვატორები“ |
4 |
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ |
2 |
„რესპუბლიკური პარტია“ |
11 |
„ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ |
3 |
„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მთლიანობაში 39,945,465 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1 997 209 ლარი, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1,569,673 ლარი მიიღეს.
ეს მონაცემები მიღებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილი ტენდერების ონლაინ მონიტორინგის პლატფორმის tendermonitor.ge-ის და გამარტივებული შესყიდვების ბაზის მეშვეობით. გამარტივებული შესყიდვების ბაზა მოიცავს მონაცემებს 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ სამივე პარტიის დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები უფორმებდნენ და ამ შემთხვევაში კონკრეტული ფავორიტი შემსყიდველი არ გამოიკვეთა.
მაგალითად, კომპანია „კავკასუს მოტორსმა“ 2013 წელს 13 ტენდერში მიიღო მონაწილეობა. როგორც ერთადერთმა კანდიდატმა კომპანიამ „კავკასუს მოტორსმა“ 11 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულებამ 901 466 ლარი შეადგინა. ამასთან ერთად, „კავკასუს მოტორსმა“ 1 608 306 ლარი მიიღო გამარტივებული შესყიდვების სახით. კომპანიის დირექტორმა მიხეილ ალხანიშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2013 წლის 23 ოქტომბერს 40,000 ლარი გადაურიცხა.
2013-2014 წლებში კომპანია „მოდერნ-ვილამ“, რომლის 25% ზურაბ შუბითიძეს ეკუთვნის, 19 კონკურენტული ტენდერი მოიგო საერთო ღირებულებით 529 956 ლარი. კომპანიის 25% ზურაბ შუბითიძემ 2013 წლის 4 სექტემბერს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ მოძრაობას“ 45 000 ლარი ჩაურიცხა.
„საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენას“ გამგეობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა 2013 წლის 8 ოქტომბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 10 000 ლარი შესწირა. ასოციაციამ 2013-2014 წლებში 232 078 ლარის ღირებულების 21 კონკურენტული ტენდერი და 65 986 ლარის ღირებულების 38 გამარტივებული კონტრაქტი მიიღო.
1. ჩვენ დაგვიკავშირდნენ “გრენას” წარმომადგენლები და შეგვატყობინეს, რომ ამჟამად დავით დარჩიაშვილს აღარ უკავია გამგეობის წევრის თანამდებობა. შესაძლებელია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები არ იყოს განახლებული ორგანიზაციის მიერ, თუმცა კვლევაში მოყვანილი მონაცემები ეფუძნება საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რომელიც 2013 წლის 27 დეკემბრის შემდეგ არ განახლებულა
ამ კვლევის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.