ENG

კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა 2014-2019 წლებში: უფლებამოსილებები და განხილული საქმეები

30 აპრილი, 2020

 

2014 წელს საქართველოს კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. სააგენტოს მთავარი მიზანი ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაა. კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს კანონით „კონკურენციის შესახებ“ და სააგენტოს დებულებით.

კონკურენციის სააგენტოში 43 ადამიანი მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2019 წელს სააგენტო ბიუჯეტიდან 2.2 მლნ ლარით დაფინანსდა. 2020 წელსაც 2.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

2014-2019 წლებში სააგენტომ საქონლისა და მომსახურების ბაზრების 25 მოკვლევა დაასრულა. აქედან 14 მოკვლევაში დაფიქსირდა დარღვევა.

14 დარღვევიდან 9 მოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვაზე, რაც ძირითადად ე.წ. „მორგებულ“ სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლინდა. ოთხ შემთხვევაში იყო არაკეთილსინდისიერი კონკურენცია კონკურენტის მხრიდან და ერთ შემთხვევაში გაფორმებული იყო კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება.

სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევების საფუძველი ძირითადად შემოსული საჩივარი იყო, რომლითაც სხვადასხვა კომპანიები მიმართავენ სააგენტოს. საკუთარი ინიციატივით სააგენტომ ხუთ მოკვლევა ჩაატარა.

კონკურენციის სააგენტომ საზოგადოების ყურადღება ძირითადად სამი ბაზრის მონიტორინგის მოკვლევის გარშემო მიიქცია. ერთ-ერთი არის 2018 წელს პურის გაძვირების მიზეზების დადგენა, რომელიც პრემიერ მინისტრმა დაავალა სააგენტოს. მონიტორინგის დაწყებიდან ერთი წელზე მეტი გავიდა და ჯერ სააგენტოს არ დაუდგენია, რამ გამოიწვია ფასის ზრდა და პურის მიმწოდებელი საწარმოებისგან ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

მეორე გახმაურებული საქმე საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა იყო. 2014 წელს კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო, რომლის მიზანიც ფირმებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შესაძლო შეთანხმების დადგენა იყო. 2015 წლის ივლისში სააგენტომ ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მლნ-მდე ლარის ოდენობით დააჯარიმა. კომპანიებმა დაწესებული ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ჯარიმები გააბათილა. საქმე ხელახალი გამოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს დაუბრუნდა. 2018 წელს კონკურენციის სააგენტომ ხელახალი მოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც, კომპანიებს ნაკლები დარღვევა გამოუვლინდათ და დაკისრებული ჯარიმა 55 მლნ-დან 3 მლნ ლარამდე შემცირდა.

მესამე საქმეში კონკურენციის სააგენტოს მხრიდან უცნაურ ქმედებას ჰქონდა ადგილი. 2016 წელს სააგენტომ დაასრულა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ბაზრის მონიტორინგი და გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ თამბაქოს ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობა არ დადასტურდა.  ამავე პერიოდში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ამ ბაზრის ორ მოთამაშეს შორის. სს „თბილისის თამბაქო” კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის უჩიოდა შპს „ფილიპ მორის საქართველოს”. მოსამართლემ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საქმეს დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაურთო. სს „თბილისის თამბაქომ” დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო. მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ გამოითქმოდა ეჭვები შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. საინტერესოა, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით გაუგებარი მიზეზით წაიშალა და დღემდე არ იძებნება.

შესავალი

თავისუფალი და სამართლიანი საბაზრო კონკურენცია ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია. შესაბამისად, საქართველოში მოქმედებს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი ძირითადად კონკურენციის სააგენტოა.

კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) წარმოადგენს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე. 1996 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე თავდაპირველად შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს სამსახური გაუქმდა და 2005-2010 წლებში იგი წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, ხოლო 2010 წელს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იგი ჩამოყალიბდა სსიპ-ად და დაერქვა  თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. 2012 წლიდან მოცემული ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაერთიანდა.

2014 წელს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკურენციის სააგენტო კვლავ დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. ცალკე გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებაა, სადაც კონკურენციის დაცვა მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის განხილული. ამ ცვლილებით გაიყო მანამდე არსებული კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და კვლავ ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და კონკურენციის სააგენტო.

კონკურენციის სააგენტოს საშტატო განრიგი 43 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. 2015-2019 წლებში ეს რაოდენობა არ შეცვლილა.

სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2014 წელს ბიუჯეტიდან სრული წლიური დაფინანსება არ მიუღია, რადგან ცალკე სტრუქტურად აპრილიდან ჩამოყალიბდა. როგორც ცალკე სტრუქტურამ მან ბიუჯეტიდან 510 095 ლარი მიიღო. 2015 წელს სააგენტომ ბიუჯეტიდან 1.9 მლნ ლარი მიიღო, რომელიც მომდევნო წლებში გაიზარდა და 2020 წელს 2.2 მლნ ლარს მიაღწია.

მონაცემთა წყარო: საქართველოს კონკურენციის სააგენტო

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული უწყება უკვე 5 წელია არსებობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს და პერიოდულად ჩნდება გარკვეული ეჭვები და კითხვები ბაზარზე უთანასწორო კონკურენციის პირობებსა და ოლიგოპოლიის ხელოვნურად შექმნის რისკებზე.

სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, მიმოგვეხილა მოცემული უწყების მუშაობა და საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა  უფლებამოსილება გააჩნია კონკურენციის სააგენტოს, რამდენად გამჭვირვალეა მისი საქმიანობა და რა კონკრეტული შემთხვევები აქვს შესწავლილი. კვლევისას გავაანალიზეთ „კონკურენციის შესახებ“ კანონის და სააგენტოს დებულების  შესაბამისი რეგულაციები. სააგენტოს მიერ განხილული საქმეებისა და სტატისტიკის მიმოხილვა ძირითადად, ეყრდნობა ამ უწყების მიერ გამოქყვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშებს და კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას. კომენტარების წარმოედგენისა და თანამშრომლობისთვის სააგენტოს მადლობას ვუხდით.

თავი I. კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები

კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს კანონით „კონკურენციის შესახებ“ და სააგენტოს დებულებით. გარდა ამისა, სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. სააგენტოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის. სააგენტოს დებულება და სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მისი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ.

სააგენტოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავის მე-18 მუხლი. უფლებამოსილებები შეგვიძლია განვიხილოთ ორი მიმართებით:

  • ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით
  • სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით.

პირველის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აწარმოოს საქმის მოკვლევა. საქმის წარმოების პროცესში ის უფლებამოსილია  გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას ან მოსთხოვოს ინფორმაცია მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, ეკონომიკურ აგენტს ან სხვა დაინტერესებულ მხარეს.

დოკუმენტების ან გამოთხოვილი ინფორმაციის  მიუღებლობის შემთხვევაში კი შეუძლია მოკვლევის მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. ამასთან ერთად სააგენტო უფლებამოსილია საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა.

საქმის მოკვლევის ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მოიწვიოს შესაბამისი პირები მათგან ახსნა-განმარტების მისაღებად და მოაწყოს მათთან შეხვედრები. ამასთან ერთად იგი უფლებამოსილია მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი. ასევე, სააგენტოს შეუძლია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი დააკისროს ჯარიმა.

სააგენტოს შეუძლია აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი (აღურიცხავი) ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად, რომლის მიზანიც არის შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმაპირობებელი საბაზრო წილი განსაზღვროს. ამავდროულად, მას შეუძლია, შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას კონკრეტული საწარმოს იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევის ფაქტები.

სააგენტო უფლებამოსილია დარღვევების არსებობის დროს შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე.

რაც შეეხება სააგენტოს უფლებამოსილებებს ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით, ის მოიცავს კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლებას საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით. ამასთან ერთად, სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე.

სააგენტო უფლებამოსილია, სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისათვის სახელმწიფო ორგანოს განსახილველად წარუდგინოს სავალდებულო წინადადებები ან/და რეკომენდაციები. მან შეუძლია, მიმართოს საქართველოს მთავრობას დასკვნით ან რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას.

სააგენტოს ასევე შეუძლია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

1.„კონკურენციის შესახებ“ კანონში მოსალოდნელი ცვლილებები

2019 წლის ივნისში პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები იქნა ინიციირებული, რომელიც პარლამენტში ჯერ არ განხილულა.  ცვლილებების მიზანი კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა, რამაც სააგენტოს მიერ კონკურენციის პოლიტიკის სათანადოდ აღსრულება უნდა უზრუნველყოს. ცვლილებები ძირითადად შემდეგ საკითხებს შეეხება:

  • კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული ყველა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სავალდებულო იქნება კომპანიების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება, რაც დღეს სავალდებულო მხოლოდ მოკვლევის დროს არის;
  • დაიხვეწება სააგენტოს და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა, ნათლად გაიმიჯნება მათი კომპეტენციები;
  • კონცენტრაციების კონტროლის აღსრულების მექანიზმები გაუმჯობესდება;
  • სრულყოფილი გახდება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული საკითხები და სააგენტოს უფლებამოსილებები აღნიშნულ უწყებებთან მიმართებით;
  • იცვლება ამჟამინდელი მდგომარეობა, როცა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას და სააგენტო ახორციელებს მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადგენას. ამასთან, არ არსებობს სანქცია დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორებითობის შემთხვევაში.
  • დღეს სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ პირს. ცვლილების თანახმად, სააგენტოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ამაღლებისთვის, შემოთავაზებულია საკითხის გადაწყვეტის უფლების მქონე ორგანო იყოს კოლეგიური. ასევე, უნდა მოხდეს საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ურთიერთგამიჯვნა.

თავი II. კონკურენციის სააგენტო მიერ გაწეული საქმიანობა

ვინაიდან კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელ სტრუქტურად 2014 წელს ჩამოყალიბდა, მოცემულ წელს დაიწყო ხუთი საქმის მოკლევა და ერთი ბაზრის მონიტორინგი. 2015-2018 წლებში კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა საქონლის და მომსახურების ბაზრის 25 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც 14-ში დააფიქსირა დარღვევა. ყველაზე მეტი მოკვლევა - ათი, სააგენტომ 2015 წელს ჩაატარა, მომდევნო წლებში კი ყოველწლიურად ხუთ მოკვლევას ახორციელებდა.

მონაცემთა წყარო: საქართველოს კონკურენციის სააგენტო

1.2015 წელს განხილული საქმეები

2015 წელს სულ ექვსი მოკვლევა დაიწყო, მათ შორის,  სამი - განცხადების, ერთი - საჩივრის და ორი - საკუთარი ინიციატივის საფუძველზე. დანარჩენი საქმეები 2014 წელს იყო დაწყებული და გადმოვიდა 2015 წელს.

2015 წელს დასრულდა 2014-2015 წლებში დაწყებული 10 სასაქონლო ბაზრის მოკვლევა:

  • ოთხი მოკვლევა: დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება - არ დადასტურდა დარღვევის არც ერთი ფაქტი.
  • სამი მოკვლევა: კონკურენციის შეზღუდული ხელშეკრულება (კარტელი) - გამოვლინდა დარღვევის 1 ფაქტი.
  • სამი მოკვლევა: სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა - დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა სამივე შემთხვევაში.

1.1.  განცხადების საფუძველზე განხილული საქმეები

1.1.1. სს „ჯანმრთელობას“ განცხადების საფუძველზე განხორციელებული წყალტუბოს თერმული წყლების ბაზრის მოკვლევა (2015 წლის 4 მარტის №31 ბრძანება)

დავის საგანი: წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტი.

გადაწყვეტილება: დარღვევა არ დადასტურდა.

1.1.2. „ჯორჯიანტრანს ექსპედიციაფოთი“-ს განცხადების საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა (2015 წლის 30 მარტის №40 ბრძანება)

დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის მიერ ქ. ფოთში საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო მომსახურების ბაზარზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ მუხლის სავარაუდო დარღვევა.

გადაწყვეტილება: დადგინდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან განმცხადებლის მიმართ კონკურენციის შემზღუდველი ქმედების განხორციელების ფაქტი, კერძოდ:

  • შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთი“-ს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
  • საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო მომსახურების ბაზარზე უპირატესობის მინიჭება და მონოპოლიური მდგომარეობის შექმნა შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალი“-სთვის

1.1.3. შპს „ოპტიმალგრუპ+“-ის განცხადების საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა (2015 წლის 22 აპრილის №45 ბრძანება)

დავის საგანი: სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთა მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ მუხლის სავარაუდო დარღვევა.

გადაწყვეტილება: დადგინდა საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის პირობად მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიერ შედგენილი შესაბამისობის დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნის შედეგად დაირღვა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონი, კერძოდ კი, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას

1.1.4. შპს ,,ინტერტექნიკსი“-ს განცხადების საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა (2015 წლის 7 აგვისტოს №113 ბრძანება)

დავის საგანი: სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან  სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ მუხლის სავარაუდო დარღვევა.

გადაწყვეტილება: დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციების, კერძოდ - აბაშის, ასპინძის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს მხრიდან კონკურენციის კანონის დარღვევის ფაქტი, კერძოდ კი, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.1.5. პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგრო“-ს განცხადების საფუძველზე განხორციელებული მოკვლევა (2015 წლის 12 ოქტომბრის №148 ბრძანება

დავის საგანი: შპს „აგროსისტემები“-ს, შპს „კარმენი -k”-სა და შპს „კარმენი“-ს (ურთიერთდამოკიდებულ პირები) მიერ დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება.

გადაწყვეტილება: დარღვევა არ დადასტურდა.

1.1.6. ა(ა)იპ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ განცხადების საფუძველზე საავტომობილო გაზის ბაზარზე განხორციელებული მოკვლევა (2015 წლის 30 ოქტომბრის №162 ბრძანება)

დავის საგანი: საავტომობილო გაზის რეალიზატორი კომპანიების სავარაუდო შეთანხმების საფუძველზე საავტომობილო გაზის საცალო ფასის დადგენის შედეგად კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების შესახებ მუხლის შესაძლო დარღვევა.

მოკვლევის შედეგი: დარღვევა არ დადასტურდა.

1.2. სააგენტოს ინიციატივით განხილული საქმეები

1.2.1. ნავთობ პროდუქტების სასაქონლო ბაზრის მოკვლევა

კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნავთი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა. მოკვლევის პროცესში ნავთობპროდუქტების ბაზრიდან გამოიყო ორი შესაბამისი ბაზარი:

 ა) საავტომობილო საწვავის სასაქონლო ბაზარი ბ) საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარი.

1.2.1.1. საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა (2015 წლის 14 ივლისის №81 ბრძანება)

დადგინდა: ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევა. კერძოდ: შესყიდვების ან გაყიდვის ფასების, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირი ან არაპირდაპირი დადგენა. წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა. ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება.

1.2.1.2. საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზრის მოკვლევა (2015 წლის 11 სექტემბრის №131 ბრძანება)

მოკვლევის შედეგი: დარღვევა არ დადასტურდა.

1.2.2. შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და  საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (2015 წლის 30 დეკემბრის №202 ბრძანება)

მოკვლევის შედეგები: დარღვევა არ დადასტურდა.

2.2016 წელს განხილული საქმეები

2016 წელს კონკურენციის სააგენტომ დაასრულა ხუთი საქონლის/მომსახურების ბაზრის მოკვლევა. მათ შორის, ორი მოკვლევა დაწყებული იყო 2015 წელს, ხოლო სამი დაიწყო და დასრულდა 2016 წელს.

დასრულებული ხუთი მოკვლევიდან:

  • ერთი განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით;
  • ორი - სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე;
  • ორი - განცხადების საფუძველზე.

სააგენტოს გადაწყვეტილებების მიხედვით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა დადასტურდა ხუთიდან ორ შემთხვევაში.

2016 წელს სააგენტომ დაასრულა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ბაზრის მონიტორინგი და გამოქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევა.

ამავე პერიოდში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ამ ბაზრის ორ მოთამაშეს შორის. სს „თბილისის თამბაქო” კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის უჩიოდა შპს „ფილიპ მორის საქართველოს”. მოსამართლემ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საქმეს დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაურთო. სს „თბილისის თამბაქომ” დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო. მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ გამოითქმოდა ეჭვები შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. საინტერესოა, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით გაუგებარი მიზეზით წაიშალა და დღემდე არ იძებნება.

2.1. საჩივრის საფუძველზე განხილული საქმეები

2.1.1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხის მოკვლევა

დავის საგანი:  სს „თბილისის თამბაქოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტი.

გადაწყვეტილება: სააგენტოს პოზიციით, შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას იმ ეკონომიკური აგენტის მიერ, რომელსაც აღნიშნული დომინირებული მდგომარეობა არ გააჩნია. შესაბამისად, სს ,,თბილისის თამბაქოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.

2.1.2. სამედიცინო მომსახურების სფეროში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტის მოკვლევა

დავის საგანი: საკითხი შეეხებოდა შპს „სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

გადაწყვეტილება: კანონის დარღვევა დადასტურდა.

2.2. განცხადების საფუძველზე განხილული საქმეები

2.2.1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტის მოკვლევა

დავის საგანი: სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის: სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი. განმცხადებლის პოზიციით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან ხდებოდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების კონკურენციის შეზღუდვის კუთხით ინტერპრეტაცია. კერძოდ, მითითებული იყო, რომ რეგულირების სააგენტო მიზანმიმართულად ზღუდავდა სამედიცინო პრეპარატების ,,პარალელურ იმპორტს“, ანუ განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანას ქვეყანაში.

გადაწყვეტილება: კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოკვლევის პროცესში არ გამოიკვეთა რაიმე ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ რეგულირების სააგენტომ მიზანმიმართულად შეზღუდა პარალელური იმპორტი, როგორც ეკონომიკური აგენტების მხრიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედების/ ოპერირების ფორმა. თუმცა, ამ მოკვლევის ფარგლებში, ერთ კონკრეტულ ქმედებაზე დადგინდა დარღვევა. 

2.2.2. სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ განცხადების საფუძველზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: ,,საქართველოს ფოსტის“, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ და ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერებში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის: სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი. განმცხადებლის მითითებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის წაყენებული მაღალკვალიფიციური მოთხოვნები - კომპანიების გამოცდილებას, მოზიდული / გამომუშავებული პრემიის მოცულობასა და პროვაიდერი კლინიკების რაოდენობასთან დაკავშირებით, შემსყიდველების მხრიდან წარმოადგენდა დისკრიმინაციულ მიდგომას და იწვევდა პოტენციურ კონკურენტთა რიცხვის საგრძნობლად შემცირებას, რაც ასევე დადასტურდა მოკვლევის პროცესში.

გადაწყვეტილება: სააგენტომ დაადგინა, რომ „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ არ წარმოადგენენ კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის სუბიექტებს; შესაბამისად, მათ მიერ კანონდარღვევის ჩადენა ვერ დაფიქსირდა. თუმცა, სააგენტომ განმარტა, რომ სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის საწინააღმდეგო პირობების დადგენა კონკურენციის სააგენტოს მიერ განიხილება, როგორც მე-10 მუხლის (სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა) დარღვევა.

2.3. სააგენტოს ინიციატივით განხილული საქმეები

2.3.1. ხორბლის ფქვილის ბაზარზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგროს“ წევრების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის: კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების შესახებ მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი.

გადაწყვეტილება: სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2013 წლის შემდგომ ხორბლის ფქვილის ბაზრის გახსნილობა, ბაზარზე ახალი, ძლიერი კომპანიების შემოსვლა, სარეალიზაციო ფასების კუთხით აქტიური მეტოქეობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ბაზარზე არის კონკურენტული გარემო და არ არსებობს მტკიცებულებები „გლობალაგროს“ წევრ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად.

3.2017 წელს განხილული საქმეები

2017 წელს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხუთი საქონლის/მომსახურების ბაზრის მოკვლევა დაასრულა, მათ შორის:

  • ერთი დაწყებულ იქნა სააგენტოს ინიციატივით;
  • ოთხი დაწყებულ იქნა სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე.

სააგენტოს გადაწყვეტილებების მიხედვით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა დადასტურდა ხუთიდან ორ შემთხვევაში.

3.1. საჩივრის საფუძველზე განხილული საქმეები

3.1.1. ფოთის პორტის საქმეზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ (შემდეგში - ფოთის პორტი) მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევა. საჩივარი შეეხებოდა ფოთის პორტის მიერ გამოცემულ, 2016 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელ ბრძანებას, რომელიც გულისხმობდა ფოთის პორტის მხრიდან საზღვაო ტვირთის (კონტეინერის) გემიდან სატრანსპორტო საშუალებაში გადმოტვირთვის, პორტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობების მომსახურებებზე ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის დაწესებას.

გადაწყვეტილება: სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა, რომ დაგეგმილი სახით კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება გამოიწვევდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ (წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა) და ,,დ“ (ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც გარიგების მეორე მხარეს ისეთ დამატებით ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.) ქვეპუნქტების დარღვევას. თუმცა, განხილულ შემთხვევაში, არ დადასტურდა ფოთის პორტის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ვინაიდან კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება არ მომხდარა.

3.1.2.  ,,აიტექნიკის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა

დავის საგანი: კომპანია ,,Apple Inc.“-ის პროდუქციის (მობილური ტელეფონები - iPhone, MacBook და მათი აქსესუარები) რეალიზაციის განმახორციელებელი 3 (სამი) ეკონომიკური აგენტის - შპს ,,აიპლუსის“, შპს ,,ეფლ სითისა“ და შპს ,,აისტაილის“ მხრიდან - ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და 11³ მუხლების (არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტი.

გადაწყვეტილება: მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი არ გამოიკვეთა, ვინაიდან მათი  საბაზრო ქცევის პარალელიზმისთვის რეალურად არსებობდა ლოგიკური ეკონომიკური მიზეზები და ასევე, საქმეში არ მოიპოვებოდა და არც მომჩივან მხარეს წარმოუდგენია მოპასუხეთა შორის რაიმე შეთანხმების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება. რაც შეეხება 11³ მუხლს, სააგენტომ დაადგინა, საქმეში განხილული რამდენიმე ეპიზოდიდან ერთ-ერთში.

3.1.3. სადაზღვევო კომპანია უნისონის საჩივრის საფუძველზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: სახელმწიფო შესყიდვების წესით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნის შეუსაბამობას კონკურენციის კანონის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ადგილი შეიძლებოდა ჰქონოდა „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის (სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა) სავარაუდო დარღვევას.

გადაწყვეტილება: სააგენტომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, საბანკო გარანტიების გაცემის უფლება აქვთ როგორც ბანკებს, ისე სადაზღვევო კომპანიებს. შესაბამისად, მოპასუხე სუბიექტების მიერ გამოცხადებულ განსახილველ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა ზღუდავს კონკურენციას და წარმოადგენს კანონის მე-10 მუხლის დარღვევას.

3.1.4. ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობაზე წარმოებული მოკვლევა

დავის საგანი: მომჩივანი მიუთითებდა, აუქციონის ჩატარების გარეშე, მისი კონკურენტისათვის ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადის გაგრძელებაზე და აღნიშნული ქმედების კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე, რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა  ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის (სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა) სავარაუდო დარღვევას.

გადაწყვეტილება: სააგენტომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით,  გაცემულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საშუალებას შესაბამისი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ამდენად, ხსენებული ქმედება არ მოექცა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში და ამან გამოიწვია ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას) დარღვევის გზით.

3.2. სააგენტოს ინიციატივით განხილული საქმეები

3.2.1. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზარზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: შპს „ვი ქომის“ (შპს „ბ&ბ“), შპს „ნიშის“, შპს „თაიმსერვისის“ და შპს „მაიჯიპიესის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. მოკვლევა ასევე შეეხებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის (სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტს. მოკვლევას საფუძვლად დაედო სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გადმოგზავნილი ინფორმაცია და შესაბამისი აუდიტის ანგარიში.

გადაწყვეტილება: სააგენტომ 2017 წლის 23 ივნისის ბრძანებით დაადგინა, რომ არ გამოიკვეთა მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობისა და შესაბამისად, მათ მიერ კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ასევე, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „მაიჯიპიესს“ შეეზღუდა ტენდერში მონაწილოების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება) დარღვევას.

4.2018 წელს განხილული საქმეები

2018 წელს კონკურენციის სააგენტომ ხუთი სასაქონლო/მომსახურების ბაზრის მოკვლევა დაასრულა.

დასრულებული ხუთი მოკვლევიდან:

  • ერთი დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად;
  • ოთხი სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე.

სააგენტოს გადაწყვეტილებების მიხედვით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა დადასტურდა ხუთიდან ოთხ შემთხვევაში.

4.1. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული მოკვლევა

4.1.1. საავტომობილო საწვავის ბაზარზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის ბრძანება და საქმე სააგენტოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

გადაწყვეტილება: უცვლელად დარჩა სააგენტოს თავდაპირველი გადაწყვეტილება, ფრენშაიზინგის / ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად, ფასების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში, რომლითაც დადგენილი იყო შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ და მათი პარტნიორი კომპანიების მხრიდან კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას. ასევე, დადგინდა 5 კომპანიის („სოკარი“, ლუკოილი, „რომპეტროლი“, „გალფი“ და „ვისოლი“) მიერ კანონის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევაც (ბაზრის გადანაწილება ბაზრის დონეების (იმპორტი/საბითუმო/საცალო) მიხედვით.

4.2. წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე

4.2.1.. შპს „დიზაინ ჰაუსის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა

დავის საგანი: საკითხი შეეხებოდა კანონის მე-11³ მუხლის, რაც ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვას, მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტს, მოპასუხეების - შპს „დიმპლექს ჯორჯიასა“ და შპს „დნას“ მხრიდან. საჩივრის თანახმად, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებდნენ შპს „დიზაინ ჰაუსის“ საწინააღმდეგო განცხადებებს, მომხმარებლებს მოუწოდებდნენ, არ შეეძინათ კომპანიის კუთვნილი პროდუქცია და ახდენდნენ როგორც კომპანიის, ასევე დირექტორის სახელისა და რეპუტაციის შელახვას.

გადაწყვეტილება: აღნიშნული ქმედება სააგენტომ მიიჩნია კონკურენტის რეპუტაციის შემლახველ ქმედებად, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს კანონის მე-11³ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევას.

4.2.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ბაზარზე წარმოებული მოკვლევა - შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის საფუძველზე

დავის საგანი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ბაზარზე, შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, შპს „ჯი-თი მოტორსისა“ და სს „ფრანს ავტოს“ მხრიდან მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებასა და შეთანხმებულ ქმედებას.

გადაწყვეტილება: კანონის დარღვევა დადასტურდა.

4.2.3. სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ საჩივრის საფუძველზე განხორციელებული მოკვლევა

დავის საგანი: სახელმწიფო შესყიდვების წესით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნის შეუსაბამობა კონკურენციის კანონის მოთხოვნებთან.

გადაწყვეტილება: სააგენტომ დაადგინა, რომ მოპასუხე სუბიექტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნა ზღუდავს კონკურენციას და წარმოადგენს კანონის მე-10 მუხლის დარღვევას, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას.

4.2.4.  შპს „დაზგას“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა

დავის საგანი: შპს „სოლვეის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს, რაც ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვას.

გადაწყვეტილება: სააგენტომ დაადგინა მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონის მე-11³ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემას (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის საშუალებით), რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისაკენ უბიძგებს.

5.სააგენტოს გახმაურებული საქმეები

როდესაც ვსაუბრობთ სააგენტოს საქმიანობაზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გახმაურებული და საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებული საქმეები. ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს პურის ფასის ზრდის მიზეზების დადგენა. 2018 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს პურის ფასის მომატების მიზეზების დადგენა დაავალა. ეს გამოიწვია იმან, რომ პურის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით მოიმატა. პრემიერის თქმით, ეს შეიძლება, დაკავშირებული ყოფილიყო არასამართლიან კონკურენციასთან, თუმცა უკვე ერთ წელზე მეტია, სააგენტომ ვერ დაადგინა, რის გამო გაძვირდა საქართველოში პური გასული წლის დეკემბერში. მიმდინარე წლის ივლისში სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს პურისა და ხორბლის ბაზრის მონიტორინგი და ინფორმაციის დამუშავება, თუმცა ფაქტია, დღემდე შედეგი არ არის.

მეორე გახმაურებული საქმე არის ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა. 2014 წელს 12 ნოემბერს კონკურენციის სააგენტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო, რომლის მიზანიც ფირმებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შესაძლო შეთანხმების დადგენა იყო. სააგენტომ შეაფასა კომპანიების ქმედებები 2015 წლის ივლისამდე (გადაწყვეტილების გამოტანამდე) სამწლიანი პერიოდის განმავლობაში. ასევე, სააგენტომ მოიძია და დაამუშავა 2004-2015 წლებში ბაზარზე არსებული მდგომარეობა, რაც ბაზრის დინამიკაზე დაკვირვების მიზანს ემსახურებოდა.

სააგენტომ შესაბამისი ბაზრის კვლევა 2004-2015 წლების პერიოდის მონაცემების შესწავლის გზით განახორციელა, ხოლო უფრო დეტალურად 2008-2014 წლებში მიმდინარე პროცესები განიხილა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის №81 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საავტომობილო საწვავის შესაბამისი ბაზრის მოკვლევის დასრულების შესახებ.

სააგენტოს ცნობით, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს - შპს „ლუკოილ ჯორჯიას”, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას”, შპს „რომპეტროლ საქართველოს”, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“, შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას”, შპს „ბინული 1-ს“, შპს „ი თი აის“ და შპს „L ოილს“ ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, დაეკისრათ ჯარიმა - ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით. ამასთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის დარღვევისათვის 200 ლარიანი ჯარიმები დაეკისრა - შპს „ლუკოილ ჯორჯიას” და შპს „რომპეტროლ საქართველოსთან” ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად მომუშავე 23 ეკონომიკურ აგენტს.

ზემოთ აღნიშნული მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტები გულისხმობს შემდეგ დარღვევებს:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);

ბ) წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;

გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებული სანქციები დაჯარიმებული კომპანიების უმრავლესობამ გაასაჩივრა.

2016 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად არ დააკმაყოფილა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ სარჩელი და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ 14.4 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული შპს „ლუკოილ ჯორჯიას” სარჩელი კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ. ნავთობკომპანიებმა დავა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გააგრძელეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილებულ იქნა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის“ დაკისრებული ჯარიმა სასამართლომ ბათილად სცნო. საქმე ხელახალი გამოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს დაუბრუნდა. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.   უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვლეული არ არის, რაც ადმინისტრაციული ორგანოს (კონკურენციის სააგენტოს)  ფუნქციაა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანებით, სააგენტომ საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, საქმის მოკვლევა დაიწყო. 2018 წლის მაისში კი კონკურენციის სააგენტომ ხელახალი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის”, შპს „რომპეტროლ საქართველოს”, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას”, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „ლუკოილ ჯორჯიას” მიერ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. სააგენტოს განცხადებით, ჩამოთვლილ ეკონომიკურ აგენტებს ჯამში 3 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ. შესაბამისად, 55 მლნ ლარის ჯამური ჯარიმა შემცირდა 3 მლნ-მდე.

მესამე საქმეში კონკურენციის სააგენტოს მხრიდან უცნაურ ქმედებას ჰქონდა ადგილი. 2016 წელს სააგენტომ დაასრულა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ბაზრის მონიტორინგი და გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ თამბაქოს ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობა არ დადასტურდა. 

ამავე პერიოდში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ამ ბაზრის ორ მოთამაშეს შორის. სს „თბილისის თამბაქო” კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის უჩიოდა შპს „ფილიპ მორის საქართველოს”. მოსამართლემ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საქმეს დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაურთო. სს „თბილისის თამბაქომ” დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო. მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ გამოითქმოდა ეჭვები შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. საინტერესოა, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით გაუგებარი მიზეზით წაიშალა და დღემდე არ იძებნება.