კომუნიკაციების კომისიის წევრობა - მოქმედი კომისიონერების და თანამშრომლების პრივილეგია
ბოლო წლების განმავლობაში კომუნიკაციების კომისიის წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, რამდენად არის გამოცხადებული კონკურსები ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში მიმდინარე დამოუკიდებელი პროცესი. არსებული პრაქტიკა უფრო კონკურსის იმიტაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც შედეგად აკნინებს კომისიის უდაოდ მაღალ როლს და მნიშვნელობას არსებულ პოლიტიზებულ გარემოში, ზრდის მმართველი ხელისუფლების ზეგავლენას უწყებაზე და მოტივაციას უკარგავს პროფესიონალ, დამოუკიდებელ კადრებს მონაწილეობა მიიღონ შერჩევის პროცესში.
კანონმდებლობის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუმცა კომისიის საქმიანობა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი უწყების მიკერძოებული გადაწყვეტილების და სადავო ინიციატივების გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ არის მიმართული.
მორიგი კონკურსი კომუნიკაციების კომისიის ვაკანტური ადგილისთვის
კომუნიკაციების კომისია ახალი კომისიონერის არჩევის მოლოდინშია. დღეისათვის კომისიაში ოთხი წევრია და დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკონკურსო განაცხადი ოთხმა კანდიდატმა შეიტანა: ნინო ქუბინიძემ, ივანე მახარაძემ, მარიამ სულაბერიძემ და ირინე ვერძეულმა. ამ უკანასკნელის გარდა, საბოლოოდ, პარლამენტს პირველი სამი კანდიდატი წარედგინა. შერჩეულ კანდიდატთაგან კომისიის ახალ წევრს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.
რა ვიცით კანდიდატების შესახებ
ივანე მახარაძე - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი თანამშრომელი. 2013 წლიდან აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების/მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის მარეგულირებელში 2007 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი და ზაარლანდის უნივერსიტეტის, ევროპის ინსტიტუტის ევროპის სამართლის სამაგისტრო კურსი.
მოქმედ კომისიონერებთან ერთად ივანე მახარაძის დეპარტამენტი აქტიურად მხარს უჭერდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებულ მთელ რიგ სადავო წინადადებებს თუ კანონმდებლობის განმარტებებს, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის ენის რეგულაციას თუ „მთავარი არხის“ ეთერით გასული სიუჟეტის გამო მაუწყებლის წინააღმდეგ უხამსობის საფუძვლით სადავო დავის დაწყებას, რა დროსაც კომისიამ მართალია „მთავარი არხი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, თუმცა ტელევიზია სამართალდამრღვევად ცნო.
მარიამ სულაბერიძე - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თანამშრომელია. რამდენიმე თვის განმავლობაში „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის პოზიციას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობა შემოღებული იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი სადავო ცვლილებების შემდეგ. საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად შეაფასეს როგორც ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, ასევე ვენეციის კომისიამ.
2012-2020 წლებში მარიამ სულაბერიძე კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი. 2020 წლის ივნისიდან დღემდე იკავებს ა(ა)იპ „ოფენ ნეტის“ დირექტორის პოსტს. „ოფენ ნეტი“ ქვეყანაში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს.
მარიამ სულაბერიძე 2011-2012 წლებში „სილქნეტში“ ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. სამუშაო გამოცდილებებს შორისაა კავშირგაბმულობის სხვა კომპანიებიც, როგორიცაა „გაერთიანებული ტელეკომი“ და „ტელენეტი“. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის/მანჩესტერ მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი ინჟინერ მენეჯერის სპეციალობით. სწავლობდა კავკასიის ბიზნეს სკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო კურსზე.
ნინო ქუბინიძე - „საქართველოს რკინიგზის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ფილიალ „ვორლდ ბიზნეს სოლუშენის“ დირექტორი. 2016-2020 წლებში იკავებდა ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორის თანამდებობას. მისი მმართველობის დროს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტში“ არ განხორციელებულა მთავრობის მიერ დაანონსებული საყოველთაო ინტერნეტიცაზიის მნიშვნელოვანი პროექტი.
სხვადასხვა პერიოდში ნინო ქუბინიძე მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მრჩეველად და იყო სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ თავმჯდომარე. ქუბინიძე „მაგთიკომში“ დამატებითი მომსახურების განყოფილების დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მიღებული აქვს ტელეკომუნიკაციებისა და ელექტრონული ინჟინერიის დოქტორის ხარისხი ლიმერიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტზე.
მოქმედი კომისიონერების და თანამშრომლების წარმატებული კარიერა
ბოლო წლების განმავლობაში კომისიონერად შერჩევისა და არჩევის პროცესში ორი საგანგაშო ტენდენცია იკვეთება, კერძოდ, ესაა დაბალი კონკურსი და მმართველი ძალის მიერ კომისიონერებად მოქმედი თანამშრომლების თუ კომისიონერების არჩევა. ხუთწევრიანი კომისიის ოთხი წევრიდან ორი მოქმედი კომისიონერი და ორიც თანამშრომელია. დღეისათვის პარლამენტში მეხუთე წევრად ასარჩევი წარდგენილი სამი კანდიდატიდანაც ერთი კომისიის მოქმედი და ერთიც ყოფილი თანამშრომელია.
გამოცხადებული კონკურსები დაბალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება. ფაქტია, რომ კომუნიკაციების სფეროში მომუშავე პირებს არ აქვთ განცდა, რომ კომისიის წევრად არჩევა პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი პროცესია და კანდიდატების შერჩევა მხოლოდ პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის საფუძველზე ხდება. აღნიშნული ტენდენცია პრაქტიკულად ახალისებს მოქმედი კომისიონერების/თანამშრომლების უპირობო ლოიალობას მმართველი პოლიტიკური ძალისა თუ მარეგულირებლის ხელმძღვანელობის მიმართ.
კახი ბექაური - 2014 წლიდან კომისიონერი, ხოლო 2017 წლიდან კომისიის თავმჯდომარე. ბექაური კომისიის წევრად მეორედ 2019 წელს აირჩიეს. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სულ ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა და პარლამენტს საბოლოოდ სამი პირი წარედგინა, კერძოდ, მოქმედი კომისიონერი კახი ბექაური, მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი, მარიამ სულაბერიძე. კომისიონერად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადაო ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ერთი და იმავე კომისიონერის ერთზე მეტი ვადით თავმჯდომარედ არჩევის აკრძალვა გაუქმდა. ცვლილები კრიტიკის საგანი გახდა მისი დაუსაბუთებლობის გამო და გამოითქვა ლეგიტიმური ეჭვი, რომ კანონი „კახი ბექაურს მოარგეს“. კომისიონერად არჩევის შემდგომ, კახი ბექაური 2020 წელს კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს.
ვახტანგ აბაშიძე - 2014 წლიდან კომისიონერი, 2014-2017 წლებში კომისიის თავმჯდომარე. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრად მეორედ 2020 წელს აირჩიეს. კონკურსში მონაწილე ექვსი კანდიდატიდან პარლამენტს წარედგინა სამი - მოქმედი კომისიონერი ვახტანგ აბაშიძე, კომისიის აპარატში არსებულ მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი და ერთიც ყოფილი თანამშრომელი. 2000-2004 წლებში ვახტანგ აბაშიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის/თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
მარეგულირებლის ორი ახალი კომისიონერი კი რამდენიმე თვის წინ აირჩიეს. ორივე კომისიის მოქმედი თანამშრომელია - ნათია კუკულაძეს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო ეკატერინე იმედაძეს - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები ეკავათ. მათ ვაკანსიებზეც დაბალი კონკურენცია იყო. ორ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსზე კომისიონერობის სურვილი 12-მა პირმა გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტს 6 კანდიდატი წარედგინა, საიდანაც 5 კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი, 1 კი ყოფილი თანამშრომელი იყო.